fbpx

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები თანამედროვე მუსიკის ისტორიაში – 60-70-იანი წლები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

სანამ ელვის პრესლი მილტონ ბერლის შოუში მიიღებდა მონაწილეობას, 1956 წლის  5 ივნისს, ის ტელევიზიისთვის უცხო არ იყო, მათ შორის – ბერლის შოუსთვის. თუმცა, ეს სატელევიზიო პერფორმანსი სხვებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

გიტარისგან გათავისუფლებულმა პრესლიმ  Hound Dog-ის შესრულებისას, თავისი  იკონური მოძრაობებით, პრესისგან და კონსერვატორი ამერიკისგან განსხვავებით, ახალგაზრდების გული მაშინვე მოიგო, რომლებმაც მომღერალს როკ-ენ-როლის მეფის ტიტული მიანიჭეს. 

ედ სალივანის შოუმ მსოფლიოს არაერთი წარმოუდგენელი და სკანდალური მუსიკალური  მომენტები შესთავაზა, მაგალითად, ელვის პრესლის ჰიპ-სვინგი, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება The Beatles სადებიუტო გამოსვლას. 1964 წლის 9 თებერვალს The Beatles რეკორდული, 73 მილიონი მაყურებლის წინაშე წარდგა და ასე დაიწყო “ბრიტანული შეჭრა” (British Invasion). ამ დღეს ჯონ ლენონმა, პოლ მაკ-კარტნიმ, ჯორჯ ჰარისონმა და რინგო სტარმა გადაკვეთეს უფსკრული  ბრიტანულ და ამერიკულ მუსიკას შორის და სამუდამოდ დააკავშირეს ისინი. პერფორმანსმა არნახული გადატრიალება მოახდინა მუსიკაში, რომელსაც ბიტლომანია (Beatlemania) ეწოდა. 

ნიუპორტის ფოლკლორული ფესტივალის გულშემატკივართა რჩეულმა ბობ დილანმა,  1963 და 1964 წლების პერფორმანსების წყალობით, 65 წელს  “თაობის სპიკერის” ტიტული მიიღო და ფესტივალს სათავეში ჩაუდგა. მუსიკოსი სცენაზე Paul Butterfield Blues Band-ის წევრებთან ერთად წარდგა და Fender Stratocaster-ის ელექტროგიტარით ფოლკლორს დაშორდა, რასაც ფესტივალის დამსწრეების და ორგანიზატორების დიდი აღშფოთება მოჰყვა. ეს გადამწყვეტი მომენტი იყო, რამაც როკ-ენ-როლის აღზევებას დაუდო საფუძველი. 

ვუდსტოკის ფესტივალმა მსოფლიოს ისეთი ჯგუფის პერფორმანსებით დაამახსოვრა თავი, როგორიცაა – The Who და Jefferson Airplane. მიუხედავად ამისა, არც ერთ მათგანს არ ჰქონია ჯიმი ჰენდრიქსის მსგავსი კულტურული გავლენა. ფესტივალი დაგეგმილი  გრაფიკით არ ტარდებოდა და Sha-Na-Na-ს გამოსვლის შემდეგ, ორშაბათს დილით, ჰენდრიქსი 400,000  დამსწრიდან 30,000-ის წინაშე წარდგა სცენაზე. დარჩენილი აუდიტორია მან The Star-Spangled Banner-ის ახალი ინტერპრეტაციით გააოცა. ეს იყო პერფორმანსი, რომელმაც ვიეტნამის ომის წინააღმდეგ კონტრკულტურული აჯანყება განაპირობა და ჰენდრიქსის ამერიკისადმი დაუოკებელ სიყვარულს გაუსვა ხაზი. 

მუსიკალურ ექსპერიმენტებზე აქცენტით, Led Zeppelin-მა როკი რადიკალურად შეცვალა. კერძოდ, სიმღერით Whole Lotta Love, რომელიც აღნიშნული ჟანრის ახალი მიმართულებისკენ პირველი ნაბიჯი იყო. ჯგუფი უფრო ხმამაღალ, უფრო სწრაფ და უფრო მძიმე მუსიკას ქმნიდა. მათ როკ-ენ-როლის ყველა ასპექტი გააერთიანეს და არსებითად “შექმნეს” ის, რასაც დღეს მძიმე როკის სახელით ვიცნობთ. 

