fbpx

წინასწარ წაგებული „ნარკოტიკების ომი“ და მასში გადარჩენის გზები


გააზიარე სტატია

რა ვიცით:
რაღაც უცნობი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო ბოლო დღეების განმავლობაში  ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ათამდე კი ინტოქსიკაციითაა ჰოსპიტალიზირებული.

თეთრი ფხვნილი, რომელსაც ცნობილი კლუბური ნარკოტიკის, MDMA-ს, Mephedrone-ის ან ამფეტამინის სახელით ყიდიან, როგორც ჩანს, ე.წ. კოქტეილია და მასტიმულირებელი ნივთიერებების გარდა შეიცავს სავარაუდოდ ოპიატების ჯგუფის ძლიერ ნარკოტიკს.
როგორც ნარკოლოგები – ზურაბ სიხარულიძე და დავით ოთიაშვილი ვარაუდობენ, ეს მინარევი შეიძლება იყოს ნივთიერება, სახელად ფენტანილი, რომელიც 40-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე იგივე ოპიატების ჯგუფის ნარკოტიკი, მორფინი.

ოპიატების ზედოზირებისას ითრგუნება ცენტრალური ნერვული სისტემა და ადამიანი უბრალოდ სუნთქვას წყვეტს, ან გული ერევა ძილში და იხრჩობა სასუნთქი გზების გადაკეტვის გამო.

ოთხივე ფატალური შემთხვევა მოხდა გარდაცვლილების სახლში, ძილის დროს  – მას მერე, რაც გართობით დაღლილი ახალგაზრდები დასასვენებლად და დასაძინებლად წავიდნენ.

თუმცა, კონკრეტულად რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე, ჯერ უცნობია. ამის გასაგებად კი საჭიროა ექსპერტიზა, რომლის ჩატარებასაც შსს გარდაცვლილების ოჯახებს დაჰპირდა.

მანამ, სანამ ექსპერტიზის პასუხები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით მომუშავე ყველა ორგანიზაცია თუ ნარკოლოგი მომხმარებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საეჭვო, უცნობი ნივთიერებების მოხმარებისგან.

თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი მართლაც ოპიოიდის ჯგუფის ნარკოტიკია, აუცილებელია, რომ მომხმარებლებს ხელი მიუწვდებოდეთ ამ ნარკოტიკის ზემოქმედების გამანეიტრალებელ პრეპარატ ნალოქსონზე. საქმე იმაშია, რომ ეს პრეპარატი დღეს სპეციალურ სიაშია შეყვანილი და მისი შეძენა მხოლოდ რეცეპტით შეიძლება.

ნალოქსონის ამ სიიდან ამიღებაზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ “ნალოქსონი არის ანტიდოტი და შეტანა ამ სპეცკონტროლს დაქვემდებარებულ სიებში ან თუნდაც რეცეპტიდან ამოღება დაკავშირებული არის გარკვეულ პროცედურებთან.”

რა შეიძლება იყოს ამის კრიზისის მიზეზი:

დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც ნარკოტიკებთან ომი დაიწყო და მოიგო. სანამ იარსებებენ მომხმარებლები, იარსებებს მოთხოვნა ამ ნივთიერებებზე. და სანამ იარსებებს მოთხოვნა, ყოველთვის გამოჩნდებიან თავზეხელაღებული ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან, ყველაფრის მიუხედავად, შავ ბაზარზე ნარკოტიკები გაყიდონ. 

შავ ბაზარს კი რამდენიმე ცუდი თვისება აქვს:

– არავინ იცავს ხარისხს;
– არავინაა პასუხისმგებელი;
– ყველა ცდილობს ერთმანეთის მოტყუებას (პასუხისგების მექანიზმის არარსებობის გამო გამოსდით კიდეც).

და ამ ყველაფრის
კუმულატიური შედეგი თავზე ატყდება ნარკოდამოკიდებულ ადამიანს.

