fbpx

წიგნი და პერფორმანსი “განსაწმენდელი” – ინტერვიუ ანდრო დადიანთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა გაბელაია

 

ანდრო დადიანი იმ ქართველ ხელოვანთაგანია, რომლებიც საკუთარ ნამუშევრებში ხშირად ეხმიანებიან ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებს. ანდრო  საკუთარი გამოცდილებით საუბრობს უმცირესობათა უფლებებზე, აქცენტებს აკეთებს  საზოგადოებაში არსებულ იმ მანკიერებებზე, რომლებიც ბარიკადებივით არის აღმართული  ერის განვითარების გზაზე. 

მის მიერ არჩეული მედიუმი – პერფორმანსი (თუმცა, ანდრო სხვა მედიუმებშიც მუშაობს) – სხვადასხვა მიზეზების გამო, არ არის პოპულარული ქართულ სახელოვნებო სივრცეში, თუმცა, ვფიქრობ, ფართო აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ ყველაზე ეფექტიანია. 

ანდროს ბოლო პერფორმანსი – “განსაწმენდელი” მისი ამავე სახელწოდების  წიგნის პრეზენტაციაც იყო. წიგნის, რომელზეც ხელოვანი  დიდი ხანი მუშაობდა და რომელშიც მან თავი მოუყარა პირად განცდებსა და გამოცდილებას. ცხენზე უკუღმა შემჯდარი ხელოვანი ნიღბით, სამი დღე-ღამის (84 საათის) განმავლობაში ასმენინებდა მასთან ახლოს მისულ, ჩახუტებულ დამთვალიერებელს აუდიოლექსებს, ტექსტებს, რომლებიც გვიყვებიან ქვიარ ადამიანის ცხოვრებაზე, საკუთარ თავთან, ოჯახსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სირთულეებზე, ქვეყანაში არსებულ უთანასწორობასა და უსამართლობაზე. 

“ანდრო დადიანის პოეტურ ტექსტებში ნახავთ არამხოლოდ ლექსებს, არამედ იმ ეგზისტენციალურ შენაკადებს, ლექსს პროზასთან რომ აკავშირებს, როგორც ლექსის დაბადების ადგილებს, როგორც განსაწმენდელს, რომელმაც უკან უნდა მოიტოვოს ცხოვრების პროზაული სიმძიმე და ლექსებად განიწმინდოს”. – ვკითხულობთ წიგნის უკანა ყდაზე. 

წიგნის შეძენა ერთგვარი სოციალური აქციაც იყო, რადგან პერფორმანსის მსვლელობისას, გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაერიცხა 20 წლის ტრანსგენდერ გოგოს, ლიკა ცხონდიას, სწავლის ღირებულების დასაფარად.

 

გთავაზობთ ინტერვიუს ხელოვანთან: 

შენი ფსევდონიმი მჭიდროდ არის გადაბმული შენივე შემოქმედებასთან. პერფორმანსების დროს არასდროს ჩანს შენი სახე. ნიღბები, რომელსაც ატარებ, პერფორმანსის მნიშვნელოვანი ნაწილია ხოლმე. როდის და საიდან გაჩნდა სახისა და სახელის დაფარვის საჭიროება?

რამდენიმე წლის წინ, როცა ფსევდონიმზე ვფიქრობდი, სახელი – ანდრო,  ჟღერადობით, ანდროგენი ადამიანის ასოციაციით ავირჩიე. სქესის ნიშნები იერარქიული საფეხურებია და ვალდებულებები, მით უფრო ამგვარ  კონსერვატიულ გარემოში, ამ ფსევდონიმით კი ჩემს თავს სქესის სტანდარტებისგან გათავისუფლება დავუსახე. გვარი დადიანი კი ცოტნე დადიანის გამო ავიღე; XIII საუკუნეში ცოტნეს სოლიდარობის აქტი ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული თანაგანცდის ფაქტია ჩვენს ისტორიაში და იმავდროულად, პირველი პერფორმანსი. დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთმანეთზე გადასწრების და გადათელვის საუკუნეა, თანაგანცდის შიმშილი კი მისი თანამდევი. დამშეული ყველაზე მეტს საკვებს იგონებს, მე კი მინდა, ამ გვარით სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პირველი ხატი – ცოტნე დადიანი გავახსენო ხოლმე ადამიანებს.  

