ფეხსაცმლის ქართული ბრენდები მრავალფეროვანი კოლექციებით
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
ქართული წარმოების პროდუქცია სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. ადგილობრივ ბაზარზე ჩნდებიან ბრენდები, რომლებიც განსხვავებული კატეგორიის პროდუქციას გვთავაზობენ.
At.ge-ის მკითხველს ამჯერად რამდენიმე გამორჩეულ ქართულ ბრენდს გავაცნობთ, რომლებიც ფეხსაცმლის განსხვავებულ კოლექციებს ქმნიან. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული დანიშნულებისა და შესაბამისად, დიდი მოთხოვნის პარალელურად, ფეხსაცმელების წარმოება ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულებაა, რადგან დახვეწილ ვიზუალთან ერთად, ის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტის ხარისხით უნდა გამოირჩეოდეს.
Usuli/უსული
“უსული” ძველი ქართული სიტყვაა, რომელიც ლამაზს ნიშნავს. სწორედ ეს სიტყვა იქცა ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ახალი ბრენდის სახელწოდებად. “უსული” ფეხსაცმელების მწარმოებელი სტარტაპია, რომელიც ამ ინდუსტრიაში ეკომეგობრული წარმოებით ჩაერთო.
ბრენდი ფეხსაცმელებს ქმნის მეორეული ნაჭრებისა და ტყავის ნარჩენების, ასევე ქსოვილისაგან დამზადებული ძველი ნივთების შეგროვებით და მათი გადამუშავებით. შედეგად, აწარმოებენ პროდუქციას, რომელიც ესთეტიკურ და პრაქტიკულ ღირებულებასთან ერთად, გარემოს დაცვასაც ითვალისწინებს. .
გამოყენებული მასალის ნარჩენების გადამუშავება და საბოლოო შედეგის მიღება კომპლექსური პროცესია. მოდელი ხელით იკერება, სწორედ ამიტომ, თითოეული ფეხსაცმელი უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. “უსული” სულ რამდენიმე თვეა არსებობს, თუმცა, თავისი კონცეფციით, გარემოზე ზრუნვის მაგალითით, ხარისხითა და გამორჩეული დიზაინით, მომხმარებლის გული უკვე მოიგო.
ამ ეტაპზე კოლექციები წინასწარ განსაზღვრული სიხშირით არ იქმნება. ბრენდმა მარტში საგაზაფხულო მოდელებია გამოუშვა. ეკომეგობრული პროდუქცია შესრულებულია სუფრის მასალით. რაც შეეხება ვიზუალს – ისინი მხატვარმა ქალებმა ხელით მოხატეს. შესაბამისად, დიზაინი უნიკალურია და არ მეორდება.
გარდა საგაზაფხულო მოდელებისა, წარმოდგენილია ორიგინალური დიზაინის საზაფხულო სანდლები, რომლებიც ასევე ძველი ჰალსტუხების გადამუშავების შედეგად შეიკერა.“უსულის” ფერადი, ეკომეგობრული ფეხსაცმელების დათვალიერება და შეძენა ბრენდის Facebook-ისა და Instagram-ის საშუალებითაა შესაძლებელი.
Crosty
“ქროსთის” ქართველი მომხმარებლის უმეტესობა კარგად იცნობს, ეს არის სპორტული ფეხსაცმლის პირველი ქართული ბრენდი, რომელიც დამახასიათებელი დიზაინის გარდა, იდეური დატვირთვითაც გამოირჩევა. თავისუფლება – სწორედ ეს არის იდეა, რომლის მნიშვნელობა ბრენდის მიერ შექმნილი დიზაინის განუყოფელ ნაწილად იქცა.
არამასობრივ წარმოებასა და უმაღლეს ხარისხზე ორიენტირებული ბრენდი ლევან გიორგაძემ და ძმებმა გიორგი და შოთა მიქაიებმა დააფუძნეს. ბრენდმა არამხოლოდ ქართველი, არამედ საერთაშორისო მომხმარებლის ყურადღებაც მიიპყრო. უფრო მეტიც, 2019 წელს საერთაშორისო ბიზნესმედიამ, კერძოდ, Forbes-ის ამერიკულმა გამოცემამ Crosty-ის ვრცელი სტატია მიუძღვნა.
რაც შეეხება ვიზუალს, უმაღლესი ხარისხის ტყავისაგან დამზადებული სპორტული ფეხსაცმელების ყველა მოდელის დიზაინი კონცეპტუალურ დეტალს მოიცავს – ეს არის პატარა წარწერები, რომლებიც თავისი მნიშვნელობით ყოველდღიური გამოყენების ნივთს შინაარსს და სიცოცხლისუნარიანობას სძენს. მოდელებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია ბრენდის სავიზიტო ბარათად ქცეული დახვეწილი და სადა დიზაინის სნიკერები, რომლებზეც სიტყვა “თავისუფლებაა” ამოტვიფრული.