ზუსტად ვერავინ გვეტყვის, რატომ მოხვდა ქართულ ნარკობაზარზე ეს პოტენციურად მკვლელი ნივთიერება, მაგრამ რამდენიმე მიმართულების ვარაუდი შეგვიძლია გამოვთქვათ:

რეპრესიული ნარკოპოლიტიკა

როდესაც გადამყიდველმა თუ გადამზიდავმა იცის, რომ ტრანსპორტირებისას ნარკოტიკმა რაც შეიძლება პატარა ადგილი უნდა დაიკავოს, რათა შეუმჩნეველი დარჩეს, ეს მას და მის მომწოდებლებს უბიძგებს უფრო ძლიერი და კონცენტრირებული ნივთიერებების შექმნისკენ. ასევე, მათი პროდუქტი რომ კანონმდებლობაში აკრძალულად დაფიქსირებული ნივთიერებების სიაში არ მოხვდეს, ნარკომწარმოებლები ახალ დიზაინერულ ნივთიერებებს იგონებენ, რომელთა სრული შემადგენლობა და ფორმულა ხშირად არავინ იცის, ისევე როგორც მათი მოქმედების სრული პოტენციალი. სწორედ ამ გზით, ნარკოტიკებთან ომმა ავტომატურად უბიძგა ნარკომწარმოებლებს, რომ უფრო ძლიერი, ცვლადი, არაპროგნოზირებადი ნივთიერებები გამოეგონებინათ.

და აქედან გამოწვეული დაბინძურება – როდესაც დილერი სხვადასხვა ნივთიერებას ერთ არალაბორატორიულ სივრცეში წონის და ახარისხებს, ნივთიერებები ერთმანეთში ირევა. ფენტანილის უმცირესი დოზაც კი საკმარისია, რომ სტანდარტულად ნაკლებად სახიფათო კლუბური MDMA სასიკვდილო ნარევად გადაიქცეს. 2016 წელს კანადაში პოლიციის მიერ ბრუნვიდან ამოღებული კოკაინის 4.8%-ში ფენტანილის მინარევი აღმოაჩინეს.

მოტყუება

მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ნებისმიერი ნივთიერება არაერთ გადამყიდველის ხელში გადის. საკმარისია, ერთმა მათგანმა მაინც მოგების გაზრდის მიზნით სუფთა ნივთიერებებში რამე გაურიოს, რომ ვერც მისი შემდგომი გადამყიდველები და ვერც მომხმარებლები ვეღარ გაიგებენ, რა ნივთიერებას ყიდულობენ თუ მოიხმარენ.

მიზანმიმართული პროვოკაცია 

მართალია, ეს ვარიანტი კონსპირაციულ შეთქმულებას ჰგავს, მაგრამ მასაც აქვს არსებობის და განხილვის უფლებაც.

საქართველოში ნარკობაზარი ვერ იარსებებს გავლენიანი “კრიშების” გარეშე. ეს პიროვნებები, სავარაუდოდ, ამ უზარმაზარი ბაზრიდან კოლოსალურ შემოსავლებსაც ნახულობენ.

თუ მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და მეტიც, ლეგალიზაცია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ნარკოტიკებზე ფასი დრამატულად დაეცემა და ბაზარზე გაჩნდება ფასისა და ხარისხის კონკურენცია. ეს ადამიანები კი კონკრეტულ შემოსავალს დაკარგავენ.

სავსებით ლოგიკური იქნება ის ვარაუდი, რომ იმ ადამიანებს, ვინც დღევანდელ ნარკოტრაფიკს “კრიშავენ”, ძალიან არ აწყობდეთ ლიბერალიზაციისა და ფასის შემცირებისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი. პირიქით, რაც უფრო მკაცრი იქნება ნარკოპოლიტიკა, მით უფრო მაღალი იქნება ნარკოტიკებზე ფასი და მათი მოგებაც გაიზრდება.

ასეთი დაინტერესების შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ აწყობდეთ საზოგადოების აზრის მანიპულაცია ნარკოტიკების საკითხთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ეს ვარიანტი მოვიხსენიეთ მხოლოდ იმის გამო, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილოთ და უარვყოთ, თუ ის აბსურდულია.  

რა როლი აქვს ამ ყველაფერში შსს-ს:

2017 წელს CRRC-საქართველოს მიერ NDI-ს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით,  საქართველოს მოსახლეობის 57% ამბობს, რომ ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო ადამიანი ციხეში არ უნდა ჩავსვათ.

პარლამენტარების ნაწილიც მზადაა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის – ამის დასტურად “გირჩის” წევრების მიერ ინიცირებულ “მარიხუანას დეკრიმინალიზაციის” კანონპროექტზე 47 მხარდაჭერაც კმარა.

