#11 – რვა სიახლე წიგნის ფესტივალზე
ავტორი: მიშა ციხელაშვილი
24 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცე ოთხი დღით თბილისის წიგნის 23-ე ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი, რომელიც შარშან ონლაინ გაიმართა და ამჯერად ძველებურ ფორმატს უბრუნდება და მკითხველს მე-11 პავილიონში მიიღებს. კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, გაკონტროლდება ვიზიტორთა ნაკადი და გრძელი რიგების თავიდან ასაცილებლად, მსურველები ამ ბმულზე წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, გამომცემლები აპრილი-აგვისტოს (დაახლოებით) პერიოდში ძირითადად ფესტივალზე კონცეტრირდებიან ხოლმე და წლის უმთავრეს სიახლეებს სწორედ ამ დღეებისთვის აანონსებენ. ნაკლებ აქტიურია ხოლმე ფესტივალის შემდგომი თვეები, როცა მკითხველს უკვე მომარაგებული აქვს რამდენიმე თვის საკითხავი და იმდენ ყურადღებას აღარ აქცევს ახალ გამოცემებს, როგორც მანამდე.
შემცირებული სიახლეების მიუხედავად, გამომცემლებმა მეტნაკლებად მაინც მოახერხეს იმ დინამიკის შენარჩუნება, რომლითაც ფესტივალს ხვდებოდნენ ხოლმე, ამ რვეულში კი რვა ქართული გამომცემლობის სიახლეებს გაგაცნობთ თარგმნილი პროზის კატეგორიაში.
რობერტ მუზილი – ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა
(გამომცემლობა დიოგენე)
ევროპული ლიტერატურის კლასიკოსის, რობერტ მუზილის პირველი რომანი, რომელიც 1906 წელს გამოიცა, ახალგაზრდა ტერლესის თვითგამორკვევის შესახებ მოგვითხრობს. ბიჭი მშობლების სახლს ტოვებს და პანსიონში მიდის სასწავლებლად, სადაც ერთ-ერთი მოსწავლისადმი ლტოლვა მასში სიამოვნებასთან ერთად სირცხვილის უდიდეს შეგრძნებასაც იწვევს. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ პანსიონის ძლადობრივი გარემო ყმაწვილ ტერლესს არ აძლევს სრულ თავისუფლებას გამორკვევის და თვითიდენტიფიცირების პროცესში და ბიჭი იმაზე უფრო დიდი ძალისხმევის გაღებისთვის უნდა იყოს მზად, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა.
წიგნი, ისევე როგორც მუზილის სქელტანიანი ორტომეული „უთვისებო კაცი“ მაია ბადრიძემ თარგმნა
ბერნარდინ ევარისტო – გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი
(გამომცემლობა პალიტრა L)
ნიგერიული წარმოშობის ბრიტალემა მწერალმა ბერნარდინ ევარისტომ 2019 წელს მარგარეტ ეტვუდთან ერთად გაიყო ბუკერის პრემია რომანისთვის „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი.“
წიგნი რომელიც ოთხ ნაწილადაა დაყოფილი, თითო ნაწილში სამი ერთმანეთთან ნათესაურად, მეგობრობით, სიყვარულით თუ სხვა სახის ურთიერთობით დაკავშირებული ქალის ისტორიებს მოგვითხრობს. მწერალი პერსონაჟებს სხვადასხვა ეპოქის დიდ ბრიტანეთში გვიხატავს და გვაცნობს მათი თვალით დანახულ სამყაროს, ემიგრაციის მძიმე რეალობას და გაუთავებელ ბრძოლას ახალი გზების გაგნებისთვის.
თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხმა, ბერნარდინ ევარისტო, რომელიც პუნქტუაციის საკუთარივე შემუშვებული წესებით წარდგება მკითხველის წინაშე, ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა და გამოიცა.
რომანი თამარ ჯაფარიძემ თარგმნა.
