fbpx

ფრენკ ლოიდ რაიტის ტრიუმფი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

“ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ცხოვრება გავხადოთ უფრო ლამაზი, უფრო ჰარმონიული და წარმოვაჩინოთ ჩვენი სიამაყის და სიხარულის განცდები უფრო მეტად, ვიდრე აქამდე”.

ფრენკ ლოიდ რაიტი მე-20 საუკუნის გავლენიანი არქიტექტორების სიაში უდავოდ ერთ-ერთი პირველია. აშშ-ში სამოქალაქო ომის დასრულებიდან ორ წელიწადში დაბადებული რაიტი რადიკალურად განსხვავებულ ეპოქაში გაიზარდა, მაგრამ მისი ნამუშევრები დღეს კიდევ უფრო აქტუალურია და მისი ზოგიერთი, 100 წელზე უფრო ძველი პროექტი, დღემდე ძალიან დიდ გავლენას ახდენს არქიტექტორების თანამედროვე ხედვებსა და მიმართულებაზე. 

რაიტი, რომელმაც საკმაოდ ბევრი ტრაგედია გამოიარა თავისი ცხოვრების 91 წლის მანძილზე, ატარებდა თვალისმომჭრელ, კოხტა ტანისამოსს და მუდმივად ბედნიერად გამოიყურებოდა. მისი ავანტიურული ცხოვრებით ხალხს არწმუნებდა, რომ ის, მეოცნებე და არტისტული, ყოველთვის ხელახლა გაიმარჯვებდა ცხოვრებისეულ გამოწვევებზე. 

მასზე ბევრი რამ დაიწერა და ითქვა, განსაკუთრებით აღსანიშნავია არქიტექტორის შესახებ პოლ ჰენდრიქსონის ბიოგრაფიული ნაშრომი “ცეცხლით შეპყრობილი”. ჰენდრიქსონი ასევე ჰემინგუეის ცნობილი ბიოგრაფიული პორტრეტის ავტორია. ნაშრომის მთავარი ფოკუსი რაიტის პიროვნებაა და არა მხოლოდ მისი არქიტექტურა. როგორც ჰენდრიქსონი აღნიშნავს, რაიტი გმირულად განასახიერებს ვიტმანის ან ემერსონის იდეალს, დიდ ვარსკვლავებს, მდიდრულ სახლებს და ამერიკულ მკვეხარა საზოგადოებას. იგი არქიტექტორს მოიხსენიებს – როგორც “ამპარტავანს და ნარცისს”. 

 

FALLINGWATER (1939)

მისი ყველაზე ცნობილი შენობა მისთვის უკანასკნელიც აღმოჩნდა. რკინა-ბეტონის სპირალი, რომელიც სოლომონ რ. გუგენჰაიმის მუზეუმის სახელით არის ცნობილი, ნიუ-იორკში 50 წლის წინ გაიხსნა, არქიტექტორის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ. რაიტმა ამ პროექტს 16 წელი დაუთმო და მრავალი დაბრკოლება გამოიარა – დაწყებული დამკვეთის ბიუჯეტიდან, დამთავრებული სამშენებლო კოდექსთან შენობის შეუსაბამობებით. ყველაზე მთავარი ბრძოლა კი მხატვრებთან ჰქონდა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ დახრილი სპირალური პანდუსიდან ნახატების სწორად აღქმა გართულდებოდა. საბოლოოდ კი, დამკვეთი ამბობდა, შენობის და ნახატების ასეთი სიმფონია ხელოვნების სამყაროში არასდროს შექმნილა. მკაცრი ტონი და ურყევი თვითდაჯერებულობა რაიტის დამახასიათებელი ნიშნები იყო, დრომ აჩვენა, რომ დახრილი კედლები და ეს უწყვეტი პანდუსი უხერხულ სივრცეს ქმნის ნახატების დასაკიდებლად, მაგრამ წლებმა ისიც დაადასტურა, რომ რაიტი ნამდვილი წინასწარმეტყველი აღმოჩნდა –  შენობა უკვდავ ბრენდად იქცა. 