თუ ვთანხმდებით, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირდაპირი შედეგია უფრო უკონტროლო და სახიფათო შავი ბაზარი, რომელსაც მოაქვს მეტი ზიანი როგორც საზოგადოების ჯანმრთელობისთვის, ისე მომხმარებლებისთვის, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ  ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მთავარი მოწინააღმდეგე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროა – ლიბერალიზაციის ნებისმიერ საკომიტეტო განხილვაზე შსს-ს წარმომადგენლის მოსვლა ავტომატურად იწვევდა პარლამენტარების განწყობების ცვლილებას.

შსს ასეთ პოზიციაზე რამდენიმე მიზეზით დგას:

ნარკოპოლიტიკა, როგორც ოპერ. მუშაობის ბერკეტი 

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ძალოვანებისთვის ნარკოპოლიტიკა იყო ოპერატიული მუშაობის ეფექტური ბერკეტი – მისი დახმარებით იგებოდა აგენტურული ქსელი და მომხმარებლებს ციხეში ჩასმის შიშით აიძულებდნენ ეთანამშრომლათ ჯერ მილიციასთან, შემდგომ პერიოდში კი პოლიციასთან, სხვა უფრო მძიმე დანაშაულების გახსნის მიზნით.
ასევე, თუ პოლიციას ჰქონდა ეჭვი, რომ ამა თუ იმ პირმა დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ რეალურად ვერ უმტკიცებდნენ, ძალოვანს ყოველთვის შეეძლო ნარკოტიკის ჩადებით სავარაუდო დამნაშავე წლობით გამოეკეტა ციხეში.

როგორც პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი

 მძიმე თუ მსუბუქ ნარკოტიკებს ასეულობით ათასი ადამიანი მოიხმარს. ნებისმიერი მათგანის წასწრება ფაქტზე ნიშნავს, რომ მისი ბედის და მომავალი ქცევის პროგნოზირება ძალოვნებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზუსტად ისევე, როგორც ყველა მთავრობა ყველა არჩევნებზე იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს (საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების და მათ ოჯახების გარანტირებულ ხმებს), ასევე შეიძლება იყენებდეს პირობითი მსჯავრით თავისუფლებაზე მყოფ თუ მოხმარებაში შემჩნეულ ადამიანებს, რათა მათი პოლიტიკური არჩევანი სასურველ მხარეს მიმართოს. “ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” იმ არჩევნებზე, როდესაც თვითონ არ იყვნენ მთავრობაში, ამგვარი შემთხვევების მასიურობაზე საუბრობდნენ.

შედეგად კი ვიღებთ რეპრესიულ, დევნაზე და შიშზე დაფუძნებულ გარემოს, სადაც მოხმარებელი, რომელიც საკუთარი თავის გარდა არავის არაფერს უშავებს, შეიძლება გართობის ან რაიმე ნივთიერებაზე ფიზიკური დამოკიდებულების გამო ათწლეულებით ციხეში ჩასვან ან საპროცესო გარიგებისას ყველაფერი გააყიდინონ.

ასევე, ვიღებთ უკონტროლო შავ ბაზარს, სადაც ფენტანილის მსგავსი სახიფათო ნივთიერება შეიძლება უკონტროლოდ, ჩუმად გავრცელდეს და შეიწიროს არაერთი ადამიანის სიცოცხლე.

სავარაუდო გამოსავალი სიტუაციიდან:

ბოლო 10 წელია, მთელი განვითარებული სამყარო ნელ-ნელა ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალადობაზე და დაშინებაზე დაფუძნებულ ნარკოპოლიტიკას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე ლიბერალიზაციას.

უმკაცრესი ნარკოპოლიტიკის მიუხედავად, ქვეყნების აბსოლუტურ უმეტესობაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი არ მცირდებოდა, ხოლო ნარკომწარმოებლები ყველანაირად ცდილობდნენ მართლმსაჯულების მოტყუებას – იგონებდნენ ახალ, ჯერარნახულ მძიმე ნარკოტიკებს, მათი გასაღების ტექნოლოგიურად დახვეწილ გზებს და აღწევდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის გზით.

რამდენადაც  უნდა გვზაფრავდეს ეს აზრი, საზოგადოებებმა უნდა აღიარონ, რომ მათ წევრები ნარკოტიკების მოხმარებას სრულად თავს არასოდეს დაანებებენ. ასე იყო, არის და იქნება. ამ აღიარების შემდეგ კი ერთადერთი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ არის ის, რომ ამ პოტენციურად სახიფათო ნივთიერებებისგან მიყენებული ზიანი მაქსიმალურად შევამციროთ და ვიმუშაოთ ცნობიერების ამაღლების, ინფორმაციის გავრცელების და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიმართულებით.