გერტრუდ სტაინი – სამი სიცოცხლე
(გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
საკუთარი პუნქტუაციითა და სინტაქსით „გვიტევს“ გერტრუდ სტაინიც, რომლის პირველი რომანი „სამი სიცოცხლე“ ქართულად ითარგმნა და წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. 1900-იან წლებში, გერტრუდ სტაინმა ძმის, ლეო სტაინის წაქეზებით გუსტავ ფლობერის „სამი ზღაპრის“ თარგმნას შეეჭიდა, რათა ფრანგული ენის ცოდნა გაეუმჯობესებინა. სწორედ ამ პერიოდში 1905-06 წლებში, დაიწყო სტაინმა საკუთარი ტექსტის „სამი სიცოცხლის“ წერა.
რომანში სამი ქალის – კარგი ანას, მელანქტასა და თვინიერი ლენას – ისტორიები გამოგონილ ქალაქ ბრიჯპოინტში ვითარდება; მათი ამბები ერთმანეთს არ კვეთს, მაგრამ სამივეს იმ რეალობასთან უწევს შეჯახება, რაც ღარიბი ემიგრანტი მშრომელი ქალების ხვედრი იყო იმდროინდელ ამერიკაში.
წიგნი თავად გამომცემელმა და მთარგმნელმა მარი კორინთლმა თარგმნა.
ტორკუატო ტასო – ამინტა
(გამომცემლობა უნივერსალი)
იტალიური კლასიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტექსტი, პასტორალური ლიტერატურის შედევრად მიჩნეული პიესა „ამინტა“, რომელიც 1573 წელს დაიწერა და კუნძულ ბელვედერეზე დაიდგა, წიგნად 1580 წელს დაისტამბა.
„ამინტას“ მოქმედება გამოგონილ ადგილებში „ნეტარ სავანესა” და “მდინარეზე გაშენებულ ქალაქში” ვითარდება. ალექსანდრე მაკედონელის პერიოდში მოთხრობილი სიყვარულის ისტორია მხოლოდ ის საბურველია, რომლითაც ტასო მის თანამედროვე იტალიას ხატავს. მკვლევართა აზრით, გამოგონილ ადგილებში ქალაქი ფერარა და მისი ჰერცოგის, ალფონსო II დ’ესტეს კარი მოიაზრება. სწორედ ჰერცოგის კარზე დაწერა პიესა.
„ამინტა“ საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა მსოფლიოს მრავალი ხელოვანის – მხატვრებისა, კომპოზიტორებისა თუ პოეტების – შთაგონების წყარო. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენამდე მოღწეულ ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ჩანაწერში, სადაც ადამიანის ხმა ისმის, სწორედ „ამინტას“ პროლოგი გვესმის.
თერთმეტ და შვიდმარცვლიანი, ურითმო ლექსით დაწერილი პიესა ქართულ ენაზე გიორგი ცქიტიშვილმა თარგმნა და მას ქართული წყობისთვის უფრო დამახასიათებელი ათი და თოთხმეტმარცვლიანი რიტმი შეუსაბამა.
ჯორჯ ორუელი – პარიზისა და ლონდონის ფსკერზე
(ქარჩხაძის გამომცემლობა)
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ჯორჯ ორუელის პირველი წიგნი, დოკუმენტური და ავტობიოგრაფიული „პარიზისა და ლონდონის ფსკერზე“. მას შემდეგ რაც 24 წლის ერიკ არტურ ბლერმა (ფსევდონიმი „ჯორჯ ორუელი“ სწორედ ამ ტექსტში ჩნდება პირველად) ბირმაში პოლიციელის პოსტი დატოვა და მწერლობა გადაწყვიტა, პორტობელო როუდზე გადასახლდა და ჟურნალისთვის მაწანწალის თვალით დანახული ლონდონის შესახებ დაიწყო წერა. ერთი წლის შემდეგ, ორუელი პარიზში, ლათინურ კვარტალში გადაცხოვრდა და იგივე სამწერლო პრაქტიკას მიჰყო ხელი.