აღნიშნული მოდელი სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი. რაც შეეხება “ქროსთის” პროდუქციას, მისი შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიებსა და სადემონსტაციო დარბაზებში. ბრენდის მოდელები წარმოდგენილია ღვინის ქარხანაში მდებარე კონცეპტუალურ მაღაზია Ieri Store-ში. სასურველი ფეხსაცმლის შეძენა შესაძლებელია ასევე ბრენდის ვებ-გვერდის, ფეისბუქისა და ინსტაგრამის მეშვეობით.
Parker Georgia
Parker Georgia ქართული პროდუქციის მოყვარული მომხმარებლისათვის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი ბრენდია, რომელიც 2017 წელს დაარსდა. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მისი შექმნის მთავარი წინაპირობა ქართულ ბაზარზე ხარისხიანი, თუმცა, ამავდროულად, ხელმისაწვდომი ფასისას, სადა და ორიგინალური დიზაინით შექმნილი სანდლების არჩევანის სიმწირე იყო.
რამდენადაც მოთხოვნა დიდი იყო, ბრენდის შექმნისათვისაც საუკეთესო დრო აღმოჩნდა და ასე გაჩნდა – Parker Georgia. ბრენდმა ფერადი სანდლებით იმდენად შეაყვარა მომხმარებელს თავი, რომ დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, არ გაჩერებულიყვნენ და ოთხივე სეზონისთვის სხვადასხვა კოლექცია შეექმნათ.
ფეხსაცმელი 100%-იანი ნატურალური მასალისგან მზადდება. კოლექციები სეზონურად ახლდება და აერთიანებს როგორც ზამშის, ასევე ტყავის მოდელებს. Parker Georgia-ს პროდუქციის შეძენა შესაძლებელია უშუალოდ ბრენდის ფილიალში – ირაკლი აბაშიძის 22 ნომერში. ასევე, ბრენდი აქტიურად იყენებს სოციალურ პლატფორმებს – ინსტაგრამს, ფეისბუქს და ვებგვერდს, რომელიც როგორც ძველ, ისე ახალ, ე.წ. Online Exclusive კოლექციას ერთ სივრცეში აერთიანებს.
Tavrieli
Tavrieli ქართულ ბაზარზე დაახლოებით ორი წლის წინ გამოჩნდა. ბრენდმა თავიდანვე გამოკვეთილი ნიშა დაიკავა – მომხმარებელს ტყავისა და ხის კომბინაციით შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარები შესთავაზა. Tavrieli-ის ერთ-ერთი პოპულარული ხაზი მაღალი ხარისხის ნატურალური მასალისაგან დამზადებული ფეხსაცმელებია. წარმოდგენილი პროდუქცია სხვადასხვა მოდელის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.
კოლექციები აერთიანებს ისეთ ცნობილ მოდელებს, როგორებიცაა ლოფერები, ვინტაჟური სტილის საკულტო Mary Janes და ასე შემდეგ. ასევე აღსანიშნავია გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონისათვის განკუთვნილი Lolita – სადა დიზაინის ფეხსაცმელი შემაღლებული ქუსლით, რომელიც ბრენდის მომხმარებლის ერთ-ერთი რჩეული აღმოჩნდა.
როგორც “თავრიელის” წარმომადგენლები აღნიშნავენ, შემოქმედებითი გუნდი მუდამ სიახლეზეა ორიენტირებული. ეს არამხოლოდ ახალი მოდელების წარმოებაში, არამედ უკვე არსებული და პოპულარული სტილის დიზაინის ორიგინალური ინტერპრეტაციის შეთავაზებაში გამოიხატება. “თავრიელის” პროდუქციის დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია როგორც ბრენდის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ასევე ინსტაგრამის მეშვეობით.
რაც შეეხება ფიზიკურ მაღაზიებსა და სტენდებს, Tavrieli-ის პროდუქციას სავაჭრო ცენტრ “გალერეა თბილისში” აღმოაჩენთ. გარდა თბილისისა, ბრენდის კოლექციები წარმოდგენილია “ბათუმი მოლის” სივრცეში.
GVASALIA
ბრენდი 2013 წელს დიზაინერმა მარიამ გვასალიამ დააარსა. 2018 წლიდან კი GVASALIA მომხმარებლებს კონკრეტულად ფეხსაცმლის კოლექციებს სთავაზობს. როგორც ბრენდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ხარისხი უპირველესი პრიორიტეტია, ეს კი ფეხსაცმლის წარმოებისას საკმაოდ საპასუხისმგებლო გამოწვევაა.
