fbpx

SWAMP MONSTER – ექსპერიმენტული ქსოვა ნატალია შატბერაშვილისგან


გააზიარე სტატია

 

SWAMP MONSTER – ჭაობის ურჩხული ნატალია შატბერაშვილის პატარა  პროექტია, რისი გაკეთების იდეაც პირველ რიგში “გაზიარების” სურვილით გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნატალია პარიზის ერთერთ კინოსკოლაში სწავლობს, ცდილობს  ყველა მის სხვადასხვა ინტერესს თუ გატაცებას ერთნაირად დაუთმოს დრო.

 

 

At.ge ნატალიას ამ საინტერესო წამოწყებაზე ესაუბრა.

 

At: ნატალია როგორ გაჩნდა  Swamp Monsters?

ნატალია: ქსოვა დავიწყე ორი წლის წინ, ჩემი მოუსვენრობის მკურნალობის მიზნით 🙂 იმის გამო რომ, ყოველთვის მჭირდება რომ ხელები რაღაცით მქონდეს დაკავებული, გადავწყვიტე ქსოვა მეცადა. ამ სრულიად მარტივი და თითქოს უმნიშვნელო მიზეზის გამო ვიპოვე საქმე, რომლის გარეშეც ჩემი ცხოვრება აღარ წარმომიდგენია. ჩემი აზრით, ეს არის საქმე, რომელთან ერთადაც სწავლობ ბევრ იმ თვისებას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალმხრივ გეხმარება… 

როდესაც ქსოვ, ყველაზე მნიშვნელოვანია – პროცესი და ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი – შედეგი. მედიტაცია, კომერციული სპირიტუალიზმის ეპოქაში, ცოტა გაცვეთილი სიტყვა გახდა, მაგრამ ქსოვის პროცესი ნამდვილად არის ერთგვარი მედიტაცია. განმეორებები, რომლებსაც შენი ხელები ათასჯერ აკეთებენ, საშუალებას აძლევს შენს ტვინს რომ აზრებმა გაუფილტრავად იმოძრაონ ისე რომ არცერთს ჩაუღრმავდე და დამძიმდე. 

ამ დროს სიღრმისეულად ისვენებ. თითქოს ყველას მოცემულობად გვაქვს, რომ დასვენება მარტივი და უძალისხმევო პროცესია, ჩემი აზრით, სიღრმისეულად დასვენება, რაც ნიშნავს შენი სტრესისა და აგრესიისაგან დაცლას, საკმაოდ საძალისხმევო შეიძლება იყოს და სერიალთან ერთად ვახშმობა (რაც ხანდახან მეც ძალიან მსიამოვნებს) არ იყოს საკმარისი. 

სწორედ ამ ჯადოსნური თერაპიული თვისებების გამო შევყევი ქსოვას. SWAMP MONSTER – ჭაობის ურჩხული. ჩემი პატარა პროექტია. რისი გაკეთების იდეაც პირველ რიგში “გაზიარების” სურვილით გაჩნდა. ძალიან მომწონს იმის წარმოდგენა რომ რაღაცამ, რაც თავიდან ბოლომდე ჩემი ხელებით და თითებით არის გაკეთებული, სხვის სხეულზე შეიძლება განაგრძოს ცხოვრება.

კანიდან კანზე გადანაცვლების პრინციპით, ერთგვარი ინტიმურობის და ემოციის გაზიარება ხდება, ჩემ და იმ ადამიანს შორის, ვინც ჩემს ნაქსოვს ატარებს.

AT: ვინ არიან ის ადამიანები ვისთვისაც იქმნება შენი ნაქსოვი? 

