fbpx

ქუჩის ფოტოგრაფია: ფოტოგრაფები, რომლებმაც ქალაქის ქუჩები უკვდავყვეს


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

ქუჩის ფოტოგრაფები გვახსენებენ, რომ ისტორიას არა მხოლოდ მონუმენტური მოვლენები, “სელებრითები” და პოლიტიკოსები, არამედ ჩვეულებრივი ხალხი ქმნის. ისინი ადამიანების ყოველდღიურ გულწრფელ კადრებში გადმოსცემენ. რასის, კლასის და ასაკის მიღმა, ქუჩის ფოტოგრაფია ყოვლისმომცველ სურათს გვთავაზობს, თუ როგორია ცხოვრება გარკვეულ მომენტში. დროსთან ერთად მოდა და ინფრასტრუქტურა იცვლება, მაგრამ  ფოტოების  საფუძველი ადამიანის ემოციაა, რომელიც მარადიულია. 

ცნობილი ფოტოგრაფის, ეჟენ ატჟეტის პარიზის პორტრეტები ნოსტალგიამ გაამდიდრა. 1800-იანი წლების შუა ხანებში ჟორჟ-ეჟენ ჰაუმანსმა ქალაქის მოდერნიზაციისთვის კამპანია ჩაატარა. ფართო ბულვარებმა შუა საუკუნეების არქიტექტურა შეცვალა, სწორედ ამიტომ, ატჟეტმა გადაწყვიტა, რომ ძველი გარემო ფოტოებში შეენარჩუნებინა. მან სააფთიაქო ინტერიერი, საცხობი, სასტუმრო, ტუილრის ბაღი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ისევე როგორც მიმდებარე ქუჩებზე დასახლებული ხალხი, ფირზე ასახა. მის ფოტოებში პარიზელებს მზერა ცისკენ აღუმართავთ, მზის დაბნელებას რომ შეხედონ, პოზიორობენ, ვიტრინებს ათვალიერებენ და ბნელ ქუჩებში მოჩვენებებივით მოძრაობენ. ატჟეტი წარსულს იმდროინდელი ხელოვნების უახლეს ფორმაში – ფოტოგრაფიაში ინახავდა. 

ატჟეტის  ფოტომემკვიდრეობამ სხვა არტისტებზე დიდი გავლენაა. სიურრეალისტები, კერძოდ მან რეი, მის ბუნდოვან გამოსახულებებს აღმერთებდნენ; ატჟეტის ნამუშევრები აგრეთვე ფოტოგრაფების, ბერენის ებოტის და ანსელ ადამსის ინსპირაციაც იყო. უკანასკნელმა მის შემოქმედებას “ჭეშმარიტი ფოტოგრაფიული ხელოვნების უძველესი გამოხატულება” უწოდა. 

ამერიკა ვიჯის ფოტოების მთავარი ობიექტი იყო. მის შემოქმედების ძირითად ასპექტებს შუაღამეს გადაღებული დანაშაულის სცენები, მოვაჭრეები და მოცეკვავეები შეადგენდნენ. ვიჯი (არტურ ფელეგი) ხშირად ტაბლოიდური ჟურნალისტიკის წინამორბედადაც კი მოისაზრებოდა, რომელიც ღამის ამბების ბინძურ მხარეს წარმოაჩენდა. სტივენ კაშერის გალერეის თანახმად, ის “პირველი კერძო მოქალაქე იყო, რომელსაც პოლიციის რადიო გადაცემებზე ჰქონდა წვდომა.” ახალი დანაშაულის შეტყობისთანავე, ფოტოგრაფი თავისი აღჭურვილობით არეულობის ადილას მიდიოდა და დოკუმენტაციას აკეთებდა დამთვალიერებლისთვის. სწორედ ვიჯის შთაგონებით არის გადაღებული 2014 წლის ფილმი Nightcrawler, სადაც ჯეიკ ჯილენჰოლი მტაცებელი ოპერატორის როლს ასრულებს. 

ვიჯი მოგვიანებით “სელებრითების” გროტესკულ პორტრეტებს აკეთებდა, თუმცა მაინც შეპყრობილი იყო სანახაობით.    

ფრანგმა ფოტოგრაფმა, ანრი კარტიე-ბრესონმა ომამდელი და ომის შემდგომი ევროპის დაუვიწყარი გამოსახულებები შექმნა. ამასთან ერთად, ის ისეთი ცნობილი მხატვრების პორტრეტების ავტორია, როგორებიც იყვნენ: პიკასო, მატისი, ჯაკომეტი და ნიკი დე სენ-ფალი. ასეთივე მახვილი თვალით, მან პარიზის ქუჩებში მოხეტიალე და სევილიაში მოთამაშე ბავშვები აღბეჭდა კამერაზე. 1944 წელს კარტიე-ბრესონმა გერმანული ოკუპაციისგან პარიზის გათავისუფლება გადაიღო, თუმცა ჯარისკაცების და მსოფლიო ლიდერების ნაცვლად მან ის დააფიქსირა, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა  – ხალხი პარიზის ქუჩებში. “უცებ გავიაზრე, რომ ფოტოგრაფიას შეუძლია მარადიულობა ერთ წამში ჩატიოს… ისეთი ინტენსიურობაა ამ იმიჯში, ისეთი სპონტანურობა.”

კარტიე-ბრესონი 1947 წელს შექმნილი ფოტოგრაფთა პირველი გაერთიანების “მაგნუმის” წევრი იყო, რომელიც თანამედროვე ფოტოგრაფიაში ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ სააგენტოდ მიიჩნევა. 

