fbpx

HOW TO BEE/SEE A WOMAN – Purpur Collective-ის ფილმის ჩვენება ქალაქ კიოლნში


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი გამსახურდია

 

“ჩვენი ებერტპლაცი” (Unser Ebertplatz ) ქალაქ კიოლნის კულტურულ-ურბანული სივრცეა. ქუჩა, ამ შემთხვევაში მიწისქვეშა გადასასვლელი, გადაიქცა გალერეად, რომ  ყველას ჰქონდეს საშუალება ხელოვნებასთან წვდომის, ყველა გახდეს ამ პროცესის მონაწილე.

სწორედ აქ მოაწყო Purpur Collective-მა ფილმის ჩვენება, რომელშიც გაერთიანებულია 12 ფოტოგრაფი ქალის ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ფილმი ეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცა ქალის როლი თანამედროვე საზოგადოებაში, სოციალური და პოლიტიკური ასპექტები, დედის და შვილის ურთიერთობები, ახალგაზრდობა და გენდერი. 

ფილმს წინ უძღვის სიმონ დე ბოვუარის ციტატა 1949 წელს დაწერილი წიგნიდან “მეორე სქესი”: “დიდხანს ვორჭოფობდი დამეწერა წიგნი ქალზე. რთული თემაა, განსაკუთრებით ქალისთვის, თანაც არახალია.” 

 პარადოქსია, მაგრამ ხშირად გამიგია, როდესაც ბოვუარს ახსენებენ, უპირველესად ჟან-პოლ სარტრთან მის ურთიერთობას უსვამენ ხაზს, თითქოს თავად ეს ქალი თვითკმარი არ იყოს. ესეც ერთგვარი სტერეოტიპია. ასეთ თვითმყოფად მწერალს და ფილოსოფოსს გეგონება, რამეში სჭირდებოდეს  “ძლიერი” კალთის ქვეშ ყოფნა. ის წერდა, რომ იყო  დრო, როდესაც კაცობრიობას სჯეროდა: “არის კეთილი საწყისი – რომელმაც შექმნა წესრიგი, ნათელი და მამაკაცი, და ბოროტი საწყისი – რომელმაც ქაოსი წყვდიადი და ქალი შვა.” რომ იყვნენ მეცნიერები,  რომლებიც ამტკიცებდნენ  რომ “ხორცი ფუჭდება, როდესაც ქალი ეხება, თუკი მას  ამ დროს მენსტრუალური ციკლი აქვს”. დღეს თითქოს შორს ვართ ასეთი გამონათქვამებისგან და პლატონისეული გამოქვაბულის მითის დარად, უმეცართა ბოდვად  გვეჩვენება, მაგრამ მაინც მრავალი პრობლემაა ქალთა უფლებების კუთხით, რასაც ეს ფოტოგამოფენაც ცხადყოფს.

 

ფოტოებიდან ჩანს აღმოსავლეთსა და დასავლეთში არსებული განსხვავებები, თუკი  დასავლეთში უნგრელ ფოტოგრაფ სილა კლენიანსკის ხედვით ერთგვარი განივთება ხდება ქალისა, სადაც ზღვარი წაშლილია  საყოფაცხოვრებო საგნებთან.   

სილა კლენიანსკის ფოტოები

 

ნიუ-იორკში მოღვაწე პიქსი ლიაო გვაჩვენებს,  რომ ჩინეთში ქალი პირდაპირი კუთვნილებაა მამაკაცისა, ის კაცს და ქალს როლს უცვლის  და ამავე დროს, თავის ნამუშევრებით ეძებს თანასწორობის იდეას. 

 

დინა ოგანოვას ფოტოებში დანაშაულის ადგილებია ნაჩვენები და გადმოცემულია სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალთა შემზარავი ისტორიები. ის სიმძიმით და გულისტკივილით გვეუბნება საზოგადოების განაჩენს: “რაც შეგემთხვა, შენი ბრალია, რადგან მოკლე კაბა გაცვია და კარგად გამოიყურები.”

დინა ოგანოვას ფოტოები

 

ჰოლი მაკლიში  გამოსახულებების და ლექსის ( “ვარდისფერი და ცისფერი”) ნაზავით, იმ კლიშეების წინააღმდეგია, სადაც ქალს და კაცს საზოგადოების მიერ წინასწარ დადგენილ და განსაზღვრულ ორ განსხვავებულ ნარატივში უწევს ცხოვრება. 

ჯენიფერ გრინბურგმა 50-ანი წლების ფოტოებში საკუთარი თავი ჩასვა და იმ დროის პროტაგონისტად მოგვევლინა, სადაც ქალი მხოლოდ ცდუნების ობიექტია, რომელსაც წარმატების მისაღწევად სექსუალურობა და სილამაზე სჭირდება, ის სვამს კითხვას, რამდენად შეიცვალა ქალის როლი ამ თვალსაზრისით დღევანდელ მსოფლიოში?

