მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალს ახალი ფილმით უბრუნდება
კანის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 2020 წელს გამოცხადებული კოვიდპანდემიის შემდეგ წელს, 2021 ივლისში პირველად ჩატარდება.
ამ ეტაპზე ბევრი დეტალი დაუზუსტებელია, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცით, ფესტივალზე დასასწრებად აკრედიტებულ პირებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ჩატარებული კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა, ან თან უნდა იქონიონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
რაც მთავარია, უკვე ზუსტად ვიცით ფესტივალის სხვადასხვა სექციაში წარდგენილი ფილმების ჩამონათვალიც და მათ შორისაა ალექსეი გერმანის ახალი კინოსურათიც House Arrest, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობს.
House Arrest-ს უჩვენებენ სპეციალურ სექციაში – “განსაკუთრებული ხედვა“.
ფილმი რუსი პროფესორის ისტორიას გვიყვება, რომელიც სოციალურ ქსელში საკუთარი ქალაქის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. მოგვიანებით კი მას შინაპატიმრობას მიუსჯიან.
რაც შეეხება კანის მთავარ საკონკურსო პროგრამას, წელს ფესტივალზე დამსწრე აკრედიტებული პირები ნახავენ პოლ ვერჰოვენის, შონ ბეიკერის, ნადავ ლაპიდის, ფრანსუა ოზონის, უეს ანდერსონის, ასგარ ფარჰადისა და კინოსამყაროში უკვე კარგად ნაცნობი სხვა რეჟისორების ფილმებს.
წლევანდელ ფესტივალს ლეო კარაქსის ფილმი Annette გახსნის, რომელშიც მთავარ როლებს ადამ დრაივერი და მარიონ კოტიარი ასრულებენ.
2021 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ამერიკელი კინორეჟისორი სპაიკ ლი იქნება, რომელმაც შარშან გაუქმებული ფესტივალის გამო ეს მოვალეობა ვერ შეასრულა.
კანის 74-ე კინოფესტივალს ფრანგული რივიერა 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.