fbpx

სადარბაზო ოაზისები – ტაბიძის 24 – სოლოლაკის ბურჟუაზიული არქიტექტურა


გააზიარე სტატია



ავტორი: დათო კოროშინაძე

მხატვარი: მაკო კაპანაძე

 

თბილისის ცენტრალური ნაწილი ვიწრო და დაქსაქსული ქუჩებისგან შედგება. ესაა მისთვის დამახასიათებელი ურბანული წყობა. ამ ვიწრო ქუჩებში ალაგ-ალაგ იჭრება მზის შუქი და მთელ ქუჩას სინათლით და ჩრდილებით მოთამაშე ქსელად გარდაქმნის. თუკი ზაფხულის ცხელ დღეს ამ ადგილებში ჩაივლით, აუცილებლად იგრძნობთ იმ სიმყუდროვეს, რომელიც სადარბაზოებიდან მოდის. მათი სიგრილე და მომნუსხველობა ყოველთვის შიგნით გეპატიჟებათ. საკმარისია დროის ამ პორტალებში მოხვდეთ, რომ ქუჩის მიღმა მთელ ახალ სამყაროს აღმოაჩენთ. ეს ყველაფერი კი ისეა გაკეთებული, რომ ქუჩას მაქსიმალური თვითმყოფადობა და სისადავე შეუნარჩუნდეს. სოლოლაკი, რომელიც ოდესღაც სამეფო ბაღებს წარმოადგენდა (მაშინდელი ავანაანთხევი), კვლავაც ინარჩუნებს ამ ბაღების სარწყავი არხების გეგმარებას. მიუხედავად იმისა, რომ აქაური ეკოსისტემა გადაგვარების წინაშე დგას, თითქოს ოდესღაც არსებული ბაღები სიმბოლიზდნენ და ხელახლა გაცოცხლდნენ მის მცენარეულ ორნამენტებსა და მოხატულობებში.



ეკოსისტემასთან და არქიტექტურული ძეგლების კარგვასთან ერთად ქრება ურბანული რეალობაც. ერთ-ერთი ადგილი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი ავთენტურობის ხარისხი, ასათიანის და ტაბიძის კვეთაა, სადაც ჩვენი საკვლევი შენობაა განთავსებული. ცნობილია, რომ სახლი მეწარმე ეველინა ტერ-აკოპოვას ეკუთვნოდა, მიუხედავად ამისა, წყაროებში დამატებითი ინფორმაციის მოძიება ჭირს. სახლი 1896 წელს არის აშენებული, მესამე სართული მოგვიანებით, 1932 წელს, დააშენეს.  ის რენესანსულ-ბაროკოული არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს. მარმარილოს ნიმუშები, როგორც ირკვევა, ანჯელო ანდრეოლეტის ვორქშოფში უნდა იყოს დამზადებული. ეს გარემოება სადარბაზოს კიდევ უფრო ღირებულს ხდის. ძმებ ანდრეოლეტებს დიდი კონტრიბუცია აქვთ თბილისის მშენებლობაში შეტანილი. ანდრეოლეტის ვორქშოფს უკავშირდება ქაშვეთის ტაძრის და დღევანდელი თიბისის სათავო შენობის მშენებლობაც. შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ შენობა ზუსტად ოტო სიმონსონის სახლის გვერდით არის მოთავსებული. როგორც ჩანს, მას ჯერ კიდევ მშენებლობის დროს ჰქონდა მაღალი არქიტექტურული ღირებულება.