აღსანიშნავია დიზაინიც, რომელშიც ბრენდის ხელწერა თვალსაჩინო და ამავდროულად, საკმაოდ მრავალფეროვანიცაა. Gvasalia მომხმარებელს ახალ კოლექციებს წელიწადში ორჯერ სთავაზობს. თითოეული მოდელი ხელნაკეთია – ფეხსაცმელები ნატურალური ტყავისაგან, ხის ქუსლისა და რეზინის ძირისაგან მზადდება. ზაფხულის კოლექციებში გამოყენებულია ასევე ბამბის ქსოვილი.
როგორც უკვე ვახსენეთ, კოლექციებს ბრენდის გამოკვეთილი ესთეტიკური კონცეფცია აერთიანებს. უფრო კონკრეტულად, ეს არის დამახასიათებელი დეტალი – რთული გეომეტრიული ფორმის ქუსლი. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი, Gvasalia-ს მთავარი ხაზი ე.წ. Cowboy-ის სტილის ფეხსაცმელია. მომხმარებელს სასურველი მოდელის შერჩევა და შეძენა სოციალური ქსელის არხების – facebook-ისა და instagram-ის მეშვეობით შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ბრენდს პროდუქცია ექსპორტზეც გააქვს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში, მათ შორის – ამერიკაში.
Lovestars
Lovestars კიდევ ერთი ქართული ბრენდია, რომელიც 2019 წლიდან მომხმარებელს სადა, თუმცა ორიგინალური და ავთენტური სტილის მოდელებს სთავაზობს. ფეხსაცმლის სხვადასხვა მოდელი იქმნება ნატურალური ტყავით, ხავერდით და ქსოვილით, რომელზეც სპეციალურად ამ დიზაინისათვის შექმნილი ილუსტრაციაა დატანილი. ზოგიერთ ფეხსაცმელზე კი თავად ბრენდის ლოგოებსაც შეხვდებით, რომელიც ორიგინალური და ვიზუალურად ეფექტური ფორმითაა შესრულებული.
ბრენდის წარმოებულ ფეხსაცმელებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია მოდელი Mary Jane, რომელიც ასევე სხვადასხვა ავთენტური პრინტით არის გაფორმებული. ამ გზით მომხმარებელს შეუძლია კოლექციიდან შეარჩიოს ის დიზაინი, რომელიც მის ხასიათს, ინტერესებსა და გემოვნებას ყველაზე კარგად გამოხატავს.
Lovestar კოლექციებს სეზონურად უშვებს და ყოველთვის ახალი დეტალები შეაქვს უკვე ნაცნობ და მომხმარებლისათვის საყვარელ სხვადასხვა დიზაინში. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ბრენდის მაღაზიაში, რომელიც დიმიტრი ბაქრაძის #22 ში მდებარეობს, ასევე Instagram-ისა და facebook-ის გვერდების მეშვეობით.
Le Mocassin Zippe
დიზაინერ ქეთევან მაისაიას ფეხსაცმლის ბრენდი მაღალი ხარისხით, მოხერხებული და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. მაისაიას შემოქმედებითი მოღვაწეობა მოდის სახლ Hermès-ში, Maison Margiela-სა და Loewe-ში მუშაობის გამოცდილებას აერთიანებს.
ბუნებრივია, რომ ასეთი გამოცდილებისა და პერსონალური ხედვის სინთეზმა Le Mocassin Zippe-ს სახით საინტერესო და წარმატებული ფირმა მიიღო. ხელნაკეთი ფეხსაცმელები განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ფრანგული ტყავით იქმნება. Le Mocassin Zippe-ს პროდუქცია საქართველოში წარმოებს და თითოეული მოდელის დიზაინი ჩვენი ქვეყნის ტრადიციულ და ამასთან, დასავლურ თანამედროვე სტილს აერთიანებს.
ბრენდის ფეხსაცმელები მსოფლიოს სხვადასხვა პოპულარულ და ცნობილ მაღაზიასა და სადემონსტაციო დარბაზშია განთავსებული. Le Mocassin Zippe-ს მოდელები თბილისში, “ღვინის ქარხნის” მულტიფუნქციურ სივრცეში მდებარე მაღაზია Ieri Store-შია წარმოდგენილი. ბრენდის მოდელები ასევე განთავსებულია Ieri-ის ონლაინ შოპის პლატფორმასა და თავად ბრენდის Instagram გვერდზე.