ნიღაბი იდენტობის გაქრობის, წაშლის საშუალებაა, რომელიც შეიძლება მეინსტრიმის ოპოზიციური და უფრო მკაფიო ხატია, მაგრამ უსახობისგან ახალი ნიშნის შექმნა თვითმიზანი არ ყოფილა, ის უფრო ჩემს სახეზე მოწებებული მოვალეობებისგან გარიდების და თავისუფლად ლაპარაკის საშუალებაა, ამასთანავე პერფორმანსებში საჭიროების მიხედვით დამატებითი სამეტყველო შრე, რომელიც აუნაზღაურებელი დანაკლისის – მიმიკის და თვალების სუსტი ეკვივალენტია.  

 

გარდა იმისა, რომ პერფორმანსი ხელოვანისგან დიდ ემოციურ მზაობას მოითხოვს, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისთვის ფიზიკური მომზადებაც. მით უმეტეს მაშინ, როცა პერფორმანსი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. რა მნიშვნელობას ანიჭებ პერფორმანსისას ფიზიკურ “დაღლას” და როგორ ემზადები ამისთვის? 

ფიზიკური დაღლა ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა, დრო გამომსახველობის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ნამუშევრის დინამიკას ქმნის და ის ხან მღლის, ხან არა.  

მაგალითად, პერფორმანსში „ტავტოლოგია“ მზის ამოსვლა და ჩასვლა დღე-ღამის ციკლურობის, წრებრუნვის და აქტის უსასრულობის გამომხატველი იყო, რასაც ბუნებრივად მოჰყვა დაღლა. 

სხვადასხვა პერფორმანსს სხვადასხვაგვარი მოსამზადებელი პერიოდი აქვს, მაგ., როცა კანცელარიასთან 24 საათი კიდურებაკრული ვიდექი, 40 დღით ადრე დავიწყე ნემსების და ვარჯიშების გაკეთება, ფეხდასკოჩილი ვიძინებდი, რომ მიჩვეულიყო კიდურები სისხლის მიმოქცევის იმ ტემპს, რომელიც 26 მაისს უნდა გამევლო. ექიმის თქმით, განგრენის საშიშროება მაინც იყო და მთხოვდა, არ გამეკეთებინა ეს პერფორმანსი, მაგრამ არ დავუჯერე. 

შენი პერფორმანსები ხშირად ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებს („დამოუკიდებლობის მემორიალი“, „ნიჩურიტი“, „უფრო სქელი კანი“). როგორ ფიქრობ, რა როლს შეიძლება თამაშობდეს ხელოვანი დღეს მის ირგვლივ  გარემოსა თუ  სამყაროს განვითარებაში? 

ჩემთვის ხელოვნების პროცესი ეფემერულია, კურატორებისა და დამფინანსებლებისთვის კი  მეტისმეტად ნათელი – მეტისმეტად ზუსტად იციან, რა უნდათ. და მათ უნდათ პოლიტიკური, სოციალური ხელოვნება. ბრეხტი ამბობს,  ისეთი დროა, რომ ხეებზე ლაპარაკი ახლა სირცხვილია, რადგან ის სხვა პრობლემებზე დუმილს ნიშნავსო. ეჭვს შევიტანდი ამ მოსაზრებაში, იმპერატიულად არაფერი არ უნდა მიუთითო  ხელოვანს, სტერილური რომ არ გახდეს ნამუშევრებში. საკუთარი სამყაროს კვლევა ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი მგონია ახლა, სწორედ აქედან შეიძლება გაჩნდეს ის მესამე ძალა, რომელსაც მხარეც და მისი ალტერნატიული ოპოზიციაც გავეშებით დავეძებთ. 

