სალი ნიკოლაიშვილის 365 დღიანი გამოწვევა- ერთი დღე – ერთი ილუსტრაცია.
ავტორები: გიორგი ნაზღაიძე, თამუნა გეფერიძე
ყოველი ახალი თვე ახალი თემა, ყოველი ახალი დღე -ახალი ილუსტრაცია. სალი ნიკოლაიშვილის მიერ ერთი წლის წინ დაწყებული გამოწვევა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ყოველ დღე ახალი ნამუშევრის შექმნის მთავარი ინსპირაცია გარემოში მიმდინარე ცვლილებები და მოვლენებზე ავტორის დაკვირვების შედეგად გამოწვეული გრძნობები და შთაბეჭდილებებია.
სალი ნიკოლაიშვილი:
“365 დღის წინ დავიწყე გამოწვევა, რომლითაც ვფიქრობ, საკუთარ თავს საუკეთესო რამ გავუკეთე. არაა საჭირო ელოდო სხვისგან რაიმე ინიციატივას, როდესაც თავად შეგიძლია საკუთარ თავს გაუკეთო ისეთი რამ, რაც კარგი ან ძალიან კარგი იქნება. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ამაზე კარგს ვერც მოვიფირებდი.
საკუთარი თავი ამყოფო მუდმივ ტონუსში, რეჟიმში და მუდმივ განვითარებაზე ფიქრობდე მგონია, რომ დიდი ბედნიერებაა.
უფრო მეტად დავიწყე იმის დაფასება თუ რამდენი რამ ხდება ყოველდღე და როგორ ვერ ვამჩნევდი ბევრ რამეს აქამდე. ყოველდღიური მოვლენა თუ განწყობა დიდ გავლენას ახდენდა თითოეულ ილუსტრაციაზე. ყველა თემა განსხვავებულია. ყოველი დღეც განსხვავებული.
ერთი წელი ბევრად უფრო საინტერესოდ და ლამაზად გავიდა. უფრო მეტ დეტალზე ვამახვილებდი ყურადღებას და კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ყოველდღე სამყარო საინტერესო მოვლენებთან გახვედრებს, ამას კი უბრალოდ თვალის გახელა და დანახვა სჭირდება.
გული მწყდება, რადგან რაღაც ძალიან დიდი, ჩემი ყოველდღურობის ნაწილი დავასრულე ,მაგრამ დასასრული ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია”














































