fbpx

თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკა – ნატაშა ლომოურის რეკომენდაციები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნატაშა ლომოური

 

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში (მარჯანიშვილის 7) ერთ-ერთი ყველა საინტერესო და შთამბეჭდავი  ბიბლიოთეკაა. მრგვალ დარბაზში მოწყობილი ბიბლიოთეკა, რომელიც საუკეთესო ადგილია თვითგანვითარებისთვის და ასევე მშვიდ გარემოში სამუშაოდ, იშვიათ გამოცემებს ინახავს, მათ შორის – უცხოურსაც.  აქ მკითხველი მისი ინტერესის გათვალისწინებით  არაერთ წიგნს აღმოაჩენს – იქნება ეს ბიზნესი, ხელოვნება თუ ინოვაციები. საწყის ეტაპზე მომხმარებლებს შეუძლიათ ადგილზე გაეცნონ ფიზიკურ თუ ციფრულ რესურსებს. შემდეგ ეტაპზე კი წიგნების გატანასაც შეძლებენ.

ჩვენ თხოვნით მწერალთა სახლის დირექტორმა ნატაშა ლომოურმა რამდენიმე საინტერესო წიგნი გვირჩია:

 

Jorge Luis Borges – Collected Fictions

ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობების ამს კრებულს  ყველაზე ხშირად ვუბრუნდები. და თუ  არის ვინმე, ვისაც ის ჯერ კიდევ არ წაუკითხავს, გულწრფელად ვულოცავ, მას წინ აქვს მისტიფიკაციებით და სიმბოლიზმებით შექმნილი ჯადოსნური სამყაროს აღმოჩენის დიდი სიხარული.

თუ არ მეშლება, ბორხესს რომანი არასოდეს დაუწერია, თუმცა ხშირად მქონია ის განცდა, რომ  მისი მოთხრობები სქელტანიანი რომანისგან მიღებულ შთაბეჭდილებას არ ჩამოუვარდება, ზოგჯერ მხოლოდ შთაბეჭდილებას კი არა – ნამდვილ დაღსაც კი ტოვებს. ამიტომ ბორხესს ვერც ვერავის ადარებ და ხვდები, რომ ავტორი თავისი სიღრმით, ფილოსოფიურობითა და ლიტერატურული სახეების დახატვის საოცარი უნარით სრულიად განუმეორებელია. კითხულობ დელია ელენა სან მარკოსთან შეხვედრაზე, მინოტავრის მარტოსულობაზე, ლურჯი ვეფხვების კანის იეროგლიფებზე, სისხლის აღების ზღაპრულ სიუჟეტზე და ყოველ ჯერზე რწმუნდები, რომ ავტორი რაღაც მისტიკური და დაუჯერებელი, ზოგჯერ საშიში ამბის თანაზიარს გხდის; ამ ზღაპრულ სამყაროში მონაწილეობისგან მიღებულ სიხარულს კი ვერ ივიწყებ და  დღესასწაულის  მუდმივი შეგრძნების სურვილით სულ უფრო ხშირად უბრუნდები მას.

 

მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა – ბოჰუმილ ჰრაბალი

„ოცდათხუთმეტი წელია მაკულატურაზე ვმუშაობ, ეს ჩემი Love story-ია“ – ასე იწყებს ბოჰუმილ ჰრაბალი „მეტისმეტად ხმაურიან მარტოობას“  და პატარა ნოველა სწორედ  ამ უცნაურ სასიყვარულო ისტორიაზე, მთავარი გმირის მარტოსულობაზე და წიგნებისგან მიღებულ ბედნიერებაზეა. თითქოს ბანალური სიუჟეტია, მაგრამ ჰრაბალთან არაფერია ბანალური, ამიტომ თამამად გაჰყევით ბოჰუმილ ჰრაბალს მოულოდნელობით  სავსე მოგზაურობაში ჰანტას ძალიან ღრმა და ფაქიზ შინაგან სამყაროში. 

 მაკულატურის მწნეხავი ჰანტა წიგნებით გადავსებულ სარდაფში  ცხოვრობს, მისთვის ეს პროფესია არათუ მოსაბეზრებელი, პირიქით, მწარე და სასტიკი რეალობისგან გაქცევის და შემოქმედებითი ცხოვრების გზა გახდა.   ბოჰუმილ ჰრაბალი ამ მოთხრობას 1970-იანი წლების ჩეხოსლოვაკიაში წერდა, შესაბამისად, ჰანტას ისტორია სიმბოლიზმებით დატვირთული ამბავია –  სიტყვით ბრძოლა ცენზურის და პოლიტიკური წნეხის წინააღმდეგ. 

რემბოს, ჰეგელის, გოეთეს, ლაო-ძის და სხვათა აზრებით გამდიდრებული მისი ცხოვრება დიდი კონტრასტია პრაღის  ერთ-ერთ სარდაფში მცხოვრები პატარა ადამიანის ტრაგიკულ ყოველდღიურობასთან. 

