fbpx

ფოტო-აუქციონი: მეორე ფოტოს შესახებ


გააზიარე სტატია

ყოველკვირეული ფოტო-აუქციონი წარმოგიდგენთ ფოტოგრაფ თამუნა ჩქარეულს. მისი ფოტო ერთი კვირის განმავლობაში „სავსე მთვარის“ სივრცეშია გამოფენილია და აუქციონის პრინციპით 17 ივლისს, შაბათს, 21:00 საათზე გაიყიდება.

ერთ დღესაც მედეა ადრე ადგა და სარკმელში ამომავალი მზე დაინახა.

მედეა შეცბა, გაახსენდა, რომ მზე ბაბუამისი იყო,

რომელთანაც უკვე წლები იყო არ ესაუბრა.” 1

ახალი წელთაღრიცხვით 2020 წელი იდგა. თამუნა ჩქარეულის სახლში კი არ ვიცი რა დრო იყო. მას შემდეგ რაც კავშირი გავწყვიტეთ გარე სამყაროსთან, ქრონოსთან ურთიერთობა აგვერია და ეს, ისედაც ეფემერული კატეგორია, მთლად ხელიდან დაგვისხლტა. დრო უსასრულოდ გაიწელა, თუ შეიკუმშა და სადღაც მშენებლობებს შორის დაიმალა. ან იქნებ პირდაპირ რომ კორპუსებია, იქიდან რომელიმეში დაიდო ბინა და ჩვენსავით გაისუსა.

რაც უფრო მიუწვდომელი გახდა გარემოსთან, სხვებთან მაკავშირებელი ღიობის მიღმა დარჩენილი სამყარო,  მით უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა, თითქოს ზომაშიც „გაიზარდა“. ჩვენსავით ბეტონსა და ასფალტს შორის მოქცეული, საერთოს მოწყვეტილი მიწის მასა ხელოვანის დაკვირვების ობიექტად გადაიქცა, არა მხოლოდ როგორც რესურსი ან ფორმალური შთაგონების წყარო, არამედ უზარმაზარი მაცოცხლებელი ძალა, სიცოცხლის მეტაფორა და თანამედროვე კულტურის პრობლემებზე მოლაპარაკების მოდელი და საზოგადოებრივი ურთიერთობების განხილვის საშუალება. პატრიარქალურ და ხაზობრივ სტრუქტურაში ქალის ბუნებასთან ასოცირებას და მისი/მათი ქაოტურ, ირაციონალურ ძალასთან გაიგივებას ხანგრძლივი ისტორია აქვს, რაც მათ მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებას და ჩაგვრას განაპირობებს – სურვილს მართული, მოთვინიერებული, გაკონტროლებული იყოს რაციონალური „მოწესრიგებული“ ძალის მიერ კულტურის, ცივილიზაციის და პროგრესის სახელით.

სიუზან ზონტაგს თუ დავესესხებით, ყველა ისტორიას თანამედროვეობაში წიგნის ნაცვლად ფოტოგამოსახულებად გადაქცევა უწერია. თამუნა ჩქარეულის მრავალშრიანი, უნივერსალური ფოტო-ამბავი რთულ ურთიერთობებზე, გაწყვეტილ კავშირებზე, დაკარგულ ლანდშაფტებზე, მეხსიერებაზე, წარსულზე და მომავალზე, ადამიანებზე და ღმერთებზე, კულტურასა და ბუნებაზე, საკუთარზე და საერთოზე მოგვითხრობს.

ფოტოზე მზის სხივის მეშვეობით თანამედროვე ვიზუალური ნიშნები და მასალები არქეტიპებთან  და უძველეს სუბსტანციებთან იკვეთება, ხილული რეალობის დეტერმინირებულ საზღვრებს არღვევს და კავშირების მთელ სისტემას გვთავაზობს. გაწოლილი სხივი მეტაფორულ ველად გადააქცევს ფოტოს, სადაც დრო კარგავს თავის მოდუსს და წარსულ-აწმყოს განუსაზღვრელ სახეს იღებს. ამ მითოსურ სივრცეში ელემენტები უნივერსალურ სიმბოლოებად ტრანსფორმირდებიან და ხილვებისა და ასოციაციების უზარმაზარ ნაკადს ბადებენ: თვალსა და ხელს შუა, მიწის მასა პირველყოფილ ღვთაებად, გეად – ღმერთების, ადამიანების და ყველა ცოცხალი არსების დიდ დედად, დედამიწად გარდაისახება და თავის შვილიშვილთან – ყოვლის მხედველ მანათობელ  ღვთაებასთან ერთად ცოცხალი ორგანიზმივით იჭრება უსახურ ურბანულ ქსოვილში.

ჩემთვის ეს ფოტო არა მხოლოდ მზის შუქის მოძრაობის ავტორისეული კვლევა, არამედ თავად ჰელიოგრაფიაა (ბერძ. Helios [ἥλιος] -მზე, graphos [γραοσ]- წერა, ხატვა), არა მარტო როგორც ნიეპსის პირველი ფოტოგამოსახულების განსაზღვრების ალუზია, არამედ მზით წერის/ხატვის მეტაფორა.

„რომ მოხდეს ასე, და აღარ აღმოჰხდე, ქვეყანა გახდება ბრმა“ – უგალობდნენ ძველად მზეს.

06.07.2021

ქეთევან (ქეთი) შავგულიძე,

 ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

 

გიორგი მაისურაძე. „მედეა“.

 

თამუნა ჩქარეული ქართველი ფოტოგრაფია, ცხოვრობს თბილისში. თამუნას ძირითადი ინტერესია სოციალური პრობლემები, სხვადასხვა თემის ტრავმული გამოცდილებები, შშმ პირთა და ქალთა უფლებები.

მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, ლოდნონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტში  მუშაობდა ლონდონში და თბილისში ფრილანსერ ფოტოჟურნალისტად, პერსონალური პროექტების განვითარების პარალელურად. 2018 წელს გახდა თბილისის მულტიმედია მუზეუმის გრანტის მფლობელი და გაიარა მენტორობის პროგრამა NOOR-ის მხარდაჭერით. 2019 წელს შეარჩიეს Nikon-NOOR-ის  საერთაშორისო ვორქშოპში მონაწილედ. 2020 წელს გახდა Women Photograph სამენტორო პროგრამის მონაწილე. თამუნას ნამუშევრები გამოიფინა ქოლგას საერთაშორისო ფესტივალზე და თბილისის ფოტო ფესტივალზე. წარმოდგენილია Diversify Photo სააგენტოში.

2018 წლიდან თამუნა ჟურნალისტად მუშაობს. ამჟამად არის რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების რეგიონული ჟურნალისტიკის პროგრამის მონაწილე. 2021 წელს მიიღო ევროკავშირის ჯილდო საუკეთესო ჟურნალისტურ გამოძიებაში.

 

ფოტო-აუქციონის იდეა ეყრდნობა იმ რწმენას, რომ ფოტოს ციფრულიდან ფიზიკურ სხეულამდე გარდაქმნით, და მისი ადამიანის ყოველდღიურობაში გამოჩენით, ეს ფოტო სრულფასოვან ფორმაში ვლინდება. ფოტო, რომელსაც საკუთარი განვითარების ყველა შრე აქვს გავლილი, მასში არსებული ენერგიის, შინაარსის მაქსიმუმს გამოყოფს.

 

მისამართი: დოდო აბაშიძის 10, გალერეა “საწყობი”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.