fbpx

ნაქარგი სიტყვები – ინტერვიუ ქეთი ნადიბაიძესთან 


გააზიარე სტატია

ქეთევან ნადიბაიძე პროფესიით თეატრისა და კინოს მხატვარი და ინტერიერის დიზაინერია. მისი შემოქმედება მოიცავს როგორც სცენოგრაფიასა და კოსტიუმების დიზაინს, ასევე კომერციულ პროექტებს.   ცოტა ხნის წინ მან მუშაობა დაასრულა საკუთარ საცხოვრებელ ბინაზე,  რომლის ინტერიერშიც ხშირად შეხვდებით თეთრ ტილოებზე ამოქარგულ სიტყვებს, ყველა სიტყვა ავტორის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილ ისტორიას თუ ემოციას უკავშირდება, პერსონალური, ინტიმური ნარატივები  თუ შემთხვევით გაგონილი, უხეში, ხანაც –  მსუბუქი და სენსიტიური ფრაზები ქეთევანისთვის სახასიათო ხელწერად იქცა. 

At.ge გთავაზობთ ინტერვიუს ქეთევან ნადიბაიძესთან 

 

როდის და რატომ დაიწყე სიტყვების ამოქარგვა?

ყოველთვის მიყვარდა ბლოკნოტები, სადაც სულ ჩანაწერებს და ჩანახატებს ვაკეთებდი – ხან საქმიანს, ხან პირადს. თუ რამე მნიშვნელოვანს გავიგებ ან დავინახავ, ყოველთვის ვიწერ, ან ჩანახატს ვაკეთებ. ხშირად ჯღაბნას უფრო ჰგავს ეს ყველაფერი. მოკლედ, ძალიან ბევრი დაგროვდა და ერთ დღესაც, როცა სულ სხვა რაღაცის ძებნაში ვიყავი გართული, გადავაწყდი ფრაზას, რომელმაც ბევრი რამ გამახსენა. მომინდა, მივყოლოდი ყველაფერს, რაც იმ პერიოდში ჩამიწერია. გადმოვიღე ყველა ბლოკნოტი და ყველა ეს სიტყვა ამოვიწერე, ერთად დავალაგე და მივხვდი, რომ ისინი ერთ ისტორიას ჰყვებოდნენ. ერთი ემოცია და გრძნობებია სიძულვილი, სიყვარული, დამცირება, ტკივილი და სიხარულიც. მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარსულია და ჩემი ისტორია. მომინდა ამ ყველაფრის გამოხატვა და ხელოვნებაში გადმოტანა, უფრო სწორედ, იმაში, რის კეთებაც მიყვარს და რის კეთებაც შემიძლია.

რამ შთაგაგონა?

ყველაზე მეტად არ მინდა, რამეს ვნანობდე, თუმცა სინანულის გარეშე ცხოვრება არ გამოდის. მინდა, რომ ერთხელ ვთქვა, ვიყვირო ჩემი სათქმელი და შემდეგ სამუდამოდ დავივიწყო, დავივიწყო და დავტოვო წარსულში. მინდა, ყველა ქალს მივუძღვნა ჩემი ტკივილიც და სიყვარულიც. 

ვიფიქრე, რომ ამ ნაქარგებში იყო გზა ლაპარაკის და ყვირილისაც კი. ეს არის ისტორია, რომელმაც დამამარცხა, რომელმაც წამაქცია, მაგრამ ბოლოს ძალიან გამაძლიერა, ამიტომ ამ ყველაფერზე მხოლოდ მოყოლით ლაპარაკი არ ღირს, ასეთი ისტორიები ყოველთვის გვინდა ისე მოვყვეთ, როგორც ზღაპარს მოვყვებოდით… ჰო, და მინდა, რომ ზღაპრად ვაქციო ის ყველაფერი. ალბათ ეს იყო ამ ყველაფრის შთაგონება.

როგორ არჩევ სიტყვებს, რომლის დატანაც ნაჭრებზე გსურს?

ძალიან უცნაურია, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც ამოვქარგე, იყო “მიყვარხარ”, შემდეგ უკვე ემოციურად მივყვები. ზოგი სიტყვა და ფრაზა გადადებული მაქვს და ვიცი, რომ დრო მჭირდება ყველაფრის ქსოვილზე გადმოსატანად. საბოლოოდ, ალბათ ყველაფერი ამოიქარგება, ყველაფერი, რისი თქმაც მსურს. წინასწარ არასდროს ვარჩევ, თითქოს თავად სიტყვები მიკარნახებენ – ახლა ვისი ჯერია 

რა ემოციებთან არის დაკავშირებული სიტყვები, რომლებსაც ნაჭერზე ქარგავ?

ეს ყველა სიტყვა თუ წინადადება წლების განმავლობაშია დაგროვილი, მიყვარს იმ სიტყვების ჩაწერა, რომელიც რაღაც ემოციებს იწვევს ჩემში, ან რამე კონკრეტულ მომენტთან არის დაკავშირებული. შეიძლება ეს ვინმეს ნათქვამი იყოს ჩემ მიმართ, ან ჩემი ფიქრები, რომელიც იმწამს მიჩნდება, რომელიც იმ მომენტში მაკავშირებს სამყაროსთან და ძალიან ახლობელი ხდება ჩემთვის.  ხშირად თითქოს თავისით ჩნდება სიტყვები ჩემში, პოეზიას ჰგავს ეს ყველაფერი. ამიტომ ვიწერ ყველაფერს, ტკივილსაც და სიხარულსაც, ვიწერ ყველა იმ სიტყვას, რომელიც კედელზე მინარცხებას ჰგავს.

ამ ყველაფრის შექმნა არ მიფიქრია რაიმე მიზნისთვის, ან სადმე გამოყენებისთვის, მაგრამ ალბათ ყველაფერი რაღაცისთვის კეთდება, ყველაფერს სადღაც მივყავართ. ამიტომ ეს არის ემოციები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ღრმად არის ჩემში. 

როგორ ფიქრობ, რა ძალა აქვს სიტყვებს?

ცხოვრებაში არის მომენტები, როცა არაფრის თქმა არ არის საჭირო და ეს იდუმალი წუთები ყველაზე ძვირფასია, მაგრამ ასევე ძვირფასია სიტყვები, რომლის თქმაც ხშირად გვიჭირს ან გვეშინია. 

ასევე, არის სიტყვები, რომლებსაც დიდი ტკივილის ან ზიანის გამოწვევა შეუძლია, და საერთოდ, არც ვილაპარაკებდით ადამიანები, სიტყვებს მნიშვნელობა რომ არ ჰქონოდა.

მაგრამ, ზუსტად ამიტომ არსებობს ხელოვნების ნებისმიერი მედიუმი, სადაც სიტყვებს სხვანაირად ამბობ, სადაც შენ სათქმელს სხვანაირად გამოხატავ. არ შემიძლია გადაწყვეტით ვთქვა, რა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს ან უსიტყვობას, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ სიტყვებმა ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა, არსებობენ ისეთი სიტყვებიც, რომელთა დავიწყებაც არ შემიძლია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.