შენობა ხეებს შორის არის ჩამალული და შეუძლებელია გვერდი ავუაროთ მის აურას, რომელიც სადარბაზოს დასათვალიერებლად გვეპატიჟება. ეს ბურჟუაზიული არქიტექტურის მისტიკაა. საკმარისია, ამ მისტიკას შეჰყვეთ და თავს დარბაზის ცენტრალური განათების ქვეშ აღმოაჩენთ, რომელიც ჭერიდან ისე ოსტატურად ეშვება, რომ ზებუნებრივი განათების განცდას ქმნის. თითქოს არქიტექტორს შენობაში გარკვეული გოთიკური აქცენტებიც კი აქვს დაჭერილი, კერძოდ, კიბის განვითარების და სინათლის შეფარდებაში. კიბეს მიუყვება მრავალნაწევრა მცენარე, რომლის გვირგვინებიც რიტუალურ ანაბეჭდებს ქმნიან და მოგვაგონებს გერბებს ან სიმბოლოებს. ის თხელი მარმარილოს ფილებისგანაა აგებული, ისე რომ მათზე მოძრაობისას გარკვეული უნიადაგობის განცდა იქმნება. მას არ აქვს მარმარილოს ტრადიციული სიმძიმე. ამ გარემოებას ამძაფრებს ფილების სარჩულიც, რომელიც საგანგებოდ, ასევე ორნამენტებით არის დამუშავებული. ეს ყველაფერი სინათლესთან შეფარდებაში ლევიტაციის განცდას ქმნის, რაც სადარბაზოს ძალიან მაღალ ხარისხზე მიუთითებს. ავტორს ის ჩაფიქრებული აქვს, როგორც გარდამავალი სივრცე ქუჩიდან სახლისკენ, რომელიც დატვირთულია გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობით. მოცემული იკონოგრაფიით უნდა ვიმსჯელოთ, რომ კიბეზე ასვლა წარმატებას, ამაღლებას ან საჯარო სივრციდან საკრალურისკენ სვლას უკავშირდება. თითქოს კიბე თავისი დელიკატური სტრუქტურით გარკვეულ სიმსუბუქეს მოითხოვს ჩვენგან, ეს სიმსუბუქე სინათლის შუქთან ერთად დრამატულად ვითარდება. შესასვლელში მოთავსებული ლამპიონიც იმაზე მიუთითებს, რომ სივრცის აურა,  დეტალების მკაფიო გამოხატულებით, მუდმივად უნდა შენარჩუნებულიყო.



განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს იმპერიული სტილის მოხატულობა, რომელიც შესასვლელის ჭერზეა განთავსებული. სოლოლაკის არაბესკები გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ისინი მრავალი დეტალისგან შედგება. ამ შემთხვევაში სურათი უფრო სადა, მინიმალისტური ხასიათისაა. რომაელი ჯარისკაცები  მცენარეულ-ორნამენტოვან გარსში არიან მოთავსებული. არაა გამორიცხული, რომ სურათი იტალიელი მხატვრის შესრულებული ყოფილიყო (რთულად დასაშვებია, რომ ის ადგილობრივ მხატვარს შეესრულებინა, რადგან მსგავსი სტილი ჩვენთან არ არსებობდა). იმპერიული სტილი ყველაზე დიდხანს სწორედ იტალიელებმა შეინარჩუნეს. რომაულ სტილთან კავშირის გამო, ის იტალიელებისთვის,თითქმის ეროვნულ სტილადაც იქცა. გარდა ამისა, იმპერიულ სტილს ვხვდებით ასათიანზეც, რაც გვაფიქრებინებს, რომ სოლოლაკის სადარბაზო მოხატულობები მის მფლობელებისთვის  გარკვეულ მოდურ ტენდენციას წარმოადგენდა.



თბილისური ბურჟუაზიული არქიტექტურა ყოველთვის გამოირჩევა გარკვეული ეკლექტურობით, რომელშიც ფორმების მინიმალისტური და დელიკატური შეხამება იკვეთება. ყველაზე კარგად ალბათ ეს სადარბაზოებში ჩანს, სადაც არაერთი დეტალია გაერთიანებული. იმის გამოსამჟღავნებლად, თუ რა როლი ჰქონდათ სადარბაზო ოაზისებს შენობის მთელ სტრუქტურაში, მიმდებარე ნიმუშების კვლევას ვაგრძელებთ.


გამოყენებული ლიტერატურა: თბილისური სადარბაზოები, 2012, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, თბილისი, მეორე გამოცემა, ISBN 978-9941-0-4661-2


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.