ტექსტები, რომლის წიგნად გამცემაზეც ორუელს ბევრმა რედაქტორმა და გამომცემლმა უთხრა უარი, საბოლოოდ 1933 დაიბეჭდა. „პარიზისა და ლონდონის ფსკერზე“ ამ ორ პომპეზურ ქალაქში მცხოვრები შუა და მაღალი კლასის საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტექსტი იყო, რათა ამ ოჯახებს აღარ შეძლებოდათ თვალი დაეხუჭათ მათ გარშემო არსებულ რეალობაზე და უკეთ გაეცნოთ საკუთარი ქალაქები და მოსახლეობა.
წიგნი ქართულად ნოდარ მანჩხაშვილმა თარგმნა
სალი რუნი – ჩვეულებრივი ადამიანები
(სულაკაურის გამომცემლობა)
თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა, 30 წლის სალი რუნი ქართულად პირველად ითარგმნა. ღიად მარქსისტი მწერალი თავისი ხისტი რეალობით, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობაზე სასიყვარულო ისტორიებისა თუ ადამიანთა შორის უშუალო, ყოველდღიური დიალოგების გზით გვესაუბრება, არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულებას და ამ დამოკიდებულებების განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოგვიჩენს.
რომანი ორი თინეიჯერის, კონელის და მერიენის მეგობრობასა და სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ გვიყვება 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდგომ ირლანდიაში. წიგნი 2018 წლის ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა და აღიარება არ მოჰკლებია, თუმცა საერთაშორისო პოპულარობა 2020 წელს მისი მიხედვით გადაღებულმა სერიალმა მოუტანა.
წიგნი ქართულად გურამ ღონღაძემ თარგმნა.
სტეფანი პელეტიე – როცა კრაზანები ჩუმდებიან
(გამომცემლობა აგორა)
გამომცემლობა „აგორა“, რომლის პროფილიც ფრანგულენოვანი ლიტერატურაა, საფესტივალოდ კვებეკელი მწერლის სტეფანი პელეტიეს მოთხრობების კრებულის „როცა კრაზანები ჩუმდებიან“-ის გამოცემას აანონსებს.
საქართველოში კანადური ლიტერატურის ძირითადად ინგლისურენოვანი წარმომადგენლები გამოიცემიან, ამიტომაც განსაკუთრებით საინტერესოა ქვეყნიდან იმ ავტორის გამორჩევა, რომელიც „მეორეხარისხოვან“ ენაზე წერს. ტკივილიან ყოველდღიურბაში ჩაკარგული, თვითაღმოჩენის პროცესში მყოფი პერსონაჟებით სავსე ამ კრებულს 2013 წელს კანადის გენერალური გუბერნატორის პრემია მიენიჭა.
წიგნი ქართულად ნანა ლალიაშვილმა თარგმნა
ჯეიმზ ჯოისი – ღამისთევა ფინეგანისთვის
(გამომცემლობა არტანუჯი)
ბოლოს კი მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსის, ირლანდიელი ჯეიმზ ჯოისის ბოლო რომანი „ღამისთევა ფინეგანისთვის“ ვახსენოთ, რომელიც ავტორის აზრით მისი საუკეთესო ტექსტი გახლდათ.
ჯოისმა ტექსტზე მუშაობა 1922 წელს „ულისეს“ გამოქვეყნებიდან მალევა დაიწყო, თუმცა „ღამისთევა ფინეგანისთვის“ მხოლოდ 1939 წელს, მწერლის გარდაცვალებამდე წელიწადნახევრით ადრე გამოიცა.
სამწერლო ენა, რომელიც ბევრი კრიტიკოსის აზრით ჯოისის მცდელობაა შეექმნა ძილისა და სიზმრისეული გამოცდილება ტექსტის მედიუმში, ამ წიგნის თარგმნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ჯოისის ტექსტების თარგმნა 1970-იანი წლებიდან მოყოლებული სამეცნიერო პროცესის ნაწილია უფროა ვიდრე საგამომცემლო ბიზნესის. ის დღემდე რჩებოდა ჯოისის იმ ტექსტად, რომელიც ქართულად არ არსებობდა. წიგნი თამარ გელაშვილმა თარგმნა.