სანდრო მამასახლისი – ქართული ფოტოგრაფია Photo London-ის ფესტივალზე
ავტორი: ქეთო შურღაია
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფოტოგრაფია კარადის პატარა უჯრაში, საოჯახო ალბომებში იყო ჩაკეტილი, საქართველოში სანდრო მამასახლისი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელმაც მტვერი გადაწმინდა ალბომს და საზოგადოებას, როგორც ვახშამზე მისულს, გადაუფურცლა საბჭოთა კავშირის რეალობა.
ზღვის სანაპიროზე მოთამაშე ბავშვების სილაღე, ტალღებს მოყოლილი ნიავით აფრიალებული თავსაბურავიანი ქალის კაბა, ზვიად გამსახურდია მეუღლესთან ერთად, გელა ჩარკვიანის, დიმიტრი ერისთავისა და აკაკი ბაქრაძის პორტრეტები – ეს ის დიაპაზონია, რომელსაც სანდრო მამასახლისის ფირი, ანუ მისი „საოჯახო ფოტოალბომი“ ინახავს, რომელიც იმდროინდელი პოლიტიკურ-სოციალური სტრუქტურისა და მიმდინარე ყოველდღიური ამბების არქივი გახდა.
სწორედ ეს პირადი არქივის ფოტოები გამოიფინა 9-დან 12 სექტემბრამდე Photo London-ის ფესტივალზე, სადაც ქართული ფოტოგრაფიის დებიუტი სანდრო მამასახლისის ნამუშევრებით შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ სანდრო მამასახლისს დიდი როლი აქვს საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებასა და მისი საგანმანათლებლო დღის წესრიგში ჩართვაში, ფოტოგრაფის ნამუშევრებმა საგამოფენო სივრცის კედლები მხოლოდ 2021 წელს მისი შვილის, გიორგი მამასახლისის სურვილით დაიკავა, რის შემდეგაც დაიწყო საბჭოთა საქართველოს (და არა მარტო) მოგზაურობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
გიორგი, როგორც თავად ფოტოგრაფმა, მოგვიყევი Photo London-ის ფესტივალის მნიშვნელობაზე მსოფლიო ფოტოგრაფიის რუკისთვის.
Photo London ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ყოველწლიური გამოფენა-გაყიდვაა მსოფლიოში, სადაც გალერეები, გამომცემლები და ფოტოგრაფები მონაწილეობენ. რაღაცით Paris Photo-ს წააგავს (პრინციპში, ორივეს ერთი მეპატრონე ჰყავს). გარდა ამისა, აქ ტარდება საინტერესო ლექცია/საუბრები, ფოტოწიგნების ხელმოწერა და ფოტოგრაფების დაჯილდოება. თუ არ ვცდები, წინა წლებში სტეფან შორმა და სებასტიაო სალგადომ მიიღეს Photo London-ის ჯილდო… ეს ის სებასტიოა, ცოტა ხნის წინ 2.5 მილიონი ხე 600 ჰექტარზე რომ დარგო და ბრაზილია უდაბნოდ გადაქცევისგან იხსნა.
წელს ამ გამოფენაზე რობერტ კაპას, ლი მილერს და, რა თქმა უნდა, დოკუმენტური ფოტოგრაფიის “სტანდარტის”, მაგნუმის ფოტოგრაფებს გამოვყოფდი…
ამ ფოტოგრაფების გვერდით ქართული გვარი ორმაგად და სამმაგად საამაყოა ჩემთვის.
როგორ მოხვდა სანდროს ფოტოები ამ ფესტივალზე?
საოცრება მოხდა. 2021 წლის მაისში ფესტივალ “ქოლგა თბილისის” დახმარებით გავმართე სანდროს პირველი გამოფენა.
არ მოგეჩვენა, ნამდვილად პირველი. არ ვიცი რატომ, სავარაუდოდ, მამა ზედმეტად თავშეკავებული ან მოკრძალებული იყო…
2009 წლიდან, მისი გარდაცვალების შემდეგ, დიდხანს მიჭირდა მის ფოტოებთან დაბრუნება და ნეგატივების სკანირების გაგრძელება…ხომ იცი, როცა რაღაც გტკივა, ყველანაირად ცდილობ, რომ აერიდო, არ იფიქრო, დაემალო…
შტაგერის გალერეამ ინტერნეტის საშუალებით გაიგო ამ გამოფენის და ფოტოების შესახებ და დაინტერესდა, შემდეგ კი ჩემს დას, ნინა მამასახლისს დაუკავშირდნენ სამომავლო თანამშრომლობისთვის.
შენი აზრით, რა არის სანდროს ფოტოების ის მახასიათებელი, რაც მას დროის მიღმა ტოვებს?
სანდროს ფოტოები ძალიან პოეტური და პლასტიკურია ჩემთვის. ძირითადად ნარატივითაა დატვირთული – ყოველ ფოტოში რაღაც დაუსრულებელი ისტორიაა: თავშალმოხვეული ქალები შარაგზაზე, კონსტანტინე, რომელიც შველს ეფერება, ფოტოგრაფი, რომლის ყავარჯენიც ფოტოკამერის შტატივს წააგავს…
არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს კადრები ახლაც მაგრძნობინებს იმ მომენტის გაჩერებულ წამს – განათებას, სიუჟეტს, თითქოს ცალკე კინოა… იმდროისთვის დამახასიათებელი ხელწერით.
ყველას ოჯახში მოიპოვება პირადი ალბომი. რა შეგრძნებაა, როცა შენი საოჯახო ალბომი საჯაროა?
მე და ჩემს დას მამა ბევრ ფოტოს გვიღებდა, აი ისე, როგორც ოჯახებში იციან.
ხანდახან ცოტა მომაბეზრებელიც ხდებოდა ეს ყველაფერი. შესაბამისად, ვერ ვიაზრებდი, რომ მამა, მამობის გარდა, ფოტოგრაფიც იყო… ნელ-ნელა საოჯახო ალბომი ფოტოგრაფის პორტფოლიოდ გადაიქცა და მალევე გამოფენაზე ჩემი და ჩემი დის ბავშვობის ფოტოებიც აღმოვაჩინე.
მადლობელი ვარ სანდროსი, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ასეთ დაუვიწყარ ვიზუალურ მოგზაურობაში გამიშვა, რომელიც დღემდე გრძელდება…
Photo London-ის ფესტივალის საიტზე ვკითხულობთ: „ფოტო – ლონდონის გამოფენაზე წარმოდგენილი არიან მსოფლიოს ყველაზე საკულტო ფოტოგრაფები, წამყვანი ფოტოგალერეები და გამომცემლები“.
და მართლაც, ვინ უნდა ყოფილიყო პირველი ქართველი ფოტოგრაფი ამ ფესტივალზე, თუ არა სანდრო მამასახლისი, რომელმაც 60-იან წლებში გახსნა გზა საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებისთვის და ახლაც აგრძელებს გაუკვალავში სიარულს, ამჯერად თავისი ნამუშევრებით, რომელიც კიდევ ბევრ ახალ კარს გახსნის მომავალი ქართველი ფოტოგრაფებისთვის.