fbpx

მოკლე ინტერვიუ კინოზე – თეო ხატიაშვილი, კინომცოდნე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნენე კვინიკაძე

 

ეროვნული ბიბლიოთეკის კინოსამკითხველო და AT.ge წარმოგიდგენთ ნესტან კვინიკაძის მოკლე ინტერვიუების სერიას. 

 

ნ.კ. რატომაა საინტერესო კინომცოდნის პროფესია?

თ.ხ. უსასრულო მოგზაურობას ჰგავს სხვადასხვა დროში – მათ შორის, მომავალში, სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა ესთეტიკურ ტრადიციებში. მერე ამ ქსელებს ერთმანეთთან აკავშირებ, ინტერპრეტაციის პროცესში, გარკვეულწილად, შენც თანაავტორი ხდები. არასდროს მთავრდება აღმოჩენები. ეს არის პროფესია, რომელიც სამუშაოსთან ერთად (რაც არცთუ იშვიათად დამღლელიცაა, თუნდაც იმიტომ, რომ აქ სამუშაო საათები არ არსებობს, ეს პერმანენტული პროცესია) სიამოვნების მიღებასა და გართობასაც უკავშირდება.

ნ.კ. როგორია თანამედროვე ქართული კინოს ენა და ფორმა დღეს? რამდენად სინქრონიზებულია ის დროსთან?

თ.ხ. ასეთი არ არსებობს. უფრო მეტიც – ზოგადად, თანამედროვე კინოში არ არსებობს ერთი ენა და ფორმა, და მე ეს მომწონს, რადგან ყველაფერში მრავალფეროვნების მომხრე ვარ. თუმცა გარკვეულ ტენდენციაზე შეგვიძლია მაინც ვილაპარაკოთ: თუ წლების წინ ქართულ კინოში სოციალური თემები იყო დომინანტური, უკანასკნელ ხანებში აშკარაა ე.წ. ნელი კინოს ესთეტიკის გავლენა.

ნ.კ. შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ ცალკეულ აღმოჩენებზე ბოლო დროის ქართულ კინოში?

თ.ხ. საბედნიეროდ, კი. ჩემთვის ასეთია ალექსანდრე კობერიძე, უაღრესად ორიგინალური ხელწერის რეჟისორი, რაც დღეს უკვე ძალიან ძნელია კინოში.  მისი პირველი ფილმი “ნეტავ აღარასოდეს მოვიდეს ზაფხული” სრულიად უჩვეულო იყო თავისი ფორმით, დრამატურგიული სტრუქტურით, გამოსახულების ხარისხითაც (თუ უხარისხობით) კი. მისი ახალი ფილმი “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” კი ნამდვილი კინოზეიმია, რომლითაც ალექსანდრემ კინოს დაკარგული სილაღე, ერთგვარი გულუბრყვილობაც, გაოცების უნარი და ბედნიერების განცდა დაუბრუნა. სხვათა შორის, შეგვიძლია ვისაუბროთ ძველი ფილმების ბოლო დროინდელ აღმოჩენებზეც, მით უმეტეს, როცა ჩვენ გვაქვს კინო კინოარქივის გარეშე და ძალიან ბევრი ფილმი მხოლოდ მშრალი ტექსტებით ვიცით. ჩემთვის ასეთი იყო ნუცა ღოღობერიძის “უჟმური” – საბჭოთა ცენზურის მსხვერპლი ფილმი, რომელიც არქეოლოგიური არტეფაქტივით არის, რომელსაც ეტყობა შრეები ავანგარდის გამოსახულებითა და უკვე დაწყებული სოცრეალისტური ნარატივით და ნელი ნენოვა – გენო წულაძის “დღე იწურება განთიადისას” – ქართული კინოსთვის უჩვეულო ჟანრი, ფილმ-ნუარი.

ნ.კ. რომელია საუკეთესო ქართული კინორეცენზია?

თ.ხ. არ მიყვარს მსგავსი კითხვები: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და ა.შ. როგორც წესი, პასუხი არ მაქვს ხოლმე – ან ყველაფერი მავიწყდება, ან, უბრალოდ, მიჭირს ერთის ამორჩევა. მოდი, მაინც ახალგაზრდებს გავუწევ რეკომენდაციას და ერთ-ერთი რაც მახსენდება, გიორგი გეთიაშვილის რეცენზიაა ზაზა ხალვაშის “ნამეზე”.

ნ.კ. რომელი ქართული კინოფილმია თქვენთვის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

თ.ხ. წინა კითხვაში ვუპასუხე ფაქტობრივად, მაგრამ გავიმეორებ – ალექსანდრე კობერიძის “რას ხედავთ, როდესაც ცას ვუყურებ”.

ნ.კ.  ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ მსოფლიო კინოს ისტორია?

თ.ხ. ესეც ის შემთხვევაა, როცა პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ პასუხი ბევრია. მაგალითად,  ანიეს ვარდას გარეშე. ან – ოძუს. ან – ლინჩის. ან… 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.