fbpx

მხატვრული პირობითობისა და დოკუმენტური სტილისტიკის სინთეზი – ნაწილი 1


გააზიარე სტატია

ავტორი: ვახო ჯაჯანიძე

ნებისმიერ ხილულ მოვლენას გააჩნია თვისობრივი ელემენტები, რომლებიც კრებით ფორმაში მის შინაარს განსაზღვრავს და ჩვენს ცნობიერებაში ამ მოვლენის რეალისტურ სახეს ქმნის.

თუ კინოხელოვანის მიზანი  ფილმში არა რეალიზმის დესკრიფცია, არამედ თვითმყოფადი სამყაროს შექმნის მცდელობაა, შესაძლოა პროცესში ამა თუ იმ მოვლენის თვისობრივი ელემენტები ნაწილობრივ შემცირდეს ან პირიქით, გაიზარდოს, შეიცვალოს მათი თანამიმდევრობა, ინტენსია, რაც იმთავითვე მისი პირვანდელი, რეალისტური იერსახის დეფორმაციას იწვევს. შედეგად კი ეკრანზე  ერთგვარი პირობითობა, მეტარეალობა იქმნება. 

მსოფლიო კინემატოგრაფში პირობითობის ცნება ჯერ კიდევ კინოს – როგორც ენის – ჩასახვისა და დაბადების პროცესში ჩნდება. შესაბამისად, ათწლეულების განმავლობაში კინოში პირობითობის არაერთი მაგალითი და თავისებურება ჩამოყალიბდა. 

მიუხედავად ამისა, 21-ე საუკუნის საავტორო კინომ მაინც მიაგნო მის ახალ უნიკალურ ფორმას, რომლის არსიც მხატვრული პირობითობისა და დოკუმენტური სტილისტიკის სინთეზს ეყრდნობა. 

თვალსაჩინოებისათვის გავიხსენოთ ვახშმის სცენა აპიჩატპონგ ვერისეტაკულის ფილმიდან „ბიძია ბუნმი, რომელსაც წინა ცხოვრება ახსოვს“, სადაც მოთხრობილია გაუჩინარებული კაცის, ბონ სონგის ამბავი, რომელიც ოჯახში მოულოდნელად ირეალური არსების სახით ბრუნდება.

კადრები აპიჩატპონგ ვერისეტაკულის ფილმიდან „ბიძია ბუნმი, რომელსაც წინა ცხოვრება ახსოვს“

 

მე-20 საუკუნის კინემატოგრაფში მსგავსი შემოქმედებითი ხერხი ძირითადად ჟანრული კინოს თავისებურების, სიუჟეტის გამძაფრებისა და სამაყურებლო სიურპრიზის საშუალებად ჩაითვლებოდა. აპიჩატპონგ ვერისეტაკულის შემოქმედებაში კი ის სრულებით განსხვავებული შინაარსის, დანიშნულებისა და ინტონაციის მატარებელი ხდება.

ავტორი ერთი მხრივ, ქმნის ყოფით რეალობას, მაქსიმუმამდე ზრდის მასში სამაყურებლო თანამონაწილეობის ხარისხს და ამბავს კინოდროის ონლაინრეჟიმში გვიყვება, მეორე მხრივ კი ზემოთ ხსენებულ ესთეტიკაში თავისდაუნებურად ათავსებს ირეალურ პერსონაჟებს ისე, რომ  ეკრანზე სრულებით ახალი, პირობითი, მეტარეალობა იქმნება. განზომილება, სადაც ადამიანებსა და ირეალურ არსებებს, სინამდვილესა და წარმოსახვით სამყაროს, სიზმრებსა და მოგონებებს შორის ზღვარი იშლება.  

კადრები აპიჩატპონგ ვერისეტაკულის ფილმიდან „ტროპიკული ციებ-ცხელება“

 

აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნის კინოს ეს ფენომენი არ უნდა აგვერიოს წინა საუკუნის პოსტმოდერნულ კინონარატივში, სადაც  სხვადასხვა ენობრივი თუ ჟანრული ელემენტების სინთეზით, ასევე მიიღწევა მხატვრულ პირობითობისა და მეტარეალობის გარკვეული ფორმა. 

