fbpx

მდინარის მაგიური ბაღი 2021/ River’s Magic Garden


გააზიარე სტატია

„მდინარის მაგიური ბაღი“  ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც CCA-Tbilisi-ის ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიების მთავარი მიზანი მტკვრის, როგორც უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსის, ქალაქში ინტეგრაცია და ჭალების საზოგადოებრივ სივრცედ გარდაქმნის ხელშეწყობაა. 

2021 წლის ფესტივალის მთავარ კონცეფციას ფუტუროლოგია წარმოადგენს. მისი მთავარი მიზანი წარმოსახვითი სოციუმის მომავლის პერსპექტივები, არსებული ვითარების გადააზრება და ალტერნატიული რეალობის შექმნაა. 

აღნიშნული თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა რეალობაში მცხოვრები  საზოგადოებისთვის, რომელიც ნებისმიერ ცვლილებას მტკივნეულად აღიქვამს.

ღონისძიება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მისი მთავარი კომპონენტი გამოფენაა,  რომელშიც 20 ქართველი ხელოვანი  მონაწილეობს. ღონისძიების თემატიკიდან გამომდინარე, მათ სპეციალურად შექმნეს შესაბამისი სივრცული ნამუშევრები.

საგამოფენო სივრცე 22 ოქტომბერს გაიხსნა. ღონისძიების კურატორმა, CCA-Tbilisi-ის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა და მონაწილე მხატვრებმა ტური მტკვრის ჭალაში, საგამოფენო ტერიტორიაზე ჩაატარეს,  სადაც დამთვალიერებელს წლევანდელი კონცეფცია და შექმნილი ნამუშევრები გააცნეს. 

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CCA-Tbilisi (Center of Contemporary Art) დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას საქართველოში და ზოგადად, კავკასიაში.

CCA-Tbilisi ეხმარება ქართველ ხელოვანებს, წარმოადგინონ თავიანთი შემოქმედება ადგილობრივი და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე. 

CCA-Tbilisi-ს მთავარი კვლევითი პროექტი ორიენტირებულია ხელოვნებაზე, რომელიც საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული და ცენზურის გამო მეტწილად დავიწყებული იყო.

ცენტრი ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: საინტერესო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებისათვის გამოფენების ორგანიზება, მოტივირებული სტუდენტების აღზრდა, ქართული ხელოვნების შესახებ კვლევების ჩატარება და ხელოვანთა და კურატორთა შესაძლებლობების ჩვენება მსოფლიოს სხვადასხვა პარტნიორი ინსტიტუტებისათვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.