გამოფენების მცირე გზამკვლევი – ივლისი
ავტორი: თინა ლაღიძე
ზაფხულის დახუთულ თბილისში ყოფნას რთულად თუ მოეძებნება გამართლება, თუმცა პლუსების გამონახვაც შესაძლებელია, თუკი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სამყაროში ჩავყვინთავთ, შევძლებთ რეალობას გავექცეთ და არტისტების დანახულ, გამოგონილ თუ ნაფიქრ და გადააზრებულ სამყაროში ვიმოგზაუროთ. ივნისმა ამისთვის საკმაო შესაძლებლობები მოგვცა – თბილისსა და მის გარეთ, კერძო გალერეებსა და საგამოფენო სივრცეებში რამდენიმე საინტერესო გამოფენა გაიხსნა.
თურმე დახუთულ თბილისში შესაძლებელია ვირტუალურად სოხუმის სანაპიროზე აღმოჩნდე…
ნამუშევარი ოსიპ მანდელშტამის პირველ კრებულს – “ქვას” ეძღვნება, ეს სოხუმის სანაპიროზე, ბეტონის ტუმბოზე ინსტალირებული მინიმალისტური ქვა არის, რომელიც ზღვის ჰორიზონტის ფონზეა დამონტაჟებული და დროის არსებობა/არ არსებობაზე და მის აღქმაზე გვაფიქრებინებს.
..”რომელი საათია?” – აქ ჰკითხეს მას,
მან კი ცნობისმოყვარეებს უპასუხა: “მარადისობა”
ო. მანდელშტამი
ინსტალაციის ავტორი – სიპა/არხიპ ლაბახუა აფხაზი არტისტია, რომელიც სოხუმში ცხოვრობს და “გაჩერებულ დროში” თავად ქმნის დინებებს და “მიმდინარეობებს” მისთვის საინტერესო მედიუმების საშუალებით: ტექსტი, მუსიკა, მხატვრობა, მცირე ზომის ქანდაკება, ანიმაცია, სპექტაკლი. ეს შეიძლება სოხუმის სანაპიროზე საკუთარი სახსრებით შექმნილი ერთდღიანი ინსტალაცია იყოს, ან ქალაქის ცენტრში აღმართული კლასიკური ძეგლი, ანდაც, არსებული სირთულეების მიუხედავად, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გამართული მონოსპექტაკლი წითელ მსახიობზე, რომლის ფანტაზიასაც საზღვარი არა აქვს, ისევე როგორც მის ავტორს.
სპექტაკლში “წითელი მსახიობი” მთავარი გმირი ხეში მატერიალიზებულ საკუთარ მუზას, ჰამაკს აკიდებს, როგორც ტვირთს, შიგ წვება და ამით მასაც ახრჩობს და თვითონაც ნადგურდება. მუზა-ხე ჰენრი მურის აბსტრაქტული ქანდაკების ინსპირაციით არის შექმნილი, მოძრავია და შურის მაძიებელი.
საინტერესო პერსონაჟების მიუხედავად, მთავარ გმირად მაინც თავად ავტორი – სიპა – რჩება, მხარზე მოკიდებული ასაწყობი თეატრით, რომელსაც ერთ თვითნაკეთ ჩანთაში ატევს, სპექტაკლის უსასყიდლოდ გამართვა თითქოს მისიად გადაჰქცევია და არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს აფხაზეთის მოწყვეტილი სოფელი თუ საქართველოს დედაქალაქი. ყველგან საკუთარი მაგალითით, გახსნილობით და მიმღებლობით აჩვენებს, რომ ცვლილებები ჩვენზეა და დროც ჩვენ მოგვყავს მოქმედებაში.
ის, რომ ასეთი არტისტი დღეს სოხუმში ცხოვრობს, თავისთავად იმედი და ზეიმია. გავლილ გზებზე და სირთულეებზე კი სიპას შავი, კლასიკური, თითქმის სასცენო ფეხსაცმლით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, პატრონის სიარულის თავისებურებებს მიჩვეული, ყველა მხარეს გადახრილი, დაღლილი, მაგრამ კიდევ არაერთი მოგზაურობისთვის მზადმყოფი. ჩემს წარმოდგენაში ზუსტად ასეთ ფეხსაცმელს ატარებდა ვარგას ლიოსას შეუპოვარი პერსონაჟი, ჩილეში გადმოსული ბოლივიელი, რადიოდადგმების რეჟისორი პედრო კამაჩო, რომელიც ასევე შეპყრობილი იყო საკუთარი შემოქმედებით და არ ეძებდა იოლ გზებს…
***
აფხაზეთის სახე-ხატები საინტერესოდ გრძელდება თბილისის Why Not Gallery-ში. მარიამ აქუბარდიას ფერწერულ სერიაშიც – “ხანდახან დამშრალი შადრევნებიც ამოხეთქავენ” – დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება:
”როგორ რთულად აღიქმება დრო იქ, სადაც „დროებითობის“ კონცეპტი თავდაყირაა დაყენებული და მარადიულობადაა აღქმული? გაწელილი, გაუქმებული დრო, რომელსაც ნახატების მთავარი გმირები მოლოდინით, მონოტონური, რომანტიკული თუ დამღლელი აქტივობებით ავსებენ. ნახატები, რომელიც გაცრეცილი ფოტოსურათების კადრებს გვაგონებს – პალმებითა და აგავებით შექმნილი ტროპიკული ლანდშაფტები, ნესტის სუნით გაჯერებული ჰაერი, შუშხუნებითა და ტორტებით აღნიშნული დღესასწაულები, ყურზე მიდებულ ნიჟარებში ზღვის ხმა, ფეიერვერკები და ანთებული ასანთის ღერები, ერთი შეხედვით ლამაზი მომენტები აფეთქებებად გადაქცეული…”
ძველი საბჭოთა სანატორიუმები, რომლებმაც დაკარგეს ფუნქცია, მარიამის ნამუშევრებში მოგონებებად კრთება.