საქმე იმაშია, რომ ძირითადი განსხვავება პოსტმოდერნულ ნარატივსა და დღევანდელ კინოს შორის კადრში დროის გადინების, მისი შეგრძნების თავისებურებაში მდგომარეობს. 

პოსტმოდერნული კინო, მიუხედავად თავისი მრავალფეროვნებისა, მაინც ემსახურება ფილმში ინფორმაციისა და სიუჟეტის დესკრიფციას. უახლესი, საავტორო კინოს მიზანი კი არა სიუჟეტის თხრობა და ინფორმაციის დესკრიფციაა, არამედ სამყაროს ყოფიერებასთან პირდაპირი გზით შეხება და მისი კინოდროის ონლაინრეჟიმში შეგრძნებაა. 

ამის  კარგი მაგალითი ცაი მინ ლაინი და მის შემოქმედებაა. განსხვავებით აპიჩატპონგ ვერისეტაკულისა, ცაი მინ ლაინის ფილმებში პირობითობა არა ყოფისა და ირეალური ელემენტების სინთეზის საფუძველზე მიიღწევა, არამედ სპეციფიკური ტემპო-რიტმით, მოვლენების რედუქციითა და ხატოვანი კომპოზიციის თავისებურებით.

თუ ფილმიდან „არ მინდა მარტო ძილი“ თევზაობის სცენას გავაანალიზებთ, ინფორმაციული თვალსაზრისით შეგვრჩება პერსონაჟი, რომელიც დანგრეულ შენობაში თევზაობს, მაგრამ თუ იგივე სცენის კომპოზიციას ხატოვანი თვალით გავშიფრავთ და პერსონაჟის ქმედების პირობითობის ხარისხს შევიგრძნობთ, აღმოვაჩენთ, რომ გმირი არა უბრალოდ დანგრეულ შენობაში თევზაობს, არამედ ზოგადსაკაცობრიო, ბეტონის ურჩხულის ხახაში, რომელიც ცოტაც და ჩაყლაპავს მას.

კადრები ცაი მინ ლაის ფილმიდან „არ მინდა მარტო ძილი“

 

ალეგორიული ხასიათისაა პირობითობის ცნება ტეო კურტის ბოლო ფილმში „თეთრი – თეთრზე“, სადაც ბოროტებისა და სისასტიკის სიმბოლოდ საკრალური  არსება გვევლინება.

 

კადრები თეო კურტის ფილმზე „თეთრი-თეთრზე

 


კინოხელოვანი ეკრანზე ძალადობით სავსე, პატრიარქალურ სამყაროს ქმნის. მთავარი გმირი საქმიან გარიგებას დებს რანჩოს მისტიკურ მფლობელთან, რომელსაც  მაყურებელი თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში ვერ ხედავს, თუმცა  მის არსებობას  ერთპიროვნული ძალაუფლებისა და შემზარავი ქმედებების სახით გრძნობს. 

კულმინაციურ ნაწილში, სადაც ფერადკანიანი ქალების მასშტაბური გენოციდია დაგეგმილი, ალფრედო კასტროს პერსონაჟი მოულოდნელად აწყდება თეთრ და უცნაურ, არაამქვეყნიურ არსებას. ზოგადი მისტიციზმის მიუხედავად, ადამიანების წარმოსახვაში ფანტაზიის ნაკადი მომენტალურად ფეთქდება. მაყურებელი კითხვებზე პასუხის საძებნელად თქმულებების, მსოფლიო ზღაპრების, მითოლოგიის, მაგიური რეალიზმისა თუ ყოფითი სიურრეალიზმის მომაჯადოებელ განზომილებებში იწყებს მოგზაურობას…

 

(გაგრძელება იქნება)


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.