ანა მიხაილოვა-კეზელი – ხელოვანი, რომელიც ენერგიას ნამუშევრად გარდაქმნის
ავტორი: მარიამ მაღულარია
ყოველთვის, როცა AT.ge-სთვის სტატიას ვწერ, რედაქციას მადლობას ვუხდი ხოლმე, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ადამიანის გაცნობისთვის. და აი, ანა მიხაილოვა-კეზელი ნამდვილად გამორჩეულია.
„რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ. ბავშვობიდან ძალიან ბევრ ქვეყანაში მოგზაურობის და სხვადასხვა კულტურის გაცნობის საშუალება მომეცა. ჩემთვის დიდი შთაგონების წყაროა ქართული მითოლოგია. მაინტერესებს და მნიშვნელოვანი მგონია იმ უნიკალური ვიზუალური ფორმების კვლევა და შენარჩუნება, რასაც ჩვენი ფოლკლორი მოიცავს. ამ მიზნით თუშეთშიც ვიყავი ხელოვნების რეზიდენციაში“.
ანა მიხაილოვა-კეზელი ვიზუალურ ხელოვნებას თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ გოგი ალექსი-მესხიშვილის სკოლაში, რუსთაველის თეატრში, სადაც კოსტიუმებზე და დეკორაციებზე მუშაობდა.
ანას უცხო ენების სწავლა უყვარს და იმის გამო, რომ ყოველთვის აინტერესებდა იაპონური ხელოვნება და კულტურა, მათი ენაც ისწავლა და საინტერესო პროექტებშიც ჩაერთო. ასეთი იყო ტოკიოში sony music-თან თანამშრომლობით გამართული გამოფენა – “საქართველო ღვინის აკვანი,” სადაც ის კრეატიული ჯგუფის წევრი იყო და იაპონელ კერამიკოსთან ერთად “კინცუგი ქვევრი” შექმნა, რომელიც გამოფენის კონცეპტუალური სიმბოლო გახდა.
მან ასევე შექმნა ილუსტრაციები და თარგმნა 1930-იან წლებში მოღვაწე პირველი იაპონელი ავანგარდი პოეტი ქალის ლექსების კრებული. ამ თარგმანმა 2020 წელს ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია დაიმსახურა პოეზიის კატეგორიაში.
ანამ ბერლინში ერთთვიანი რეზიდენციის ფარგლებში სოლო გამოფენაც გამართა. შარშან და წელსაც ის მონაწილეობს არტ ვილა გარიყულას გამოფენაში – Fest i nova.
„მუშაობისას,როგორც წესი, მარტო ბუნდოვანი შეგრძნება მაქვს, რომელსაც მივყვები და ხატვას სრულიად დაუგეგმავად ვიწყებ. პერსონაჟებს, რომლებსაც ვხატავ, თავისით უჩნდებათ ისტორიები და კავშირები ერთმანეთს შორის. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. ბოლო დროს უფრო მასშტაბური და სივრცითი ნამუშევრების კეთება დავიწყე. მგონია, რომ ამ წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა საკუთარი ვიზუალური ენა და სტილი და მინდა თანდათან შევძლო ჩემი ადგილის პოვნა”.
ანა გვიყვება, რომ იაპონია იმიტომ უყვარს, ევროპელებისგან განსხვავებით, იაპონელების მსოფლმხედველობა სევდის შემცველია – ვაბი საბის მიხედვით, ხარვეზის მქონე ნივთი და საერთოდ, ნებისმიერი რამ, აღდგენის შემდეგ ახალ სიცოცხლეს იძენს და სწორედ ასე იქმნება ოქროთი შევსებული დამსხვრეული ნივთები. ასე ავსებენ ბზარებს და თან ნაკლსაც არ მალავენ.
ამბობს, რომ მუზა შეიძლება შუაღამესაც ეწვიოს, ერთი-ორი სიტყვა უტრიალებდეს თავში და იწყებს – „ხელოვანი თავს არასდროს უნდა აძალებდეს ნამუშევრის შექმნას, ამ შემთხვევაში ის ყალბი გამოდის“.
ახალი ნამუშევრის შექმნის დროს მუსიკა ეხმარება, მისი აზრით, ეს რაღაც განსხვავებული ენერგიაა და აქვე იხსენებს თეატრის რეჟისორის, კრიმოვის სიტყვებს: „ყველა ხელოვანი გარდაქმნის ენერგიას, რომლითაც იქმნება ნამუშევარი“.
ანა მიხაილოვა-კეზელი ნამუშევრების შეგროვების პროცესშია და შემოდგომის ბოლოს თბილისში გამოფენას გეგმავს.