1954-72 წლებში ფოტოგრაფმა მისი უნიკალური მზერა საქართველოს დედაქალაქზე შეაჩერა და ძველი თბილისის ქუჩების დაუვიწყარი კადრები დაგვიტოვა. 

ვივიენ მეიერს არასოდეს ჰქონია ამბიცია ცნობილი ფოტოგრაფი გამხდარიყო. ის ძიძად მუშაობდა, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკის ქუჩების გადაღება კი მხოლოდ ჰობი იყო. მისი ფოტოები ხშირად “ბუნდოვან ვუაიერიზმს” ასახავენ: ანარეკლებში ის ქუჩაში მოსიარულეებს მათ გაუცნობიერებლად იღებდა და ამით ყოველდღიური ცხოვრების პატარ-პატარა მომენტებს აფიქსირებდა. 

როდესაც უძრავი ქონების დეველოპერმა, შემდეგ კი არტისტმა ჯო მალუფმა, 2007 წელს  ჩიკაგოს აუქციონზე მეიერის ფოტოსურათი შეიძნა, მან მიზნად დაისახა ფოტოგრაფი “ბრენდად” ექცია. მალუფის დოკუმენტურმა ფილმმა, Finding Vivian Maier (2013), მეიერი მზის სინათლეზე გამოიყვანა. მიუხედავად ამისა, მისი მრავალი ბიოგრაფიული დეტალი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა სწორედ ასე შეეფერება ქალს, რომელიც ასეთი იდუმალი სურათების ავტორი იყო. 

გარი ვინოგრანდი არ ცნობდა ტერმინს “ქუჩის ფოტოგრაფი”. “ეს სულელური ტერმინია,” აღნიშნავდა ის, “მე არ ვფიქრობ, რომ ის რამეს გეუბნება ფოტოგრაფის ან მისი შემოქმედების შესახებ.” მიუხედავად ამისა, ფოტოგრაფის ყველაზე დასამახსოვრებელი იმიჯები საუბრის, მოლოდინის, კოცნის და ნიუ-იორკის და ლოს ანჯელესის ბინადრების  შავ-თეთრი კადრებია. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო Dealey Plaza, Dallas (1964), Dealey Plaza-ს მახლობად შეკრებილ ჯგუფს ასახავს, მათ ხელში ფოტოსურათი უჭირავთ და პრეზიდენტ კენედის მკვლელობის დეტალებს განიხილავენ. 

ბილ კანინგემი ადგილობრივი ლეგენდა იყო. ის New York Times-ისთვის ქუჩის მოდას თითქმის 40 წელი იღებდა. მისი ყოველკვირეული რუბრიკა, “On the Street,” ქუჩაში ნანახი  საყვარელი კოსტიუმების კოლაჟისგან შედგებოდა. “თქვენ არაფერი იცით, თუ არ გადაიღებთ შოუებსა და ქუჩებს, რომ ნახოთ როგორ ინტერპრეტაციას უკეთებენ ადამიანები იმას, რასაც დიზაინერები ყიდიან,” აღნიშნავდა ის. ფოტოგრაფის თქმით, ქუჩა ის კომპონენტი იყო, რომელიც მას აკლდა და სწორედ ამის საფუძველზე განავითარა შემდგომში მისი პრაქტიკა. 

კანინგემი ასევე  გალა საღამოებს, მოდის კვირეულებს და სხვა გახმაურებულ ღონისძიებებს იღებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ინდუსტრიის პრივილეგიებზე უარს ამბობდა და იმ საზოგადოების ნაწილად რჩებოდა, რომელსაც ქუჩის ფოტოებში ასახავდა. “ფული ყველაზე იაფი რამ არის, თავისუფლება კი ყველაზე ძვირი.” 

ჯოელ მეიროვიცი მაშინ მუშაობდა ფერად ფოტოებზე, როდესაც სახვითი ხელოვნების სამყარო ჯერ კიდევ მხოლოდ შავ-თეთრს ცნობდა. კარტიე-ბრესონის და რობერტ ფრანკის შთაგონებით, მეიროვიცმა მეოცე საუკუნის შუა ხანების ურბანული გარემო დაიპყრო. მის ესთეტიკას ამდიდრებდა იუმორი, კონტრასტი და ადამიანური ნაკლოვანებები. 

მეიროვიცის შემოქმედებამ უფრო ტრაგიკული მიმართულება შეიძინა, როდესაც მან 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ობიექტივი განადგურებისაკენ მიმართა. მის ფოტოებზე ნანგრევები, მეხანძრეები, ამწეები და კვამლი აისახა. ფოტოების ამ სერიაში სიცარიელე,  ჭვარტლი და  დიდი ტრაგედიის ატმოსფერო სუფევს. 

სამოცდაათიანების სტილი – მაღალწელიანი შორტები, მუხლამდე წინდები და “შოტლანდურები” – სიუზან მეისელასის “Prince Street Girls” სერიის აუცილებელი “პერსონაჟებია”, მაგრამ ნამდვილი ვარსკვლავები, მისი ქალი მეგობრები, ოჯახის წევრები და მეზობლები არიან, რომლებიც მან ქვედა მანჰეტენზე გადაიღო. ურბანულ გარემოში, მეისელასი ყურადღება ადგილობრივი გოგონების და ქალების კოლეგიალურობაზე და სექსუალობაზე ამახვილებდა. აღნიშნული სერია მისი საცხოვრებელი გარემოს რემინისცენცია იყო. 

1978 წელს ის ნიკარაგუაში გაფრინდა, რათა სანდინისტური რევოლუცია და ღარიბული ქუჩების  ყოველდღიური ცხოვრება აღებეჭდა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.