საბჭოთა მშრომელი ადამიანისთვის განსატვირთად აშენებული სანატორიუმები და სასტუმროები უახლეს ისტორიაში, კერძოდ, აფხაზეთის კონტექსტში, აბსოლუტურად ახალ განზომილებაში გადავიდა. დღესდღეობით პოპულარული სენტიმენტის, აფხაზეთის “წართმეულ განძად” წარმოჩენის და ეგზოტიზებისას, ყველაზე ხშირად სწორედ საბჭოთა სანატორიუმების ნანგრევების ფოტომასალა გამოიყენება. ამავდროულად, აფხაზეთიდან დევნილი ადამიანებიც სანატორიუმებსა და სასტუმროებში გადაანაწილეს, თავიდან – დროებით დასარჩენად, მაგრამ უკვე თითქმის 30 წელია, ეს შენობები ბევრისთვის მუდმივ საცხოვრებლად გადაიქცა.
***
საინტერესოა, რომ იგივე თემას ასახავს ცნობილი ფრანგი ვიდეოარტისტი კრისტიან ბარანი წყალტუბოს კურორტის მაგალითზე – “სინათლე თითქოს შორს არის“ ქალაქ წყალტუბოს პოეტურ-რეალისტური ქრონიკაა. ეს მულტიმედიური, მრავალეკრანიანი ინსტალაცია სპეციალურად შეიქმნა თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში გამოსაფენად 2016 და 2017 წლებში გადაღებული დოკუმენტური მასალის საფუძველზე.
TPMM-ის ერთ საგამოფენო კედელზე აწყობილი მრავალეკრანიანი ინსტალაცია ჯადოსნურ შთაბეჭდილებას ქმნის, თითოეულ დამთვალიერებელს საშუალება აქვს საკუთარ “კინოს” უყუროს.
ინსტალაციის ეკრანის ფრაგმენტებს შორის კავშირი წინასწარ არ არის გათვლილი. ფილმის მონტაჟის პრინციპი თითოეულ მაყურებელს საკუთარი ვერსიის შექმნის შესაძლებლობას აძლევს, რადგან სხვადასხვა ეკრანის ფრაგმენტები არასდროს ემთხვევა ერთმანეთს.
ძალიან საინტერესოა კრისტიან ბარანის არტისტული გადაღების მეთოდი – “რეალისტური პოეზია”, რომელიც გადაღების დროს მაქსიმალურად ენდობა, ასახავს და მიჰყვება მომენტის უნიკალურობას, ყოველგვარი წინასწარ არსებული სცენარის გარეშე: “შეუძლებელია მხატვარს დაავალო წინასწარ დახატოს ის, რის დახატვასაც აპირებს, ან მწერალს სთხოვო, წინასწარ დაწეროს რომანი მის დაწერამდე, ასეა კინოც, ის თავად არის ენა..”, – ამბობს ბარანი. გადაღების პროცესისგან განსხვავებით, მასალის მონტაჟი ზუსტ სქემას არის მორგებული და გამორიცხავს შემთხვევითობას. თითოეული ფილმის საბოლოო ფორმას კი ყოველთვის განსაზღვრავს მოცემული ინსტალაციის ფორმატი: იქნება ეს მრავალეკრანიანი ინსტალაცია, ფილმის დარბაზში ჩვენება თუ პერფორმანსი.
ფილმი საკურორტო ქალაქის წარსულსა და ამჟამინდელი კოლაფსის მდგომარეობებს შორის არსებულ კონტრასტებს იკვლევს. ისტორიული კონტექსტის გამოსაკვეთად კი გამოყენებულია ამონარიდები 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, ბელორუსი მწერლის, სვეტლანა ალექსეევიჩის წიგნიდან “სექენდ ჰენდის დრო“, ისევე როგორც ფრანგი მწერლის, ემანუელ ადელის ტექსტები. ტექსტებს ორი განსხვავებული შინაარსი შემოაქვს ფილმში: ერთი წყალტუბოს აბაზანებში სამკურნალოდ ჩამოსული საბჭოთა დამსვენებლების ნააზრევი კომუნიზმსა და საბჭოთა რეჟიმზე და მეორე, მათი, ვინც ამ რეჟიმის, მისი დაცემის შედეგების მსხვერპლი გახდა, მათ შორის 1992-1993 წლების აფხაზეთის ომისაც.
***
ჯგუფური გამოფენა, სახელწოდებით 30 წელი – აბსტრაქცია და დეკადები – 18 ივნისიდან ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში იქნება წარმოდგენილი. ახალი ექსპოზიცია მუზეუმის კოლექციის ფერწერულ ტილოებსა და „საქინფორმის“ დოკუმენტურ ფოტოებს აერთიანებს.
გამოფენის მონაწილე მხატვართა და ფოტოგრაფთა სია: ჯიბსონ ხუნდაძე, თემო ჯაფარიძე, შურა ბანძელაძე, ოთარ ჩხარტიშვილი, ირაკლი ფარჯიანი, ლეილა შელია, იურა ბერიშვილი, გივი კიკვაძე, შახვალად აივაზოვი, ფელიქს კრიმსკი, ბონდო დადვაძე, ივანე დვალი, გამოფენის კურატორია კონსტანტინე ბოლქვაძე.