fbpx

MUA-Architecture & Placemaking – კონცეფცია მუხიანში


გააზიარე სტატია

ავტორი: ანა ჭიღიტაშვილი

 

MUA Architecture & Placemaking ქართული არქიტექტურული ოფისია, რომლის საქმიანობა  არქიტექტურულ და ურბანულ პროექტებს მოიცავს. არქიტექტორების  ახალი კონცეფცია, რომელიც აჭარა ჯგუფის დაკვეთით შეიმუშავეს, გლდანის რაიონში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. ამ ადგილის რეკონსტრუქციის იდეა ბოლო წლებში აქტუალურია, რადგან ქარხნის საწარმოო და ადმინისტრაციულ ნაგებობათა კომპლექსს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მუხიანის განვითარებაში. 

ქარხნის ტერიტორია მოიცავს რამდენიმე დიდ ნაგებობას. არქიტექტორების მიერ შემუშავებული კონცეფცია ტერიტორიას განსაკუთრებულ ფუნქციას სძენს, როგორც თავად აღნიშნავენ,  მას ისეთ ადგილად აქცევს, სადაც გაიცემა და გადაიცემა ცოდნა კონკრეტული ხელობისა და ხელოსნობის შესახებ. ეს იქნება პროფესიული კოლეჯი, სადაც  სხვადასხვა წარმოება ამუშავდება და პროდუქცია შეიქმნება, ასევე  წარიმართება ტექნიკური უნარების და სხვადასხვა რესურსების შესწავლა-გამოყენების პროცესი. 

გარდა ამისა, შენობა იქნება მრავალფუნქციური და გააერთიანებს სპორტულ კომპლექსებს, საგამოფენო დარბაზებს, კაფე-ბარებს და სხვა სივრცეებს. არსებული შენობების ხასიათი არქიტექტორებისთვის უკვე ერთგვარი მოცემულობაა, რაც გარკვეულ ბაზას ქმნის მათზე ახალი იდეების დასაშენებლად.

“ადრე როგორ ფუნქციონირებდა დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ შენობის გაბარიტებიდან გამომდინარე, ქარხნის ტერიტორია საკმაოდ დატვირთული ადგილი უნდა ყოფილიყო თანამშრომლების, მენეჯმენტის და სავარაუდოდ, რთული ლოჯისტიკის გათვალისწინებით. 

ქარხნის ადგილმდებარეობის და მისი სიდიდის გამო, მას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რადგან იგი თემქისა და მუხიანის დასახლებებს შორის საკვანძო გზაჯვარედინზე მდებარეობს. ამ კონცეფციის განვითარების შემთხვევაში აუცილებლად გაჩნდება ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი თბილისში. 

ჩვენი აზრით, ეს გაამდიდრებს ქალაქის გეოგრაფიას და ძალიან დიდ როლს ითამაშებს მიმდებარე უბნებისა და ზოგადად, ქალაქის ცენტრიდან თითქოს მოწყვეტილი დასახლებების სოციალური და ეკონომიკური კუთხით გაძლიერებაში”  – განმარტავენ დევი ქიტუაშვილი და გოგიკო საყვარელიძე. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.