fbpx

თბილისის კაფეები და რესტორნები გამწვანებული ეზოებითა და მყუდრო ტერასებით


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე ყოველთვის დიდი უპირატესობით სარგებლობს ის კაფეები და ბარები, რომლებსაც ღია სივრცე აქვს. პანდემიურ რეალობაში ამ უპირატესობებზე საუბრისას აღარ ვგულისხმობთ მხოლოდ კომფორტსა   და მყუდრო გარემოს – ერთ წელზე მეტია, დროის საჯარო სივრცეში გატარების ყველაზე უსაფრთხო და ზოგ შემთხვევაში უალტერნატივო გზა სწორედ ღია ზონებია.

სტატიაში თავი მოვუყარეთ თბილისის იმ კაფეებსა და ბარებს, რომლებიც  სწორედ ტერასებითა  და ულამაზესი გამწვანებული ეზოებით გამოირჩევა. 

 

მაყაშვილებთან

მაყაშვილებთან თბილისის ერთ-ერთი ახალი სივრცეა, რომელიც სულ რამდენიმე თვეა გაიხსნა. ოჯახური ტიპის რესტორანი რჩეული  ქართული კერძების დაგემოვნებასთან ერთად, დროის მშვიდ გარემოში გატარების შესაძლებლობას გვთავაზობს. სივრცის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა მყუდრო, გამწვანებული ეზოა. “მაყაშვილებთან”  სიმონ კანდელაკის 19 ნომერში, თავად მაყაშვილებისა და ერისთავების ისტორიულ სახლში მდებარეობს. სივრცის დიზაინზე გუგა კოტეტიშვილმა იმუშავა. 

 

ნინიას ბაღი

უზნაძის ქუჩის 97 ნომერში მდებარეობს ძველებური თბილისური სახლი ლამაზი ეზოთი. სწორედ ეს არის ნინიას ბაღი – ბოლო დროს თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანი. გარდა კონცეპტუალური ინტერიერისა და გარე სივრცის უპირატესობისა, რესტორანი მრავალფეროვანი მენიუთიც გამოირჩევა – მისი ძირითადი ნაწილი ქართულ კერძებს და მათ საინტერესო ვარიაციებს აერთიანებს.

 

შინ•აურა

რესტორანი შინაურა 2020 წელს გაიხსნა. სივრცე ნუცუბიძის 189 ნომერში, ცნობილი ქართველი მხატვრის, ანთიმოზ გორგაძის საცხოვრებელსა და სახელოსნოშია განთავსებული. საინტერესო და ეკლექტურ შიდა  ინტერიერთან ერთად, “შინ•აურას” ერთ-ერთი უპირატესობა ბაღი და ტერასაა, სადაც ბროწეულების ხეებითა და ყვავილებით ულამაზესი გარემოა შექმნილი. მენიუ  ძირითადად თანამედროვე ქართულ სამზარეულოს ეძღვნება. გარდა ამისა, აქ შეძლებთ დააგემოვნოთ საუკეთესო ხარისხის სახლურ მარნებში დამზადებული ადგილობრივი ღვინო, კრაფტ-ლუდი, ასევე სახლური რეცეპტით მომზადებული მრავალფეროვანი არომატის ლიმონათები. 

 

შადრევანი 

პეტრიაშვილის პირველ ნომერში მდებარე ღვინის ქარხნის მულტიფუნქციური ტერიტორია უამრავი საინტერესო კონცეფციის და დანიშნულების სივრცეს აერთიანებს. ერთ-ერთი მათგანია შადრევანი – ტაპას ბარ-რესტორანი, რომლის მენიუ ესპანურ სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს აერთიანებს. გარდა კერძებისა, შადრევანი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი კოქტეილების მენიუთიც. 

 

პროექტი 39

თუ თბილისშივე ეძებთ ისეთ ადგილს, სადაც შეძლებთ ქალაქის ქაოსს მოწყდეთ, მაშინ “პროექტი 39” ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. კონცეპტუალური სივრცე საკვებ ობიექტთან ერთად  ის ადგილია, სადაც შეძლებთ უამრავ საინტერესო აქტივობაში ჩაერთოთ – დაესწროთ კინოჩვენებებს, სხვადასხვა სახის საჯარო შეხვედრებს. “პროექტი 39” ნაძალადევის რაიონში, ცინცაძის პირვეელ შესახვევში მდებარეობს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.