 

შენი სათქმელი ხშირად გაგაქვს ქუჩაში და მიგაქვს იმ ადამიანებამდე, რომლებიც, დიდი ალბათობით, ვერ ნახავდნენ ნამუშევარს საგალერეო სივრცეში. არის თუ არა ემოციურად დიდი სხვაობა სახელოვნებო სივრცეებსა და საზოგადო თავშეყრის ადგილას ჩატარებულ პერფორმანსებს შორის? 

გარეთ მუშაობა რისკთან, შიშთან და გამოსვლა-არგამოსვლის საფრთხესთანაა დაკავშირებული, თუმცა პრობლემების საინტერესოდ გადალახვა მიმზიდველს ხდის ნამუშევარს, ჯაზში იმპროვიზაციას ჰგავს ეს, ქუჩაში გავდივარ დაგეგმილი ჰარმონიული ჩონჩხით, დანარჩენი ადგილზე, გარემოსთან, მაყურებელთან დიალოგში ცოცხლდება. დახურულ სივრცეში გაკეთებული ნამუშევარი კი სტუდიურ ჩანაწერს ჰგავს, რომელიც შეიძლება მაქსიმალურად მიუახლოო ჩანაფიქრს, თუმცა სივრცეები ჩემთვის მოუხელთებელი ფუფუნებაა. 

 

ვფიქრობ, რომ პერფორმანსი იმ მედიუმთა სიაშია, რომლებმაც ვერ მოიკიდეს ფეხი ქართულ სახელოვნებო სივრცეში. შენ როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ჩვენი გარემო დაგროვების ველური ვნებითაა შეპყრობილი, ყველაფერი ყიდვა-გაყიდვაზე, მოგებაზე და კიდევ უფრო დიდი მოგებაზეა დაგეშილი. საშუალო მხატვრული ღირებულების ნახატი უფრო ფასობს ასეთ გარემოში, ვიდრე კარგი წიგნი, პერფორმანსი ან სპექტაკლი. ამიტომაც გალერეები ხშირად სულელი თხუპნიების ნამუშევრებს ფენენ ხოლმე და რამდენიმე ათასებად ყიდიან მერე, პერფორმანსს კი ვერავინ დაეპატრონება, ის ყველასია, ვისაც მოუნდება, მასში ფულს ვერ  დააბანდებ,  არც ინახება, მხოლოდ ემოციები და გრძნობები შეიძლება გადაინახო მასში და გაიხსენო, როცა დაგჭირდება. ჩემი პერფორმანსების ქუჩაში გატანაც ამითაა განპირობებული – გალერეები სივრცეს და ფინანსურ რესურსს პერფორმანსს არ უთმობენ. მხოლოდ „ღია სივრცე“ და „მაუდია“,  სადაც დღემდე ჩემთან თანამშრომლობა მოისურვეს. 

 

შენი ბოლო პერფორმანსი – „განსაწმენდელი“ 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და შენი ახალი პოეტური კრებულის სახელს ატარებდა. გვესაუბრე ამ გამოცდილებაზე, წიგნის შექმნის პროცესსა და მის საბოლოო პრეზენტაციაზე.

