fbpx

დრეზდენის საერთაშორისო პლენერი – გამოფენა „კულტურა.სინქრონი“


გააზიარე სტატია

1 აგვისტოდან სამი კვირის განმავლობაში გერმანიის ქალაქი დრეზდენი და Palais Sommer ქართველ მხატვრებს უმასპინძლებს. 

Palais Sommer დრეზდენის ცენტრში იაპონური სასახლის ბაღის ბაზაზე არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალი, რომელიც გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა, სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორმა ალეკო ადამიამ მის გერმანელ პარტნიორთან, იორგ პოლენსთან ერთად წლების წინ დააარსა და  მისი გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს არსებობას. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი დრეზდენის საერთაშორისო პლენერია, რაც  სხვადასხვა ეროვნების მხატვრების კულტურულ დიალოგს გულისხმობს. 

ფესტივალის მთავარი მიზანი კი ქართული მხატვრობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ქართველი მხატვრების სახელოვნებო  დონის ამაღლება და ხელშეწყობაა, რისთვისაც ალეკო ადამიამ  სპეციალურად შექმნა კონცეფცია – წითელ კედელზე მოწყობილი გამოფენა, სახელწოდებით „კულტურა.სინქრონი“ , რომელშიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ პროფესიონალ მხატვრებთან ერთად „ალეკო ადამიას სტიპენდიატებიც“  მონაწილეობენ. 

პროექტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება და დრეზდენში ყოველწლიურად კონკურსის წესით შერჩეული აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები მიემგზავრებიან, რომლებსაც ალეკო ადამიას  სიცოცხლეშივე მიღებული გადაწყვეტილებით, მხატვრები, სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგები – მარიამ შაქარაშვილი და ბექა საყვარელიძე ხელმძღვანელობენ.

დრეზდენის საერთაშორისო პლენერი გულისხმობს სამი კვირის განმავლობაში მხატვრების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვას, პლენერზე მუშაობასა და ადგილზე მიმდინარე ღონისძიებებსა და კონკურსში მონაწილეობას. პროექტის დასასრულს კი მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე „კულტურა.სინქრონი“,  საიდანაც შესაძლოა,  ნამუშევრებმა  კერძო კოლექციებსა ან სამუზეუმო სივრცეებში გადაინაცვლონ.

ეს პროექტი გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდა ქართველი მხატვრებისთვის, ახლოს გაეცნონ გერმანულ  და ზოგადად,  ევროპულ კულტურას, დახელოვნდნენ, მოიპოვონ აღიარება და პოპულარობა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა მხატვრობაში ახალი სიმაღლეებისკენ გზის გაკვლევის,  თვითრეალიზების,  ასევე გამოცდილებისა და წარმატებისკენ.  წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის IV კურსის  სტუდენტები  – ანა ნიქაბაძე და ქართლოს ბიკაშვილი ჩაერთვებიან ამ პროგრამაში. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.