 

ენიკი ბენიკი – ლადო ფოჩხუა

ჩემი საყვარელი მხატვრის, ლადო ფოჩხუას მოგონებები მშობლიურ სოხუმზე – „არაქისმოყრილი ნაყინის“ ქალაქზე, იქ გატარებულ ბოლო დღეებზე, ომში დარჩენილ დედაზე და უცნობი მომავლის შიშზე. ლადო, როგორც ნამდვილი არტისტი, ძალიან პოეტურად ჰყვება თავისი ოჯახის და მეგობრების ტრაგედიას აფხაზეთის კონფლიქტის ფონზე და ავტორის  ოსტატობის მთელი ხიბლი სწორედ ის არის, რომ  მისი განცდები ჩვენთვის უცხო და შორეულად, მხოლოდ სხვის  ომად არ რჩება! ლადოს დავყავართ  მის ბავშვობისდროინდელ, შემდეგ კი ომისგან დანგრეულ სოხუმში და ჩვენ, როგორც მკითხველს, სრული განცდა გვაქვს იმისა, რომ ჩვენც წაგვართვეს  სახლი – ჩვენი ციხესიმაგრე, წლების მანძილზე დაგროვილი მუსიკალური ფირფიტები, ჩვენი ნახატები, ალბომები,  „ეზოები, ძაღლები, ჭიშკრები, ოჯახები“, მოგონების და ოცნების უფლება. 

სოხუმის დაცემის დღეს ლადო ფიქრობს, რომ ეს ტრაგედია „მსოფლიოსთვის არაფერია. დიდ სამყაროში ეს ამბები არ აინტერესებთ“. შესაძლოა, მართლაც ასეა,  თუმცა მსოფლიოსთვის კი არა, თანამედროვე საქართველოსთვისაც კი აფხაზეთი შორეული, გაფერმკრთალებული წარსულია. ამიტომ, ვფიქრობ, განსაკუთრებით იმ თაობისთვის იქნება ლადო ფოჩხუას ეს  მოგონება საინტერესო, რომელსაც მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ისიც სულ უფრო იშვიათად, მხოლოდ პოლიტიკოსებისგან ესმის  სიტყვა „აფხაზეთი“ და სინამდვილეში მასთან  ემოციური კავშირი არც გააჩნია.  

ლადოს თხრობა თითქოს ერთი ამოსუნთქვით ამოთქმული სევდანარევი ტკივილია,  არადა, ალბათ მთელი ცხოვრება ემზადებოდა ლადო ფოჩხუა ამ სათქმელისთვის, შეიძლება წლიდან წლამდე ფიქრობდა, როგორ მოეყოლა ჩვენთვის თავისი ყველაზე ღრმა განცდები, ამის მოყოლა კი აუცილებელი იყო და დიდი მადლობა მას ამისთვის!

„სოხუმის დაცემის დღეს, როცა აფხაზების არტილერია ქალაქს მიწასთან ასწორებდა და მოიერიშე მოწინააღმდეგის გააფთრებული არმია ქშენით გვიახლოვდებოდა, ჩემს ოთახში ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ასფალტზე მოთამაშე მზის სხივებს თვალს არ ვაცილებდი. შინაგანად მზად ვიყავი სიკვდილისთვის. მთელი დღე ვხატავდი…

… კატერზე ავედი, ჟვანსკიც ამომყვა. კატერი ნელა, ზანტად მოშორდა ნაპირს. ძაღლები ყეფითა და ღავღავით შევიდნენ წყალში, გაეკიდნენ პატრონებს, ისინი ქვითინებდნენ.

„დატოვეს ძაღლები… აბა, რა ექნათ?“ – თქვა ჟვანსკიმ.

მეხსიერება ცხრილავს, ნაკუწებად აქცევს გამოვლილს, პატარ-პატარა ნაფლეთებად.

რა დარჩება ჩვენში? გემბანს ვეხები.

„ეს უნდა დაიმახსოვრო“, – ვჩურჩულებ.

მინდა ეს წამი დავიჭირო.

ფიასკო.

კატასტროფა“.

წამი დაიჭირა, დაიმახსოვრა და ზედმიწევნით გადმოგვცა.

 

ადრიანეს მოგონებები – მარგერიტ იურსენარი

ფრანგი მწერლის, მარგერიტ იურსენარის ისტორიული რომანისთვის განუმეორებელი წერის სტილი ჩემთვის დღემდე გამორჩეული რჩება;  ეს არის ყველაზე უცნაური ტექსტი, რაც კი ანტიკური ხანის ისტორიაზე წამიკითხავს და ვფიქრობ, ძველი რომის ისტორიის მოყვარულებმა ეს წიგნი არ უნდა გამოტოვონ.

ცხოვრების მიწურულს, უკვე დასნეულებული დიადი იმპერატორი ადრიანე წერილს წერს  შვილს, მარკუს ავრელიუსს და იგონებს თავისი მოღვაწეობის საეტაპო პერიოდებს – ბრძოლებს, სასიყვარულო თავგადასავლებს, მოგზაურობებს; ჰყვება თავის არანორმალურ   ვნებაზე ხელოვნებისადმი და ბერძნული ფილოსოფიისადმი… ადრიანეს ეს წერილი ტრიუმფალური დამშვიდობებაა ცხოვრებასთან. 

და სანამ ჯერ კიდევ ძალიან ცოცხალი იქნება  ამ დიდი ლიტერატურული ტექსტით მიღებული შთაბეჭდილება, სასწრაფოდ იყიდეთ რომის ბილეთი და ეწვიეთ რომთან ახლოს მდებარე ადრიანეს ვილას ტივოლიში. ამ ვილის დიდებული ნანგრევები  ჯერ კიდევ დგას და სრულიად მომნუსხველად მოქმედებს ჩვენზე!  იქნებ თქვენც, მარგერიტ იურსენარის მსგავსად, ისეთი შთაგონება მიიღოთ ამ ადგილის ნახვისგან, რომ მსგავსი შედევრი შექმნათ. ☺

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.