fbpx

„მეხსიერების პროექცია“ – ფოტოინსტალაცია ონში


გააზიარე სტატია

კონცეფციის და პროექტის ავტორი: თეონა ჯაფარიძე

 

ონში უძველესი დროიდან მცხოვრები ებრაული თემი გასული საუკუნის 70-იან წლებში დაბრუნდა ისრაელში. ონის შუაგულში კი დარჩა მათი ყოფის ამსახველი ფრაგმენტები – ქუჩა, ძველი სასაფლაო, სინაგოგა და მათი ყოფილი, მიტოვებული  სახლები. სწორედ ეს ბექგრაუნდი წარმოადგენს მასალას, ანუ კულტურათა დიალოგის ფრაგმენტებს, რომლის ვიზუალიზაციაც მოვახდინეთ თანამედროვე ხელოვნების ენით –  როგორიცაა ფოტოინსტალაცია, და ასევე ჩვეულებრივი  ყოფითი სახლის არტობიექტად ტრანსფორმაციით.

პროექტში წარმოდგენილია გასული საუკუნის 50-70-იან წლებში ონში მოღვაწე ლეგენდარული ებრაელი ფოტოგრაფების – ბინო ხახიაშვილის, გაბო ტატიკიშვილისა და გერცენ ჩაჩაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები და ასევე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ებრაული ყოფის ამსახველი ფოტოდოკუმენტაცია. 

„ფოტო ბინო“ და „ფოტო გაბო“ – ასეთი საავტორო ნიშნით დაცული ფოტოების აღმოჩენა  დღეს ონელების ძველ საოჯახო ალბომებშია შესაძლებელი. მათ მიერ გადაღებული ყოველი ფოტო საინტერესოა, როგორც საბჭოთა საოჯახო (საკურორტო) ფოტოებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით და ამასთანავე ავტორების განსაკუთრებული ხელწერით. 

პროექტისთვის „ბინო ფოტოგრაფის“ ყოფილი საცხოვრებელი სახლი შეირჩა, როგორც არტობიექტი, რომელიც ფოტოპროექციით „შეიფუთა“.

ასეთ მოგონებებს და შეგრძნებებს ებრაელთა ყოფილ უბანში ყოველი სახლის კედლები ინახავს. ჩვენი „სახლი-ინსტალაცია“ კი ამ მეხსიერების ვიზუალიზაცია და ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ახალი რაკურსით დანახვის მცდელობაა. 

ებრაელების ყოფილ სახლებზე დღემდე შემორჩენილია გერცენ ჩაჩაშვილის მიერ გაკეთებული ირმების, ჩიტების და ვარსკვლავების ფიგურები.

ამ პროექტის განხორციელებით გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ ონის მუნიციპალიტეტში, ებრაულ უბანში, ფოტოგრაფიისა და ციფრული მედიების სტუდიას, რომელიც ებრაელ ფოტოგრაფთა ერთგვარი მემორიალი და ამასთანავე  საერთაშორისო მასტერკლასებისა და საერთაშორისო პროექტების განხორციელების პლაცდარმი იქნება. 

პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის, „ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების  განხორციელების ხელისშეწყობის“ – ფარგლებში. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.