 

SOLOMON R. GUGGENHEIM MUSEUM (1959)

არქიტექტორი და მწერალი ფრენკ ლოიდ რაიტი დაიბადა 1867 წელს ვისკონსინში. დედამისი სკოლის მასწავლებელი, მამა კი მუსიკოსი იყო. ახალგაზრდა რაიტი ვისკონსინის უნივერსიტეტში ინჟინერიის განხრით სწავლობდა, რადგან უნივერსიტეტს არქიტექტურის კურსები არ ჰქონდა. ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო იგი ინჟინერიის დეკანთანაც მუშაობდა, მაგრამ არც ეგ მოსწონდა და არც სიტუაცია მის გარშემო, განსაკუთრებით – არქიტექტურული კუთხით. იგი ყოველთვის ოცნებობდა ჩიკაგოზე და მის უპრეცედენტო არქიტექტურულ ნაგებობებზე, სადაც, საბოლოოდ, 1887 წელს, გადასახლდა კიდეც. მან მალევე დაიწყო მუშაობა იმ დროისათვის საკმაოდ გავლენიან არქიტექტორებთან – დანკმარ ადლერთან და ლუის სულივანთან. ძალიან მალე იგი სულივანის მთავარი არქიტექტორიც გახდა და მასთან 1893 წლამდე იმუშავა, შემდეგ კი უკვე თავისი არქიტექტურული ოფისი გახსნა. მისი ოფისის პირველი ნამუშევარი – W.H. Winslow – იმ პერიოდისთვის საკმაოდ სენსაციური გამოდგა და  ჩიკაგოს ბევრი ცნობილი არქიტექტორის ყურადღებაც მიიქცია. 

 

W.H WINSLOW (1894)

რაიტმა ბევრ მიმზიდველ შემოთავაზებაზე თქვა უარი და მთელი თავისი ენერგია დაუთმო ამ სფეროში ახალი მიმართულების ძიებას და უფრო შესაბამისი შუადასავლეთის არქიტექტურის ჩამოყალიბებას. სხვა ახალგაზრდა არქიტექტორებიც ამ ძიების პროცესში იყვნენ და მალევე ჩამოყალიბდა ახალი ტენდენცია – პრერის სტილი (Prairie Style/Prairie School) – კერძო საცხოვრებელი სახლების ამერიკული არქიტექტურული სტილი. ამ მიმდინარეობის მთავარი პრაქტიკოსი 33 წლის ფრენკ ლოიდ რაიტი იყო. ამ სტილით მისი 50-მდე პროექტია განხორციელებული. პრერის სტილისთვის დამახასიათებელია ბრტყელი ან მახვილკუთხა, ნაზად დახრილი გადახურვა, ჰორიზონტალურად მიჯრილი ფანჯრები, ინტეგრაცია ლანდშაფტთან და მასობრივი წარმოების მასალების და აღჭურვილობის გამოყენება, რასაც იმ დროისთვის მხოლოდ კომერციულ პროექტებში იყენებდნენ. ეს ტერმინი არქიტექტურის ისტორიკოსმა ალენ ბრუკსმა მოგვიანებით შემოიღო. 

 

MARIN COUNTY CIVIC CENTRE (1962)

რაიტი შეერთებული შტატების არქიტექტურულ სცენაზე ზუსტად მაშინ გამოჩნდა, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა თავისი არქიტექტურული იდენტობის განსაზღვრა. ყველაზე თანამედროვე ამერიკელებს  შენობებიც ისეთივე სურდათ,  როგორიც  ჩაცმის სტილი – ევროპელების მსგავსი. რაიტისთვის, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ არქიტექტურა ყველა ხელოვნების დედაა, ეს მიუღებელი იყო. რაიტს უყვარდა თავისი ქვეყანა, ლანდშაფტი, ხალხი, დემოკრატიული იდეალები და თვლიდა, რომ ქვეყანას ძალიან სჭირდებოდა უნიკალური ხასიათის არქიტექტურა – ჭეშმარიტად ამერიკული არქიტექტურა. არქიტექტორის მიდგომა, რომელიც დაკავშირებული იყო მის შემოგარენთან როგორც ფორმით, ასევე მასალით, არქიტექტურული მდგრადობის დღევანდელ გამოწვევებსაც ესადაგება და მისი სტილიც საოცრად აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული საზოგადოება 1900-იანი წლების დასაწყისიდან საგრძნობლად შეიცვალა. 

 

TALIESIN WEST (1937)

მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებები შესაძლოა მარადიული დარჩეს, ტექნოლოგია იცვლება. მინიმალიზმის გაჩენამ და კომპიუტერით გათვლილმა ფორმებმა რაიტის რადიკალური მიდგომების აქტუალურობა შეამცირა, მაგრამ ეს არქიტექტორს ნამდვილად არ გაანაწყენებდა, იგი ყოველთვის თვლიდა, რომ ტექნოლოგიის განვითარება და ჩართულობა არქიტექტურაში საჭირო იყო და მუდამ ემხრობოდა ცვლილებებს. მისთვის მეორეხარისხოვანი იყო შენობის ვიზუალი და უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა შენობის ეპოქასთან “კომუნიკაციას”. 

 

WESTHOPE (1929)


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.