fbpx

გოლთაცვენა ჩემპიონთა ლიგაზე


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერი სათამაშო დღე თავისებურია და გამონაკლისი არც მესამე ტური ყოფილა. პირველ დღეს გამართულ რვა შეხვედრაში გუნდებმა 35 გოლის გატანა შეძლეს, რაც თითოეულ მატჩზე საშუალოდ 4.375 გოლის ტოლფასია. მეორე დღეს კი გოლების რაოდენობამ 24 შეადგინა, რაც ასევე (მატჩზე 3 გოლი) აღემატება საშუალო მაჩვენებელს.

რა შეიძლება იყოს ასეთი უხვგოლიანობის მიზეზი, თუ არა მოუწესრიგებელი თამაში დაცვაში? როგორც ჩანს, სანაკრებო კვირეულმა საკმაო ზეგავლენა მოახდინა გუნდების მომზადებაზე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებისთვის, რომლებზედაც გადაწყობა მათ დაძაბული გრაფიკიდან გამომდინარე ვერ მოასწრეს.

ამის ერთ-ერთი მაგალითია „ატლეტიკოს“ და „ლივერპულის“ მატჩი, რომელშიც მერსისაიდელები მე-13 წუთისთვის ანგარიშით 2:0-ს იგებდნენ. აბა გავიხსენოთ, მადრიდის „ატლეტიკომ“ ბოლოს როდის გაუშვა შეხვედრის დებიუტში ორი ბურთი და შემდეგ ვიმსჯელოთ, თუ რა ლოგიკას უნდა დაქვემდებარებოდა დარჩენილ დროში ამ დაპირისპირების განვითარების სცენარი.

„ატლეტიკომ“ ანგარიშის გათანაბრება პირველ ტაიმშივე მოახერხა, რამდენჯერმე დაწინაურებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ მატჩის 51-ე წუთზე დუბლის ავტორ გრიზმანის გაძევების შემდეგ გადამწყვეტი გოლი „ლივერპულმა“ გაიტანა და „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გამარჯვებით ერთგვარი რევანში აიღო მადრიდულ კლუბთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შარშანდელ მარცხზე. 

„ლივერპულმა“ ზედიზედ მესამე მატჩის მოგებით დიდი ნაბიჯი გადადგა მერვედფინალისკენ, მეორე ადგილისთვის „ატლეტიკო“ და „პორტუ“ იბრძოლებენ, სამივე მატჩში წაგებული „მილანისთვის“ კი წარსული დიდების აღდგენაზე ფიქრი აშკარად ნაადრევია.  

პირველ სათამაშო დღეს ასევე ანგარიშით 3:2 „პარი სენ-ჟერმენმა“ შინ „ლაიფციგი” დაამარცხა. პოჩეტინოს გუნდი თითოეულ მატჩში შემტევი თანავარსკვლავედის იმედზეა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მეტოქეებს მასხრად იგდებს კიდეც, მაგრამ ამისთვის მას ჯერჯერობით ვერავინ სჯის.

აბა რას უნდა მივაწეროთ დაცვაში დაშვებული უამრავი შეცდომა, მეკარეების – კეილორ ნავასისა და დონარუმას არაერთი „სეივი“ და საკმაო რაოდენობით გაშვებული ბურთები როგორც ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, ისე საფრანგეთის ჩემპიონატში? 

პარადოქსი კი ისაა, რომ მშრალად პარიზელებმა კარი ყველაზე მრისხანე მეტოქის, „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ მატჩში შეინახეს. „ლაიფციგმა“ კი მათთან დაპირისპირების 57 წუთზე ანგარიშით 2:1 დაწინაურებაც კი შეძლო!

„პარი სენ-ჟერმენმა“ დარჩენილ დროში პრობლემა მარტივად მოაგვარა. მესიმ შვიდი წუთის განმავლობაში დუბლი შეასრულა. პირველი გოლი არგენტინელის ინდივიდუალურ ქმედებებს მოჰყვა, მეორე კი მან კარის შუაგულში თავხედურად დარტყმული თერთმეტმეტრიანით გაიტანა. საინტერესოა, რომ მატჩის დამატებულ წუთებზე ამ შეხვედრაში პირველი გოლის ავტორმა მბაპემ პენალტი ვერ გამოიყენა.

 

მესამეჯერ ანგარიში 3:2 მეორე სათამაშო დღეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ბერგამოს „ატალანტას“ შეხვედრაში დაფიქსირდა, რომელიც მასპინძლებმა ჩემპიონთა ლიგაზე ტრადიციულად გაჭირვებით მოიგეს.

როგორც წინა ტურში „ვილიარეალთან“, ამჯერადაც მანჩესტერელთა მხრიდან გადამწყვეტი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ მატჩის 81-ე წუთზე გაიტანა. იქამდე კი თავის გამოჩენა მის თანაგუნდელებთან ერთად, მეტოქეებსაც შეეძლოთ. ასე რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბეწვის ხიდზე კიდევ ერთხელ გაიარა. საკვირველი მხოლოდ ისაა, რომ გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც რონალდუ, ბრუნო ფერნანდეში, კავანი, პოგბა, მაკტომინეი, ლინდელოფი და ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელები გამოდიან, კვლავაც ვერ ახერხებს დამაჯერებელ ასპარეზობას ჯგუფურ ეტაპზე, რომლის დაძლევა მან შარშან ვერც შეძლო.

ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჯგუფის ლიდერია და კრიტიკოსების დადუმებას „ვილიარეალის“ ან „ატალანტას“ გასვლაზე განადგურებით ეცდება, რაც შეიძლება მოახერხოს კიდეც. 

თუკი „მანჩესტერ იუნაიტედი“ სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეშია, „ინტერი“, რომელმაც შარშან ასევე ვერ მოახერხა მერვედფინალში გასვლა, ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება და რთული მატჩებისთვის ემზადება როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე იტალიის სერია A-ში. 

გასულ კვირას მილანურმა კლუბმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა მთავარ კონკურენტ „შერიფთან“ შეხვედრაში, რითაც ოდნავ დაამშვიდა ქომაგები. 

ჯგუფიდან გასვლის მთავარი ფავორიტი კი ამჟამად მეორეადგილოსანი მადრიდის „რეალია“, რომელმაც შური იძია „შახტართან“ შარშანდელ ორ სენსაციურ მარცხზე და უკრაინული კლუბი გასვლაზე ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

მატჩის გმირად ვინისიუს ჟუნიორი იქცა, რომელმაც 14 წუთის განმავლობაში დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. 

გასულ სათამაშო კვირას 3:2-ის მსგავსად, ანგარიში 4:0-ც სამჯერ დაფიქსირდა, რაც განსაკუთრებით შეუსაბამო „აიაქსის“ და „დორტმუნდის“ წყვილისთვისაა. „ამსტერდამ არენაზე“ ჰოლანდიის ჩემპიონი ტრიბუნების განსაკუთრებული მხარდაჭერის ქვეშ თავიდანვე გადავიდა შეტევაში და „დორტმუნდი“ საკუთარ საჯარიმო მოედანს მიაჯაჭვა, რასაც გერმანული გუნდი დაჩვეული არ არის.

სტუმრების არაკომფორტული მდგომარეობა მატჩის დებიუტშივე მარკო როისის არაადეკვატურ ავტოგოლში გარდაისახა, მალე კი გოლთა ცვენამაც არ დააყოვნა, რაშიც თავი მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირმა სებასტიენ ჰალერმაც გამოიჩინა. 

კოტდივუარელმა ფორვარდმა „დორტმუნდთან“ შეხვედრაში თავისი მეექვსე გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. „აიაქსი“ სამი ტურის შემდეგ „ბაიერნის“, „იუვენტუსის“ და „ლივერპულის“ მსგავსად, უდანაკარგოდ ასპარეზობს. 

მიუნხენის „ბაიერნი“ ჯერჯერობით უძლეველი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. „რეკორდმაისტერს“ ყველაზე მეტი – 12 გოლი აქვს გატანილი და საკუთარ კარსაც მშრალად ინახავს. 

„ბაიერნმა“ „ბარსელონას“ და კიევის „დინამოს“ შემდეგ, მორიგი რბევა ლისაბონში „ბენფიკას“ მოუწყო, რითაც გარკვეული დახმარება არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ „ბარსელონასაც“ გაუწია. „რეკორდმაისტერი“ განსაკუთრებით საშიში მეტოქეთათვის მეორე ტაიმშია, რადგან 12 გოლიდან პირველ 45 წუთში მას მხოლოდ 3 აქვს გატანილი.

„ბაიერნი“ შესანიშნავად ორგანიზებული გუნდია, რომლის მართვის მექანიზმიც ჰანსი ფლიკისგან ზედმიწევნითი სიზუსტით გადაიღო „ლაიპციგის“ ყოფილმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა. აღსანიშნავია, რომ „ბენფიკას“ წინააღმდეგ გუნდი მისმა თანაშემწე დინო ტოპმიოლერმა გამოიყვანა, რადგან ნაგელსმანს COVID-19 დაუდასტურდა.

„რეკორდმაისტერის“ აღმავლობაზე მისი ბოლოდროინდელი სტატისტიკაც მეტყველებს. „ბაიერნმა“ „ბენფიკამდე“ გასვლაზე ხომ ბუნდესლიგის გათამაშებაში ერთ-ერთი უმთავრესი მეტოქე „ლევერკუზენიც“ ოთხბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 5:1 დაამარცხა.    

„ბაიერნის“ და „აიაქსის“ მსგავსად ანგარიშით 4:0 ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა „ჩელსიმ“ შინ „მალმიო“ დაამარცხა. ამ მატჩში აღსანიშნავია ანდრეას კრისტენსენის პირველი გოლი ლონდონელთა შემადგენლობაში, სადაც მან მე-80 შეხვედრა ჩაატარა.

მოგების მიუხედავად „ჩელსი“ სამი ქულით ჩამორჩება „იუვენტუსს“, რომელმაც ასეთი გოლთაცვენის ფონზე გასვლაზე მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია „ზენიტს“. „იუვენტუსს“ „ბაიერნის“ მსგავსად გოლი ჯერჯერობით არ გაუშვია, მაგრამ ვერც გატანილი გოლების რაოდენობით (5) დაიკვეხნის.

„ბარსელონამაც“ ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. კიევის „დინამოსთან“ მოგება ესპანური კლუბისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან „ბენფიკასთან“ წაგების შემდეგ, მას ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს.

აღსანიშნავია უკრაინული კლუბების სუსტი ასპარეზობა წლევანდელ ტურნირზე. „შახტარმა“ და კიევის „დინამომ“ სამი ტურის შემდეგ თითო ქულის მოპოვება შეძლეს, ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხეს და ჯამში 13 ბურთი გაუშვეს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.