პროფესიული მარცხის ისტორიები — Fuckup Nights Tbilisi 3 წლისაა
დღეს, 29 აპრილს, 17:00 საათზე, სასტუმრო “სტამბის” Lobby Space-ში Fuckup Nights Tbilisi-ის ოცდამეორე ღონისძიება გაიმართება, სადაც მოწვეული სპიკერები პროფესიული მარცხის ისტორიებს მოგვიყვებიან.
ღონისძიება ძველებურად საინტერესო და ამავდროულად, განსაკუთრებულიც იქნება, რადგან მოძრაობას საქართველოში საიუბილეო, მესამე წელი უსრულდება.
რა არის Fuckup Nights?
ეს გლობალური მოძრაობაა, რომელიც 2012 წელს მექსიკაში დაიწყო – ამ ღონისძიებების სერიის ფარგლებში კი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები პროფესიული მარცხის ისტორიებს გვიყვებიან.
„გვეამაყება ის შედეგები, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში მივაღწიეთ, რადგან ვუმასპინძლეთ 20 ფიზიკურ და 7 ონლაინ ღონისძიებას, მოვუსმინეთ 100-ზე მეტი წარმატებული ადამიანის პროფესიული მარცხის ისტორიას, საერთო ჯამში დამსწრეთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები AT.ge-სთან საუბრისას.
სპიკერები / ვის მოვუსმენთ?
გურამ ცანავა
Georgian Outlets & Resorts Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ანტრეპრენერი, ინვესტორი და სტენფორდის მსოფლიო ელჩი – გუგას სტარტაპების მართვისა და დიდი ჰოლდინგური კომპანიების მართვის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.
აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველი ბიზნესმენი იყო, რომლის ინტერვიუც “სტენფორდ ბიზნეს რევიუში“ გამოქვეყნდა.
გიორგი მიქაია
გიორგი ფეხსაცმელების ბრენდის, CROSTY-ის დამფუძნებელია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია, რაც დიზაინზე მუშაობს.
სალომე ჯაფიაშვილი
სალომე კიდევ ერთი საინტერესო სპიკერია, რომელიც პროფესიით სინქრონისტი თარჯიმანია.
ამბობს, რომ თარგმნის ყველას და ყველაფერს, რაც გზად შეხვდება. სალომემ უკვე 4 რომანი თარგმნა ქართულ ენაზე. წარსულში კი (5 წლის განმავლობაში) ეკონომისტადაც მუშაობდა.
მარტა გავანიასი
მარტა Fuckup Inc.-ის კორპორაციული კლიენტების მომსახურების მენეჯერია. რამდენიმე წლის განმავლობაში იურიდიულ მრჩევლად მუშაობდა, ხოლო მოგვიანებით ტურიზმსა და ღონისძიებების ინდუსტრიაში გადაინაცვლა.
დღეს ის Fuckup Nights Mallorca-ს ადგილობრივ მოძრაობას ხელმძღვანელობს.
ღონისძიების მოდერატორი ბიზნესკონსულტანტი და თავისუფალი ბზრის ადვოკატი პაატა შურღაია იქნება.
აღსანიშნავია, რომ Fuckup Nights მოძრაობა უკვე 90 ქვეყნის, 320 სხვადასხვა ქალაქში მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოშიც.