ვიდეო მშვიდობის მოძრაობა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-Tbilisi)
თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი (CCA-Tbilisi)
03.07.2021 – 11.07.2021
ფესტივალ “ვიდეო მშვიდობის მოძრაობის” კონცეფცია ეფუძნება მშვიდობის, როგორც საერთო, საზოგადო განვითარების უმნიშვნელოვანესი მოცემულობის გააზრებას, წარსულის გამოცდილებასა და ახალი გზების ძიებას.
ადამიანის ბუნებასთან მშვიდობიანი თანაარსებობა, მისი შინაგანი სიმშვიდე და იმის პოტენციალი, რომ უკეთესობისკენ გარდაიქმნას და გარდაქმნას, დომინირებიდან მშვიდობიან თანაარსებობაზე მიმართოს ენერგია, დღემდე უცვლელ გამოწვევად რჩება კაცობრიობისათვის.
არსებობს არაერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაპირისპირება და უთანხმოება, თუნდაც რაციონალური, ელემენტარული შეთანხმების გზით ვაქციოთ ურთიერთობის შესაძლებლობად. საზოგადოების სპექტაკლი აბსურდის თეატრში, რომელიც მედიასაშუალებების დომინაციის გზით იქმნება, საზოგადოების კონტროლის იარაღად იქცა (მასმედია, სოციალური მედია) და ერთგვარ მოჯადოებულ წრედ შეიკრა, სადაც მშვიდობიანი თანაარსებობა მხოლოდ შაბლონურ სიტყვებად არსებობს.
მედიაკონტროლის ერთ-ერთი მაგალითი თავად ქართული ვიდეოხელოვნების არქივია, როდესაც 2021 წელს მსოფლიო მედიაგიგანტმა YOUTUBE-მა მთელი არქივი წაშალა აბსურდულ პროტოკოლთან შეუსაბამობის გამო, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად შაბლონურია თავისუფალება და შემოქმედება, რაოდენ დიდია ცენზურა და კონტროლი.
ფესტივალის მთავარი მიზანია შექმნას გარემო, ერთგვარი ოაზისი უდაბნოში, სადაც დამსწრე საზოგადოება შეძლებს შთაგონებად აქციოს მოძრავი გამოსახულების ალტერნატიულ დინებებზე დაკვირვება, ისაუბროს და გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობიანი თანაარსებობა ადამიანისთვის და ბუნებისთვის.
ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმში “გზა შინისაკენ” ისმის ფრაზა: ყველაფერი კარგი და ცუდი წიგნებიდან მოდის. მთავარია სწორად შევარჩიოთ ის, თუ რას ვკითხულობთ და ვუყურებთ, სათანადოდ გავიაზროთ და შედეგად სწორი დასკვნები გავაკეთოთ.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ალექსი სოსელია – ფესტივალის კურატორი / არქივის თანადამფუძნებელი
+995 555 383 216 / [email protected]
ქართული ვიდეოხელოვნების არქივი
+995 593 565 845 / [email protected]