fbpx

WUNDERWERK და DM Studio-ს თანამშრომლობით შესრულებული პროექტი ვან დერ როეს პრიზის 2022 წლის ნომინანტებს შორის მოხვდა


გააზიარე სტატია

ფოტო: გიორგი დადიანი

 

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

არქიტექტორ ლუდვიგ მის ვან დერ როეს სახელობის ფონდი ბარსელონაში 1983 წელს დაარსდა და ბოლო წლების მანძილზე გასცემს თანამედროვე არქიტექტურის პრემიას. დაჯილდოება ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ნომინანტებს თანამედროვე ევროპული არქიტექტურული პროექტებიდან არჩევენ, ბოლო პერიოდში ნომინანტთა შორის ხშირად ვხვდებით ქართულ პროექტებსაც. წლევანდელ ნომინანტებს შორის წყნეთის გზატკეცილზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებლის პროექტიც მოხვდა. 

WUNDERWERK 

ფოტო: ანგუს ლიდლი ბრაუნ

 

“შენობა მდებარეობს თბილისი – წყნეთის გზატკეცილზე, ყოფილი სტუდქალაქის მიმდებარედ. საპროექტო დავალება იყო, შექმნილიყო 35 საცხოვრებელი ერთეულისგან შემდგარი შენობა. თუმცა დამკვეთის სურვილი არ იყო მხოლოდ კომერციული და ბინების გაყიდვებზე ორიენტირებული. კონკრეტულად ამ შენობის მდებარეობა მომიჯნავე სატყეო ზონასთან, გვთავაზობდა პირობას რომ საცხოვრებელი გარემო შედარებით ჯანსაღი და ხელგაშლილი ყოფილიყო ირგვლივ გავრცელებული მჭიდრო განაშენიანებისგან განსხვავებით.

ადგილის ანალიზის პროცესში ვიკვლევდით მიმდებარე მნიშვნელოვან საბჭოთა დროინდელ შენობებს, მათ შორის მაღლივის უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელ კომპლექსს. ათეული წლებია ამ შენობებში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. ზოგადად, ჩვენი დაკვირვების საგანია მიტოვებულ და დაუსრულებელ შენობებში შესახლებული ადამიანების ცხოვრების პროცესებზე დაკვირვება, თუ როგორ ხდება არსებული სტრუქტურა სხვადასხვა ცხოვრების ფორმებზე დამორჩილებული.

 

შენობის ფორმაზე მუშაობის პროცესში ინტუიციური კავშირი და მითითება სწორედ შავი კარკასის ცნება იყო – რომელიც მისი ამოვსების უამრავ ვერსიას მოიცავს. ზოგადად ფორმა კრიტიკის მრავალ საფეხურს გადის და ხშირად ისევ საწყის ინტუიციურ სურათს ან არქეტიპს უბრუნდება, უფრო დახვეწილი შემადგენლობით. ჩვენს შემთხვევაში შავი კარკასის ფენომენს.

ფასადზე გაჩენილი ჰორიზონტალური და ვერტიკალური ელემენტები მაქსიმალურად ფუნქციურია. იძენენ როგორც ძირითად კონსტრუქციულ, ასევე საინჟინრო-სანიტარულ  დატვირთვას. მათ ხარჯზე  საცხოვრებელი სივრცეები უფრო თავისუფალია და მარტივად მორგებადი მომხმარებლისთვის. ასევე შესაძლებელი ხდება ზედმეტი საფასადე სისტემებისგან და მასალებისგან გათავისუფლება, რაც ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება: შენობების ექსპრესიულობის შესაქმნელად. აქ თითოეულ ბინაში რჩება მხოლოდ მარტივი გამყოფი ჩარჩო შიდა და გარე ყოფიერებას შორის.

WUNDERWERK

ფოტო: ანგუს ლიდლი ბრაუნ

 

რთული რელიეფიდან გამომდინარე, შენობას სამი სხვადასხვა დონეზე განთავსებული სადარბაზოს შესასვლელი აქვს. მიწისპირა სართულებზე განთავსებულია სპორტული და საბავშვო სივრცეები. აქვს ორსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი და სხვადასხვა ნარგავებით გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე, რომელიც დამკვეთის ინიციატივით, არსებული ხევის მიწით ამოვსების ხარჯზე გაჩნდა. შენობის სახურავზე მოწყობილ გამწვანებულ ვერანდებზე განთავსებულია საცურაო აუზები.

დამკვეთის და მაცხოვრებლების ფუნქციური უზრუნველყოფის გარდა მნიშვნელოვანია შენობის კრიტიკული შინაარსი. თუ როგორ შეიძლება გარკვეული მეთოდებით, ზედმეტი ფორმების გამორიცხვით, ადამიანი დარჩეს გამოყენებისთვის თავისუფალი.

ვინაიდან სამეზობლოს მობინადრეთა შიდა ყოფიერება მუდმივად განსხვავებული და ცვალებადია, ფასადის ბადისებრი სტრუქტურა, როგორც გამათანაბრებელი მოცემულობა ამ პროცესებს უფრო კონტრასტულს ხდის გარედან დასაკვირვებლად.”

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.