ქართულმა ანიმაციამ ოტავას საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა
მარიამ კაპანაძის 14-წუთიანი ანიმაციური ფილმი “მიტოვებული სოფელი” ოტავას საერთაშორისო ანიმაციების ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
ანიმაციას ჯილდო საუკეთესო მხატვრობისთვის გადასცეს, რომელზეც დამდგმელმა მხატვარმა ირაკლი ტოლიკაშვილმა იმუშავა.
ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და კინოცენტრ “ქართული ფილმი – აფხაზეთის” მხარდაჭერით, კინოსტუდია “კვალი XXI”-მა 2018-2020 წლებში შექმნა. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით მარიამ კაპანაძის ანიმაციას აქვს შანსი ოსკარის ნომინაციაზე კონკურსის გარეშე მოხვდეს.
როგორც მარიამისთვის, ასევე მხატვრისთვისაც ეს სადებიუტო ნამუშევარია რომელსაც 3 წლის განმავლობაში ე.წ. კაწვრის ტექნოლოგიით ქმნიდნენ. მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი მიტოვებული სოფელია, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიანს.
აღსანიშნავია, რომ ოტავას საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი კანადაში 1975 წელს დაარსდა და ის ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ანიმაციური ფესტივალია.