fbpx

„ბეტონის ქალაქის სიზმრები“ – საქართველოს ბანკის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულის გზა წარმატებამდე


გააზიარე სტატია

საქართველოს ბანკი სოციალური მისიის მქონე პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე მეხუთედ, ბანკმა 3 გამორჩეული სოციალური საწარმოს იდეა გამოავლინა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული თითოეული პროექტი სამომავლო განვითარებისთვის  ბანკისგან 50 000 ლარამდე  გრანტს მიიღებს.  გამარჯვებულ პროექტებს შორის არიან: პირველი ქართული ეკო მეგობრული, მწვანე, USB სადენი „ტენე“; ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო და ქართული მუსიკალური სექტორის მულტიმედიური პლატფორმა „Basement“.  თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მისია გამოარჩევს. 

სწორედ, ასეთი განსაკუთრებული მისია გამოარჩევდა „კომბინიზონას“, როდესაც 2019 წელს სიცოცხლის ხის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. როგორი იყო გზა გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ ბრენდის კრეატიული დირექტორი და იდეის სულის ჩამდგმელი განო მელითაური მოგვიყვება.  

იყო და არა იყო რა… როგორ დაიწყო კომბინიზონას ისტორია? 

“კომბინიზონა” 2017 წელს დავაარსეთ, 2019 წელს კი გავიმარჯვეთ საქართველოს ბანკის საგრანტო კონკურსში „სიცოცხლის ხე“, მოვიპოვეთ 50 000 ლარის ოდენოის გრანტი, რის შედეგადაც შევიძინეთ 7 დანადგარი, პირველადი ნედლეული და ასე დაიწყო კომბინიზონას საორსულე ხაზის წარმოება, რასაც მოყვა ადაპტირებული სამოსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ამის შემდეგ ჩვენს კომპანიას ბევრი წარმატება ჰქონდა, რაც ყველაზე მეტად ბრენდის ინოვაციურ ხასიათთანაა კავშირში. ჩვენ ვიყავით პირველები ვინც საქართველოში საორსულე და ადაპტირებული სამოსის შექმნა დაიწყო. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ყოველთის ვცდილობთ ჩვენთან დავასაქმოთ სოციალურად დაუცველი ადამიანები. ბევრია ჩვენს საწარმოში შშმ პირები, ვინც სახლიდან მუშაობს. გვაქვს მცირე ზომის სასწავლებელიც, სადაც უფრო სიღრმისეულად შევასწავლით ხელობას ჩვენს თანამშრომლებს.

ორი წლის წინ საქართველოს ბანკის კონკურსის მიზნები დაემთხვა ბრენდის მიზნებს და მისიას, ასე გავხდით გამარჯვებული კომპანია. დღემდე იმ იდეას ვემსახურებით რა იდეითაც გავიმარჯვეთ და ინოვაცია რჩება ბრენდის მთავარ განსაზღვრელ თვისებად. რასაკვირველია, ამ ორ წელიწადში განვითარდით და თუკი საქართველოს ბანკის დაფინანსების დროს შვიდი თანამშრომელი გვყავდა დღეს, ჩვენთან უკვე 130 ადამაინია დასაქმებული. 7 მანქანიანი საწარმოდან კი 2 სართულიან საწარმოდ ვიქეცით.  აქვე არ შემიძლია არ ვახსენო ევროკავშირის ხელშეწყობა და ინტერესი ბრენდის მიმართ, რომლის ინვესტიციამაც საშუალება მოგვცა კომბინიზონა არ გაჩერებულიყო პანდემიის დროსაც.

პანდემია ახსენეთ, როგორ იმოქმედა ამ მძიმე პერიოდმა თქვენზე და რა გამოწვევების წინაშე დააყენა კომბინიზონა?

როგორც ყველას რასაკვირველია, ჩვენც ძალიან შეგვიშალა ხელი პანდემიამ. კახა გაგნიძე, კომბინიზონას თანადამფუძნებელი და ჩემი მეუღლე, ძალიან გამოცდილი მენეჯერია და სწორ დროს ზუსტად მიხვდა რა უნდა გაგვეკეთებინა. შემომთავაზა, რომ „ალიკაპი,“ ბრენდი რომელიც დიზიანრული დამცავი აქსესუარების სახით 2020 წლისთვის უნდა ჩაშვებულიყო –  სწორედ ახლა უნდა გამოგვეტანა ბაზარზე. სულ რაღაც სამ დღეში გადავაწყვეთ ბრენდის კონცეფცია და ბაზარზე ინოვაციური  დამცავი საშუალებები გამოვიტანეთ.

ამგვარად, დღეს უკვე არსებობს ალიკაპი, რომელიც საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის დამცავ ეკიპირებას და კომბინიზონა, რომელიც მომხარებელს უკვე ძალიან დიდი ასორტიმენტს სთავაზობს:  ბავშვის, ქალის, საორსულე ხაზის, ლაქტაციაზე თუ შეზღუდულ შესაძლებლობებზე ადაპტირებული ტიპის სამოსთან ერთად უკვე გვაქვს ბევრი უნისექს მოდელიც. ჩვენთან ნებისმიერ ადამიანს ბიუჯეტურ ფასად შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი სტილის და ზომის  სამოსი. 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

2021 წლიდან ჩვენი ბრენდი  „Mercedes Benz“-ის მოდის კვირეულს შეუერთდა: „ბეტონის ქალაქის სიზმრები“ ასე ერქვა კოლექციას. შედეგად, შვიდ სხვადასხვა, ძალიან მაღალი დონის შოურუმში მიიწვიეს კომბინიზონა, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა ბრენდი – საინტერესო კოლექციით. მათ შორის მილანში და პარიზის სამ შოურუმში. მილანში ევროპის საუკეთესო ნიუქამერთა ექვსეულში მოვხვდით და სექტემრბის ბოლოს ვართ მიწვეული, სადაც პიაცა იტალიანოში გვექნება შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან მოდის პრესას და ბაერებს წარვუდგინოთ კოლექცია. ცალკეა AMF SHOWROOM, რომელიც თუ მოვახერხეთ ფინანსების მობილიზება, პარიზის, ლონდონის და შანხაის ბაზარზე ონლაინ და ოფლაინ შოურმებზე გაგვიწევს პოპულარიზაციას. მთავარია შევძლოთ წასვლა. 

დაინტერესდნენ და მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე კომპანიასთან, რომლებიც ადაპტირებულ სამოსს აწარმოებენ. ახლა, მე და კახა უკვე გადართულები ვართ, რომ მოვიპოვოთ ის რესურსი რითაც საერთაშორისო ბაზარზე შევძლებთ გასვლას და ჩვენი პროდუქციის ექსპორტირებას.  გზა, რომელიც ჩვენმა ბრენდმა გაიარა ძალიან რთული იყო, თუმცა მადლობა საქართველოს ბანკს, რომ გაგვიმარტივა წარმატების გზაზე სიარული და ირწმუნა ჩვენი.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.