ჯენიფერ გრინბურგის ფოტოები

 

სესილია მალიკის ფოტოები

 

თანამედროვე სამყაროში ქალად ყოფნის სიძნელეს ეხმიანება სესილია მალიკის ფოტოების ციკლი 365 ხე, სადაც პარალელია გავლებული ბუნების ექსპლუატაციასა და ქალთა უფლებების დარღვევას შორის. პოლონელი ფოტოგრაფი გვაჩვენებს სამყაროს, რომელსაც ქალიც და ბუნებაც მოხმარების ნივთად უნდა რომ აქციოს.

დედის და შვილის ურთიერთობებს ეხება რამდენიმე ფოტოგრაფის ციკლი. ლებოჰან ქანიამ დედის დაკარგვასთან ერთად დაკარგა კავშირი დიდ ოჯახთანაც და ახლა მის არსებულ ფოტოებს აჩრდილივით ადევნებული, საკუთარ გამოსახულებებს ურთავს, რათა დედის არყოფნა ამ გზით შეავსოს. ფრანჩესკა მაგისტროს შვილებთან ურთიერთობით სურს აინაზღაუროს ის,  რაც ბავშვობაში გამოტოვა,  როცა თავად ბავშვს საკუთარი ძმისთვის  უნდა გაეწია დედობა. მიკა შპერლინგის ფოტოგრაფია მეტაფორაა საკუთარი ოჯახისა და ურთიერთკავშირი დედასა და შვილებს შორის.

სანდრა შტაინის ნამუშევრები გოგონების მოლოდინზე და  იდუმალ შიშზე მიგვანიშნებენ,  ზრდასრულობის მიჯნაზე რომ აქვთ, სადაც ზოგჯერ სიმამაცეც გვხვდება და ცნობისმოყვარეობაც.

ანა ერენშტაინის ფოტოები ეხება ვიდეოთამაშებსა და სოციალურ მედიას.

ულა დევენტერის ჩიტები გალიაში, სიმბოლოა ჩაკეტილი სილამაზის, რომელიც მისი მომზირალის კუთვნილებად ქცეულა მხოლოდ.

 

ვესაუბრე  ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორ თეონა გოგიჩაიშვილს:

 

ვისი  იდეა იყო Purpur Collective-ს  დაარსება  და რას ემსახურება ის?

მისი დაარსების იდეა 2018 წელს გაგვიჩნდა. მაშინ როდესაც ყველგან, არამარტო ხელოვნების სამყაროში, #metoo-ს გამწვავებული დებატები დაიწყო. მაშინ თითქოს თვალი აგვეხილა და ვიგრძენით ჩვენი, ქალების, ჯერ კიდევ მეორე ხარისხოვანი როლი როგორც ხელოვნების სამყაროში, ისევე თანამედროვე საზოგადოებაში. თანაც ეს ყველაფერი აქ, დასავლეთში, 70-იანი წლების ფემინისტური მოძრაობის მიუხედავად… 

ფაქტია, რომ დღესაც ბევრი საპასუხისმგებლო თანამდებობა უმეტესწილად მამაკაცებს უჭირავთ, წარმატებულ ხელოვანთა წრეშიც მამაკაცები ჭარბობენ. გამოდის, რომ ოჯახის და კარიერის ერთმანეთთან ჰარმონიული შეწყობა ახლაც ვერ ხდება.

 ეს ჩვენს თავზეც გამოგვიცდია, რის გამოც გადავწყვიტეთ მცირე წვლილი შეგვეტანა Puprur Collective-ს სახით ხელოვანი ქალების, არტისტების პოპულარიზაციის საქმეში. სწორედ ამ მოტივაციით დავიწყეთ ფილმზე მუშაობა. 

(Puprur Collective-ის წევრები ვართ: ინგა შნაიდერი (Inga Schneider), კურატორი, კიოლნის ფოტოფესტივალის ერთ-ერთი დამაარსებელი,. ანტონია ლოიკი (Antonia Loick), დიზაინის სააგენტოს მფლობელი, ლიტერატურათმცოდნე.  თეონა გოგიჩაიშვილი (Teona Gogichaishvili), ხელოვანი და კურატორი.

 

საქართველოშიც ხომ არ გეგმავთ პროექტის წარდგენას?

სასურველი იქნებოდა ფილმის ჩვენება, პოდიუმის დისკუსია და ჩვენი, ქართველი საზოგადოების აქტიური ჩართვა ამ პროცესში. ქართველი ხელოვანი ქალების ხელის შეწყობა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაცია უცხოეთში. საუბარია უბრალო, ნიჭიერ და მონდომებულ ხელოვან ქალებზე. 

პირველ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს ჩვენი ფილმის სხვადასხა ქვეყანაში, ფესტივალებზე, მუზეუმებსა თუ ღია სივრცეებში ჩვენება, თანმხლები დინამიკური პროცესით, ღია დიალოგით და დისკუსიით. შესაძლებელია ადგილობრივი ხელოვანი ქალების გამოფენაში სპონტანურად ჩართვა, პერფორმანსის მოწყობა. შემოთავაზებები გვაქვს ამ ეტაპზე კოპენჰაგენიდან, პარიზიდან, ბარსელონადან და ნიუ-იორკიდან. 

Unser Ebertplatz, Köln / სანდრა შტაინის ფოტო


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.