fbpx

Cine Doc Tbilisi-ს მეცხრე გამოშვება ქეთი მაჭავარიანის “მზიურით” გაიხსნა


გააზიარე სტატია

 

 დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Cine Doc Tbilisi-ს მეცხრე გამოშვება ქეთი მაჭავარიანის ფილმით “მზიური” გაიხსნა. 

ასეთი არჩევანი ლოგიკურიც არის და სასიხარულოც, რადგან “მზიური” Cine Doc Tbilisi-ს მიერ ორგანიზებული სხვადასხვა პარალელური საერთაშორისო პლატფორმების მეშვეობით შეიქმნა. “მზიური” რამდენიმე ფიჩინგის გამარჯვებული ქართული პროექტია, რომელიც მიუხედავად მცირე ბიუჯეტისა, კონკურენციას უწევს საერთაშორისო მაღალბიუჯეტიან პროექტებს და ეროვნულ პრემიერას კანადის საერთაშორისო პრესტიჟული HotDocs Festival-ზე მოპოვებული ჯილდოთი ხვდება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან სწორად განსაზღვრონ სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები კინოჩვენებების პარალელურად. 

“ფილმის სათაური ორმაგია –  მთავარი გმირის სახელიც არის და თან მზიური საქართველოს საბჭოთა ეპითეტსაც გვახსენებს. მზიური ყოფილი პედაგოგია და ახლა სოციოლოგიურ კვლევებზე ინტერვიუერად მუშაობს, ეს სამუშაო მარტოობის დაძლევაში ეხმარება და მზიურის სოციალური ცხოვრების ერთადერთი წყაროა”,  – ვკითხულობთ ფილმის ანოტაციაში. – გარდა ამისა, მზიური თავის საქმის პროფესიონალია, ის არასოდეს ბრაზდება, არასოდეს გამოხატავს  მიუღებლობას რესპონდენტის მოსაზრებისადმი, პირიქით, მას რბილი და შემრიგებლური ხმა აქვს, თითქოს თავად პრობლემასთან არიგებდეს მოსაუბრეს, მიუხედავად სამუშაოს სირთულისა, ის სათნო და ამტანია. 

გარდა კადრში თითქოს შემთხვევით შემოსული თბილისის ინტერიერ-ექსტერიერებისა, ფილმის სტრუქტურა აწყობილია კითხვა-პასუხის თანაბარ მნიშვნელობაზე. ეს კითხვა-პასუხი ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების მიზეზშედეგობრივი კავშირების გაგებაში გვეხმარება. დაუჯერებელია, მაგრამ ზუსტად ამ კითხვებზე პასუხების სწორი ანალიზით არის შესაძლებელი არსებული პრობლემების მოგვარების სტრატეგიის დაგეგმვა.

ვფიქრობ, “მზიური” ჩვენი სახეა, დოკუმენტია იმისა, თუ როგორები ვართ ჩვენ დღეს 2018-2021 წლებში, როგორია ჩვენი იდენტობა, რა წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, ქვეყანაზე და გარე სამყაროზე…

და, მოდი, მანამ ნუ გავემიჯნებით რესპონდენტების პასუხებს, სანამ ქალებს საქართველოში არ გვეცოდინება, რომ ოჯახში ძალადობა, საზოგადოების მოწყობიდან მომდინარეობს და მხოლოდ ოჯახის შიგნით არ უნდა გვარდებოდეს, რომ ერთ ნაბიჯში აღმოვჩნდებით Cinedoc-ის პროგრამის კიდევ ერთი სულისშემძვრელი ფილმის, “უმზეო ჩრდილების” პრობლემატიკიდან, რომელიც ირანის ქალთა საპყრობილეში, მეჰრდად ოსკუეის მიერ არის გადაღებული. ამ ფილმში პატიმრები არასრულწლოვანი გოგოები არიან, რომლებმაც საკუთარი ოჯახის წევრი მამაკაცები მოკლეს, რადგან მათ არც საზოგადოება და არც პოლიცია არ დაეხმარა ოჯახში გაუსაძლისი ძალადობის დროს. 

ფილმში გამოყენებული ხერხის სტატიისთვის გამეორება საინტერესოდ მეჩვენა: კითხვები მარტივი იქნება და ბევრ დროს არ წაგართმევთ – ასე განაწყობს ფილმის მთავარი გმირი – მზიური/მზია გოგოჩაიშვილი სოციოლოგიური გამოკითხვისთვის საკუთარ რესპონდენტებს. მეც იგივეს გავიმეორებ და შეკითხვებზე გადავალ: 

 

რესპონდენტი – ფილმის რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი

ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ თავად დასმული შეკითხვები ახდენს ცვლილებებს საზოგადოებაში?

ა. ვეთანხმები; ბ. არ ვეთანხმები

 

ქ. მ. – ა. ვეთანხმები

როგორ ფიქრობთ, რატომ დარჩა პროექტი “მზიური” ქართული დაფინანსების გარეშე?

ა. ქართულ კინოს არა აქვს საკმარისი დაფინანსება

ბ. ქართულ კინოს ძალიან მცირე დაფინანსება აქვს

გ. კინო საერთოდ არ არის პრიორიტეტული კულტურის დარგებს შორის საქართველოში 

 

ქ. მ. გ. კინო საერთოდ არ არის პრიორიტეტული კულტურის დარგებს შორის საქართველოში

რა აძლევს ძალას ფილმის მთავარ პერსონაჟს,  მზიურის, პროფესიულად და მონდომებით აკეთოს თავისი საქმე? 

ა. გამოუვალი მდგომარეობა

ბ. რწმენა

გ. პროფესიის სიყვარული

დ. ცნობისმოყვარეობა

 

ქ.მ. – გ. პროფესიის სიყვარული

ფილმში დასმული შეკითხვები დღეს კიდევ უფრო აქტუალური მგონია, ამიტომ სიტყვასიტყვით გაგიმეორებთ:

რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ მთავრობამ უნდა შეზღუდოს ისეთი აზრის გამოთქმა, რომელიც ზოგიერთი ჯგუფისთვის შეურაცხმყოფელია?

 

ქ.მ. – არ ვეთანხმები

ფილმის დასრულების შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა: ადამიანის უფლებების, სამუშაო ადგილების, პენსიების ზრდის, ევროკავშირში გაერთიანების კუთხით?

 

ა. გაუარესდა,  ბ. იგივე დარჩა, გ. გაუმჯობესდა

ქ.მ. – ა. გაუარესდა 

 

დიდი მადლობა პროექტის ყველა მონაწილეს ფილმში და დასმული შეკითხვებისთვის.    

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.