ლუკა ლასარ (ლასარეიშვილი) – პერსონალური გამოფენა „81/21“
2021 წლის 19 მაისიდან 30 ივნისამდე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ აშშ-ში მოღვაწე ქართველი არტისტის, Luca lazar-ის (ლუკა ლასარეიშვილი) პერსონალურ გამოფენას. ეს გამოფენა მუზეუმისა და Life N Style-ის კოლაბორაციაა, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
Luca lazar ქართველი აბსტრაქციონისტი მხატვრების მეორე უმნიშვნელოვანესი ტალღის წარმომადგენელია. 1989 წლიდან ხელოვანი უცხოეთში მოღვაწეობს – ჯერ საფრანგეთში, შემდეგ გერმანიასა და აშშ-ში. მისი შემოქმედება მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: ფერწერა, გრაფიკა, ინსტალაცია, მხატვრული ობიექტები. მათგან ფერწერულ ნამუშევრებში ავტორი უპირატესობას მუდმივად ვიზიონერულ ძიებებს, სამყაროს ყოვლისმომცველი, მარადიული წრებრუნვის სრულიად განსხვავებული, ახლებური რაკურსით დანახვის მცდელობას ანიჭებს.
მის მულტიმედიურ ნაწარმოებებში კი წინა პლანზეა წამოწეული მკაფიო სოციალურ-პოლიტიკური პრობლემატიკა, კატეგორიული ტონი, სათქმელის მთელი სიმძაფრით ჩვენება-წარმოჩენა, გროტესკი და ირონია.
გამოფენა „81/21“ მართალია, 1981 და 2021 წლებს შორის მონაკვეთს მოიცავს, თუმცა ძნელია მას რეტროსპექტული უწოდო. ეს უფრო რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდია ლუკა ლასარეიშვილის შემოქმედებიდან. რაც საუკუნეთა მიჯნაზე ეროვნული მხატვრული სკოლისა და ევროპულ-ამერიკული მხატვრული სააზროვნო არეალის ურთიერთმიმართების კონტექსტში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს როგორც საკუთრივ მხატვრის, ასევე მთლიანად თანამედროვე ქართული ხელოვნების ისტორიისათვის.
კურატორები: თათა ქსოვრელი, ნანა ყირმელაშვილი
ხელოვნებათმცოდნე: თამარ ბელაშვილი
გამოფენის ოფიციალური გახსნის დრო: 19 მაისი – 16:00 საათიდან 19:00 საათამდე.