fbpx

Poster_o – ოთარ ჯიშკარიანის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ახალი სიცოცხლე


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

 

ნამდვილი ხელოვნება  დროს უძლებს და ყველა ეპოქაში აქტუალურია. დროთა განმავლობაში შესაძლოა,  სხვადასხვა ფორმაც კი მიიღოს და ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელ ნაწილად იქცეს. 

სწორედ ასეთ ტრანსფორმაციასთან  გვაქვს საქმე ახალი სტარტაპის  – Poster_o-ს  შემთხვევაში. Poster_o არის პროექტი, რომელიც ცნობილი ქართველი ხელოვანის, ოთარ ჯიშკარიანის შემოქმედებას პოსტერების სახით წარმოგვიდგენს. ოთარ ჯიშკარიანი 50-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და საინტერესო ხელოვანია. უმნიშვნელოვანესია მისი როლი ქართულ რეალობაში ისეთი მიმართულებების განვითარების კუთხით,  როგორიც არის  დაზგური და წიგნის გრაფიკა, პლაკატისა და შრიფტის ხელოვნება. 

Poster_o  სწორედ ოთარ ჯიშკარიანის ფასდაუდებელი შემოქმედების თანამედროვე ინტერპრეტაციად იქცა – ლიმიტირებული რაოდენობის პოსტერებმა მისი ნამუშევრები თანამედროვე ფორმით გააცოცხლა. Poster_o დაახლოებით ერთი თვეა, რაც გაჩნდა, თუმცა მისმა კონცეფციამ ხელოვნების მოყვარულთა ყურადღება უკვე მიიქცია. 

Poster_o-ს  ერთ-ერთი დამფუძნებელი  თავად ოთარ ჯიშკარიანის შვილიშვილი, ნინი გაბიძაშვილია. პროექტის დაბადება სწორედ მის დიდ სურვილს უკავშირდება  – სურვილს, რომ ხელოვანის ნამუშევრები თანამედროვე თაობისათვის მეტად ნაცნობი  და ახლობელი ყოფილიყო. 

ოთარ ჯიშკარიანი ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მთელი ბავშვობა მისი ნამუშევრების გარემოცვაში  ვიზრდებოდი. პირადად ჩემთვის მისი შემოქმედება ძალიან ღრმა და შინაარსობრივია. დღესაც კი მაოცებს ის მომენტი, როდესაც ათასჯერ ნანახ ნამუშევარში უცებ ახალ დეტალს აღმოვაჩენ. მიუხედავად იმისა, რომ ოთარ ჯიშკარიანი  თავისი ეპოქის დამსახურებული მხატვარია და მის სახელს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობა უკავშირდება, მინდოდა მისი ნამუშევრები ჩემი თაობის ადამიანებისთვისაც ცნობილი ყოფილიყო, თუმცა, წარმოდგენა არ მქონდა, ეს როგორ განმეხორციელებინა.  იდეა, რომ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა პოსტერებად გვექცია, ჩემი ბავშვობის მეგობარს, ლიზა ტრაპაიძეს ერთ-ერთი სტუმრობის დროს გაუჩნდა”, – ნინი გაბიძაშვილი, Poster_o-ს თანადამფუძნებელი. 

Poster_o ჯიშკარიანის უნიკალურ სერიას – ქართულ ანბანზე შექმნილ კომპოზიციებს ეძღვნება. ქართული ანბანი ხშირად ქცეულა ხელოვანების ინსპირაციად. მიზეზი ის სრულყოფილი ფორმებია, რომელიც  ქართულ დამწერლობას ახასიათებს. თუმცა, ოთარ ჯიშკარიანის ეს სერია მაინც განსაკუთრებით ექსპრესიული და ორიგინალურია. 

ამიტომაც Poster_o-ს ერთ-ერთ უპირველესი მიზანი არა მხოლოდ მხატვრის ნამუშევრების შესახებ ცნობადობის გაზრდაა, არამედ საზოგადოებისათვის იმ რეალური კონტექსტის სწორად გადაცემა, რასაც ჯიშკარიანის ნამუშევრები აერთიანებს. 

„ანბანთქებაზე  ხელოვანი ოთხი წლის განმავლობაში  მუშაობდა და საბოლოოდ, ალბომის სახით 1986 წელს დაიბეჭდა. გრაფიკული სერია 36 კომპოზიციისგან შედგება  და მას გარდა მხატვრული ღირებულებისა, შემეცნებითი მნიშვნელობაც აქვს.  ქართული დამწერლობის სამივე  სახეობის – ნუსხურის, მრგლოვანისა და მხედრულის ნიმუშების მიხედვით შექმნილ ნამუშევრებში დაცულია ანბანური მწკრივი. სერია იმითაც მრავალფეროვანია, რომ ანბანის ყველა ასოზე მოცემულია შესაბამისი ფიგურა – ცხოველი, ფრინველი, თევზი, მცენარე, ქართული სახელები, აფორიზმები, ქართული კულტურის ძეგლები და ასე შემდეგ. „ანბანთქების“ მეშვეობით ქართველი მკითხველი ქართულ ენობრივ სამყაროსა და ქართული ენის ბუნებას ეცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამუშევრები 80-იან წლებში შეიქმნა, ვფიქრობ, მან გაუძლო დროს და დღესაც თანამედროვეა”. – ლიზა ტრაპაიძე, Poster_o-ს თანადამფუძნებელი. 

Poster_o-ს იდეის რეალობაში განხორციელება საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ჯიშკარიანის ნამუშევრები სხვადასხვა მუზეუმსა თუ კერძო კოლექციებშია დაცული, საჭირო იყო მათი ზუსტი აღწერა, შესაბამისი წესით სკანირება. ამ პროცესს კი ისიც ართულებდა, რომ ზოგიერთი ნამუშევარი სიძველიდან გამომდინარე, ფრაგმენტულად დაზიანებული იყო. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ ჩანაფიქრი რეალობად იქცა და შეიქმნა საკმაოდ ხარისხიანი პოსტერების ნიმუშები, რომლებიც ავთენტური ნამუშევრების ფერებს ზუსტად იმეორებს. 

როგორც Poster_o-ს დამფუძნებლები აღნიშნავენ, სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე პროექტის არსი ინტერნეტმომხმარებელმა ზუსტად აღიქვა. თავიდანვე მათთვის ნათელი ჩანდა, რომ პოსტერები არ იყო უბრალოდ ესთეტიკურად მიმზიდველი გრაფიკული ნიმუშები – რეალურად ისინი მხატვრის უნიკალურ მემკვიდრეობასთან აახლოებს თითოეულ მფლობელს,  ან თუნდაც უბრალოდ დამთვალიერებელს. 

პოსტერების შეძენა ამჟამად Poster_o-ს ინსტაგრამისა და ფეისბუქის გვერდების საშუალებით არის შესაძლებელი, თუმცა, როგორც პროექტის იდეის ავტორები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, სამომავლოდ არაერთი სიახლე და კოლაბორაცია იგეგმება. 

იმდენად უნიკალური პროდუქტი გვიჭირავს ხელში ოთარ ჯიშკარიანის ნამუშევრების სახით, რომ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და მუდამ მუშაობის პროცესში გვამყოფებს”. – ნინი გაბიძაშვილი, Poster_o-ს თანადამფუძნებელი. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.