Blow up – ანუ ფოტოგადიდების ეფექტი
ავტორი: მარიამ ბერძენიშვილი
ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ, რომ თუ რაიმეზე ფოკუსირებას მოახდენთ, შემდეგ ამ საგნის, მოვლენისა თუ ადამიანის ანარეკლები თქვენი მეგზურები ხდებიან, დაგყვებიან ქუჩებსა თუ შენობებში, თითქოს ისინი მუდამ გვერდით არიან იმ დრომდე სანამ შესასწავლ ობიექტს არ შეიცვლით.
ბევრი რამაა ჩვენს გარშემო რაც თითქოს ვიცით, მაგრამ კარგად არასდროს დავკირვებივართ, მაგალითად შენობები ჩვენს ქალაქში, რომელსაც ყოველდღიურად ჩავუვლით, საგნები, რომლებიც სახლში გვაქვს და უცხო თვალით არასდროს შეგვიხედავს, იმ დრომდე სანამ სტუმრად მოსული ადამიანი არ შეამჩნევდა მათ განსაკუთრებულობას, ან თუნდაც ჩვენი პიროვნების ის მხარე, რომლითაც არავინ გვიცნობს…
Blow Up ანუ ფოტოგადიდების ეფექტი სწორედ დაფარულის აღმოჩენაა, პატარა დეტალები რომლებზე დაკვირვებითაც ახალი ისტორიები იქმნება. ვეცდები ამ სათაურის ქვეშ გავაერთიანო ეს ისტორიები და საინტერესო ფორმით მოგაწოდით.
დღეს ახალი რუბრიკის მთაგონების წყაროზე, იტალიელი რეჟისორის მიქელანჯელო ანტონიონის საკულტო ფილმ Blow up ანუ ფოტოგადიდებაზე მოგიყვებით.
1966 წლის ფილმი, სადაც 60- იანი წლების მოდა, კულტურა და ცხოვრების წესი ყოველგვარი შელამაზების გარეშეა წარმოდგენილი, ჰედონისტური სამყარო, სავსე პოპ-მუსიკით, ნარკოტიკითა და მარტივი სექსით; ფილმი რომელიც დღევანდელ დღეს ალბათ ყველაზე პოპულარულია სოცილურ ქსელებში კადრების სილამაზითა და მისი იდეალური კომპოზიციით.
ფოტოგრაფის სტუდიაში შეხედვა, გლამური, მოდელები და ლამაზი სამოსი, რომელიც თვალს ხიბლავს და მაყურებელს იზიდავს, ამ ფილმის წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარი პერსონაჟისთვის არც თუ ისე საინტერესოა, მისთვის ეს ჩვეულებრივი რუტინაა, საქმე რომელსაც ფულისთვის აკეთებს, ხოლო თავისუფალ დროს ყოფითი ჟანრის ფოტოებსა და პეიზაჟებს იღებს. სინამდვილეში მას სურს მეტი გაიგოს და დაინახოს აკვირდება გარემოს და ქვეცნობიერად ცდილობს რაიმეს ახლის აღმოჩენას. თითქოს ქალის სილამაზეც გაიცვითა მისთვის და ეგზისტენციალურმა ფიქრებმა მოიცვა, ამ შეგრძნებას კი პარკში უცნობი წყვილისთვის გადაღებულ ნეგატივებში აღმოჩენილი მკვლელობის კადრები უმძაფრებს. იგი შეპყრობილი ხდება ამ თემით და ყველაფერი ამ თემის გარდა, აზრს კარგავს მისთვის.
ფოტოგრაფი ტომასი თავისებურად ცდილობს ეს საქმე გამოიძიოს, საკუთარ გადაღებულ ფოტოებს ადიდებს და ეძებს რაიმე ხელჩასაჭიდს, მაგრამ იგი რეალურად ვერ პოულობს მტკიცებულებას რომ მკვლელობა მართლაც მოხდა და ეს მისი ფანტაზიის ნაყოფი არ იყო.
ფილმის მსვლელობისას მაყურებელი რეალურ და ტომასის მიერ დანახულ ირეალურ სამყაროს შორს იჭედება, ცდილობს გამოარკვიოს სად გადის ზღვარი და თავადაც დამკვირვებლის პოზიციას ირგებს.
ჩემთვის გადამწყვტი სწორედ ფილმის ბოლო ეპიზოდია. აბსტრაგირებული რეალობა, რომელიც მიმებს შემოაქვთ, თავისთავად მათ პროლოგში გამოჩენას პასუხობს, სადაც პარალელური მონტაჟის გზით რუტინული და ბოჰემური ცხოვრებაა დაპირისპირებული.
შეიძლება ეს მონაკვეთი ისე აღვიქვათ თითქოს „რეალობა რაიმე კონკრეტული ჯგუფის შეთახმება ყოფილიყოს, მათი მსოფლმხედველობის დამთხვევა და ერთ აზრზე შეჯერება, თითქოს არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება და ყველა რელობა სუბიექტურია.
ამ თეორიას თუ მივყვებით გამოვა რომ მკვლელობა არც კი მომხდარა და ეს პერსონაჟის წარმოსახვა იყო. თეორიას, რომ ობიექტური რეალობა არ არსებობს, ფილმის ბოლო სცენა კიდევ უფრო ამყარებს, აქ მიმები ჩოგბურთს – ბურთისა და ჩოგნის გარეშე თამაშობენ.
ეს სცენა იმდენად დამაჯერებელია რომ მაყურებელიც ებმება თამაშში. წარმოსახვითი თამაში, რომელსაც დანარჩენი მიმები უყურებენ, ცხადი ალეგორიაა. ბოლო კადრში ასახული მწვანე ბალახზე გადმოვარდილი აბსტრაქტული ბურთი კი არჩევანი, რეალურ და მოჩვენებით სამყაროს შორის. ამ დროს ტომასი უყურებს მინდორს, მან ან რეალობა უნდა აღიაროს, ან მიმებს არარსებული ბურთი უკან დაუბრუნოს, მაშინ ის ამ უკანასკნელს ირჩევს და მიმებს თამაშში ჰყვება, კადრში კი ისეთივე სიცარიელეა როგორც მკვლელობის ადგილას ნაჩვენებ ბალახზე, სადაც თითქოსდა გვამი არც არასდროს ყოფილა.
ეს არ არის ფილმი ყველასთვის, რადგან მოითხოვს ნებისყოფას და ისეთივე დაკვირვების უნარს როგორიც მთავარ პერსონაჟს აქვს. ანტონიონი თავისუფალ სივრცეს გვიტოვებს ჩვენ, მაყურებელს, იმისთვის რომ თავად გავავლოთ ზღვარი არსებულ და წარმოსახვით რეალობას შორის, არჩევანი ჩვენზეა, ისევე როგორც ცხოვრებაში, საინტერესო ის არის რა დაიჭერს ჩვენს მზერას და გაგვიჩენს სურვილს მეტი გავიგოთ მასზე.