ლიბერალიზაციის შემთხვევაშიც იდეალური სურათი ვერსად და ვერასოდეს მიიღწევა – ისევ მოხდება ზედოზირებები, ადამიანები ისევ მოიხმარენ ზოგ ნივთიერებას უპასუხისმგებლოდ, მაგრამ თუ დღევანდელ და მომავალ, პოტენციურ სიტუაციას შევადარებთ, ნათელია, რომ ლიბერალიზაციის პლუსები ბევრად მეტია, ვიდრე მინუსები, ხოლო მკაცრი ნარკოპოლიტიკის შემთხვევაში – პირიქით.

ერთადერთი მიმართულება, საითაც განვითარებული სამყარო მოძრაობს, არის დასჯის პოლიტიკიდან განათლების, ზიანის შემცირებისა და ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის მიმართულებაა. შავი ბაზრის გაქრობა მინიმუმამდე დაიყვანს იმ რისკებს, რომლებსაც დღეს ჩვენი თანამოქალაქეები ეწირებიან.

და ბოლოს:

ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება სხვადასხვა დოზით აზიანებს ორგანიზმს და შეიძლება სიცოცხლისთვისაც კი სახიფათო იყოს.

თუ მაინც გადაწყვეტთ ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარებას, ზიანის შეცირებისთვის, დაიცავით ეს წესები:

  1. დატესტეთ ნივთიერება, რომლის მიღებასაც აპირებთ – ინტერნეტი სავსეა პორტატული სატესტო kit-ებით, რომლებიც დაახლოებით მაინც გაჩვენებენ, რა ნივთიერებას მოიხმართ და შეგეძლებათ დილერის სიტყვის მაგივრად ქიმიას ენდოთ და გაიგოთ, რა ნივთიერებაა თქვენ წინ.

    მართალია, ფენტალის სატესტო ჩხირები მხოლოდ შარდში გამოავლენენ მოხმარებულ ნივთიერებას და ნაკლებად ეფექტიანი არიან, სამაგიეროდ შეძლებთ თავი დაიცვათ ისეთი სახიფათო ნივთიერებებისგან, როგორებიცაა NBOMe და PMMA.
  2. არ მოიხმაროთ ნარკოტიკი მარტო ყოფნისას – ეცადეთ, რომ ამა თუ იმ ნივითიერების მოხმარებისას თქვენ გარშემო არსებობდეს ერთი ფხიზელი ადამიანი მაინც, რომელსაც ეცოდინება რა ოდენობით და რა ნივთიერება მოიხმარეთ.
  3. დაიწყეთ მცირე დოზებით – თუ რაიმე ნივთიერებას პირველად მოიხმართ, ეცადეთ მისი მიღება რეკომენდებულზე პატარა დოზით დაიწყოთ.
  4. არ აურიოთ ნარკოტიკები – ხშირად ცალ-ცალკე უსაფრთხო ნივთიერებები შერევისას ბევრად საზიანო ეფექტს ატარებენ. განსაკუთრებით ერიდეთ ნარკოტიკების და ალკოჰოლის ერთად მიღებას.
  5. იყავი ინფორმირებული – სანამ რაიმეს მოიხმართ, გაიგეთ ამ ნივთიერების და მისი ეფექტების შესახებ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია.
  6. ახლომახლო იქონიეთ ნალოქსონი (ნარკანი) – მიუხედავად იმისა, რომ ამ პრეპარატის მიღება დღეს საქართველოში მხოლოდ რეცეპტით შეიძლება, ოპიატებით ზედოზირებისას მისი ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
  7. სერიოზულად მიუდექით ზიანის შემცირებას – თუ ვაღიარებთ, რომ ადამიანები ყოველთვის მოიხმარდნენ და მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს და თან გვინდა, რომ მათ ჯანმრთელობა რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს,  ჩვენი ძალისხმევის დიდი ნაწილი ზიანის შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული.

(ეს რჩევები კანადაში, ზიანის შემცირების მიმართულებით მომუშავე პროექტის – TRIP!-ის წარმომადგენელს, Thadea Berezny-ს ეკუთვნის).

ჩვენ კი გირჩევთ – ნუ მოიხმართ ნარკოტიკებს და გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.