ნატალია: ყველაფერი, რაც მომიქსოვია არის მხოლოდ ერთი. თითო ნაქსოვი თითო ადამიანისთვის და მხოლოდ მისთვის. ჩემი ნაქსოვები, არის იმ ადამიანისთვის, ვისაც ისინი მოეწონება და იფიქრებს რომ მისია. არ მომწონს როდესაც (ნებისმიერ მედიუმში), შემქმნელი წინასწარ წყვეტს ვის უნდა მოეწონოს ან ვინ უნდა ჩაიცვას ან ვინ უნდა უყუროს იმ რაღაცას, რაც მან შექმნა. ჩემიაზრით, ეს დიდი ამპარტავნობაა, ნებისმიერ საქმეში, წინასწარ გადაუწყვიტო შენ გაკეთებულ რამეს ვისთვის არის ის განკუთვნილი. ამიტომ რაც უფრო მეტ ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანს მოეწონება ჩემი ნაქსოვები, მე უფრო მეტად გამიხარდება.

 

AT: რატომ ეს სახელი?

ნატალია: სახელი SWAMP MONSTER – ჭაობის მონსტრი, რაღაც ნაერთია ბევრი რამის, რაც დალექილი მაქვს გონებაში ბავშვობიდან. ჭაობების მიმართ ინტერესი პატარაობიდან გამიჩნდა, როდესაც ბებიაჩემმა წიგნი მათხოვა. ამ წიგნიდან არაფერი არ მახსოვს, რადგან იმ დროისთვის ჩემთვის ზედმეტად რთული ენით იყო დაწერილი, ერთი ფრაზის გარდა რომ ლოტუსის ყვავილი, საუკეთესო მისაბაძი მაგალითია, თუ როგორ უნდა ვიცხოვრო, რადგან ეს არის სიცოცხლე რომელიც ჭაობში – ტალახიან წყალში ყვავის. ეს წინადადება რაღაცნაირად ჩამრჩა თავში მისი ამოკითხვის შემდეგ და ჭაობის ბინადრების მიმართ დიდი ინტერესი გამიჩნდა. 

ჩემი ნაქსოვებიც, ესთეტიკურად ცოტათი წააგავს ჭაობის მცენარეებს. სიტყვა მონსტრი, ალბათ იმიტომ რომ, ჩემს ტანსაცმელს აქვს, მრავალი ნაკლი, და არ არის არანაირად იდეალურად შესრულებული. არ არის ისეთი ტანსაცმელი, რომლის ნახვასაც მიჩვეული ვართ მაღაზიებში – მანქანის სიზუსტით შეკერილი ტანსაცმელი, რომელსაც გგონია რომ ადამიანის ხელი არასდროს შეხებია და ეს შარვალი სულ შარვალი იყო მანამდეც კი, სანამ შეიკერებოდა ჩემს ნაქსოვებში ჩანს, ამ საქმეში,არც თუ ისე, კარგად დახელოსნებულ ადამიანს, სად გაეფანტა გონება და სად დაეღალა თვალები, შეიძლება დროთა განმავლობაში უფრო დაემსგავსოს ჩემი ნაქსოვები მანქანის სიზუსტით შეკერილ ტანსაცმელს, ამ ეტაპზე კი ჩემი არა-დახელოსნებული ხელები ჭაობის მონსტრებს ქსოვენ.

AT: როგორც ვიცი კინოს კეთებას გეგმავ, მომიყევი შენს საქმიანობაზე კინოს მიმართულებით.

ნატალია: იმის მიუხედავად რომ ამჟმად ვსწავლობ პარიზის ერთ-ერთ კინო-სკოლაში, ვერ ვიტყვი, რომ ერთი კონკრეტული ჩამოყალიბებული საქმიანობა მაქვს. წლევანდელი წელი, რეალურად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან წელს სწავლას ვამთავრებ და ზაფხულში ვაპირებ ჩემი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას. პატარა პროექტებისა და ფილმის გადაღებებზე მუშაობის გამოცდილების მიუხედავად, ჩემთვის ეს პირველი სერიოზული ცდა იქნება ამ სფეროში. რაც დამანახებს შესაძლებელი არის თუ არა ფილმის ისე გადაღება როგორც მე წარმომიდგენია და რატომაც დავიწყე მისი სწავლა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.