გაგოშას გამოფენა – კუპიდები გარეუბნიდან – დედიკას გალერეაში
ფოტო/ვიდეო – გიორგი ნაზღაიძე
Dédicace Gallery – დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ გიორგი გაგოშიძის (გაგოშა) გამოფენას – კუპიდები გარეუბნიდან.
გამოფენა ორი ფრთოსნის თავგადასავალს წარმოგვიდგენს. ისინი ნახევრად მითოლოგიის და ნახევრად რელიგიის პირმშოები არიან: ხან კუპიდონები, ხანაც ქერუბიმები, თუმცა დაზუსტებით თვითონაც არ ახსოვთ.
პირდაპირ რენესანსის ნახატებიდან გადმოძვრნენ და თავისუფლად გადაადგილდებიან თანამედროვე ტილოებზე. მათი მიზანი გართობაა. მათ შეუძლიათ დასცინონ ყველას და ყველაფერს, ოღონდ კი გვარიანად იცინონ და დრო გაატარონ.
რაც თავი ახსოვთ, სულ ბავშვები არიან და მორალის და ეთიკის აბა რა მოეთხოვებათ? ხშირად დაფრინავენ მაღალი კორპუსების თავზე, ღარიბ უბნებში, და ერთმანეთს ხან ოფოფებს უფრენენ, ხან ამურ-ბოლს ეთამაშებიან. დროდადრო პარკებში დანავარდობენ და მტრედებთან ერთად პურის ნამცეცებს კენკავენ.
თუ გაბრაზდნენ, მტრისას, ბოევიკის გმირებივით სიყვარულის ისრებს გადატენიან და მთელ კაპარჭს გადააცხრილავენ ხალხს, ესეც რომ მოსწყინდებათ, სასაფლაოს მიაკითხავენ და ქვებთან პოზირებენ, ვითომდა ანგელოზის ქანდაკებები ვართო. ოღონდ გაერთონ და რას არ იკადრებენ!