2017 წელს მოვრჩი კრებულს, მას მერე ხან რომელი გამომცემლობა მალოდინებდა და ხან რომელი. როგორც ხდება ხოლმე,  თუ ძმაკაცები, “გადამრეკავები” არ გყავს, ეს ნორმაა.  „თბილისი არის ურთიერთობა“ –  ასეთი პოეტური საბურველი აქვს შემოხვეული ამ გარყვნილებას და თავს დაჰფოფინებენ. საბედნიეროდ, არსებობენ „თეთრი ყვავები“, ხელს რომ უწყობენ ნორმალური პროცესის არსებობას, ასეთია გამომცემლობა „კალმოსანიც“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა წიგნისთვის, რაც კი შეეძლო. როგორც  უნდა მერბინა, შორს ვერ გავექცეოდი საკუთარ თავს, ამიტომ კრებულიც დიდწილად ჩემზეა, ამ გაქცევის მცდელობაზე, მარტოობაზე, შიშზე და უიმედობაზე. წიგნი ჩემს ლეკვებს – დინოს და დიდის ეძღვნება, დიდი 2016 წელს გარდამეცვალა, დინო კი ესწრებოდა წიგნის პრეზენტაციას, ყველაზე ძვირფასია ის ჩემს სამყაროში, ერთადერთია, ვინც არ მტოვებს. მასზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო.   

პერფორმანსი დანტე ალიგიერის და ვირგილიუსის განსაწმენდელში მოგზაურობის ალუზია იყო, 10 აპრილის 04:00 საათიდან 13 აპრილის 16:00 საათამდე გრძელდებოდა, ვხვდებოდი ჩემს მკითხველს, ვასმენინებდი ჩემს ლექსებს, რომლებსაც ჩემი სხეული ვიბრირებდა და ამგვარად ერთად შევდიოდით განსაწმენდელში. პერფორმანსის საათობრივი ფოტო- და ვიდეოდოკუმენტაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ინსტაგრამ გვერდზე

საინტერესოა შენი პერფორმანსების მიმდინარე სერია „მოხელე“, რომელსაც „კუნსტჰალე თბილისთან“ ერთად აკეთებ. რა არის ამ სერიის კონცეფცია და მიზანი?

“მოხელე” ხელოვანის და ხელოვნების პროცესის ჩემებურად გააზრების მცდელობაა, ჩემს ახლანდელ ფასეულობათა იერარქიის ერთგვარი ხაზგასმა. 

შრომის და თანაგრძნობის პროვინციულად გამოცხადება და მათი ინფლაცია ყოველდღიურ პროცესად იქცა, ირგვლივ ბევრი ვინმე და რამეა ჩემსავით მიტოვებული და პერფორმანსების ამ სერიით ვცდილობ იმ ადამიანების, სივრცეების და მოვლენების ახლოს ვიყო, ვისაც მხარში დგომა სჭირდება. ნამუშევრის ფორმა და შინაარსი სულ ერთმანეთში გადაედინება; ზოგჯერ აბეზარი რეალობის სარკესავით გამოიყურება, რასაც ვაკეთებ, მაგრამ შინაგანი აუცილებლობით ნაკარნახევი მოქმედებაა, რომელიც არც ტკბობის და არც ფუფუნებისთვის გამოსადეგ სახეებს და საგნებს არ ქმნის, ამიტომ, ახლა, ამ გარემოში, რელევანტურია ჩემთვის ეს, რომ ნამუშევარმა  სოციალურად და  კულტურულად მაღლებისა და დაბლების დიაგრამა ღირებულებით სკალაზე გაასწოროს და ორივეს შრომა მნიშვნელოვნად იქნას აღქმული.  

  

რას ფიქრობ თანამედროვე ქართულ სახელოვნებო სივრცეზე? რა მოგწონს და, შენი აზრით, რა აკლია მას?
სხვადასხვა მედიუმებთან მქონია შეხება: თეატრი, მუსიკა, ქორეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება და ყველგან ერთი და იგივე – დაეჭვების კრიზისია. რეალობიდან დასხლტომის, მისი ალტერნატივის ან ამოყირავების სურვილი აკლია ირგვლივ ყველაფერს, ამის გათვალისწინებით დიდი სიხარულია იმ ხელოვანებთან შეხვედრა, ვისაც საკუთარი სურვილები არ მოუხოტრია ჯერ და რეალობას უღრენს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.