The Rolling Stones-ის 1969 წელს ალტამონტის ფესტივალზე გამოსვლას  ტრაგიკული დასასრული მოჰყვა. კონცერტში მონაწილეოდა არაერთი პოპულარული ბენდი  და მას 300,000-ზე მეტი მუსიკის მოყვარული ესწრებოდა. ფესტივალის უსაფრთხოებას “ჯოჯოხეთის ანგელოზები” (Hell’s Angels) უზრუნველყოფდნენ. ღონისძიება ძალადობაში გადაიზარდა, The Rolling Stones-ის გამოსვლის დროს კი ერთ-ერთმა მსმენელმა მერედიტ ჰანტერმა რევოლვერი ამოიღო, რის შემდეგაც “ჯოჯოხეთის ანგელოზების” წევრმა ის დანით დაჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა –  უბედური შემთხვევის შედეგად ფესტივალზე კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. ჟურნალმა  Rolling Stones-მა ფესტივალს “როკ-ენ-როლის ისტორიაში ყველაზე ცუდი დღე” უწოდა.

1970 წლის 21 თებერვალს ამერიკამ ჯექსონების ოჯახი პირველად გაიცნო. ჯგუფი, სახელწოდებით The Jackson 5, რომლის წევრებიც ჯეკი, მარლონი, ტოტო, ჯერმეინი და მაიკლი იყვნენ, დიკ კლარკის შოუში – American Bandstand წარდგა სადებიუტო სინგლით – ABC. პოპ-ფანკის ჟღერადობით, ქორეოგრაფიული ცეკვითა და ახალგაზრდული ენერგიით ჯგუფმა აუდიტორია მაშინვე მონუსხა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მაიკლ ჯექსონი გამოირჩეოდა, რომელიც კარიერის დასაწყისშიც ქარიზმით სავსე იყო. შოუში The Jackson 5-ის გამოჩენამ მთელი ოჯახი ვარსკვლავად აქცია და ამასთან ერთად “boyband”-ის ფორმულას დაუდო საფუძველი. 

დეივიდ ბოუიმ მრავალი ალტერ ეგო შექმნა მისი კარიერის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე გამორჩეული ბისექსუალი უცხოპლანეტელი როკ-ვარსკვლავი Ziggy Stardust იყო. 1970-იან წლებში საზოგადოება შორს იყო გლემ-როკ-მუსიკოსების და პროგრესული სექსუალური ორიენტაციის მიღებისგან, Ziggy Stardust კი თამამი და სკანდალური პერსონა იყო.  Playboy-ს ყოფილი ვოკალისტით, ვინს ტეილორით შთაგონებული ბოუი ცოცხალ შოუებს დრამატულ ტონს სძენდა და ამასთან ერთად კოსმოსში მოგზაურობის თემას განავრცობდა, რომელიც მომღერალში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. პერსონა მხოლოდ ერთ ალბომში გვხვდება, თუმცა Ziggy-ის მემკვიდრეობა სიცოცხლეს კვლავ განაგრძობს.  

1975 წლის 25-26 ოქტომბერს  ელტონ ჯონმა დოჯერის სტადიონზე ორ შოუს უმასპინძლა. ის The Beatles-ის შემდეგ პირველი მუსიკოსი იყო 9 წლის განმავლობაში, რომელიც აღნიშნულ სტადიონზე, სცენაზე წარდგა. ამის გათვალისწინებით, კონცერტს 100,000-ზე მეტი მსმენელი დაესწრო და იმ დროისთვის სოლო არტისტის მიერ შესრულებული ორი ყველაზე დიდ კონცერტი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჯონმა შოუმდე რამდენიმე დღით ადრე თვითმკვლელობა სცადა. საბედნიეროდ, ის გადარჩა და Rocketman-მა მის კარიერაში ორი საუკეთესო პერფორმანსი შემოგვთავაზა. 

ზოგიერთი მუსიკოსის გავლენა ისეთივე მნიშვნელოვანია სოციალურ-პოლიტიკურად, როგორც მუსიკალურად. ბობ მარლი ამის ნათელი მაგალითია, რადგან მომღერალი თავის  პლატფორმას სოციალური მესიჯის გასავრცელებლად იყენებდა. ასეთ მნიშვნელოვან ფიგურას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა. 1976 წლის 3 დეკემბერს, ბობ მარლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შეიარაღებულებს სავარაუდო კავშირი ჰქონდათ მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიასთან. ინციდენტი მომღერლის დაგეგმილ კონცერტამდე 2 დღით ადრე მოხდა. მომხდარის მიუხედავად, რეგის ვარსკვლავმა უკან არ დაიხია და 90-წუთიანი სეტით წარდგა 80,000 ფანის წინაშე

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.