კოღუაშვილის ფილმმა კოტბუსის კინოფესტივალზე სამი ჯილდო აიღო
ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი პრიზი აიღო.
კინოსურათმა ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცის (ლევან თედიაშვილი), ფიპრესის ჯილდო და ეკუმენიური ჟიურის პრიზი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ლევან კოღუაშვილის “მეოთხე ბრაიტონი“ გაიგზავნა საქართველოს სახელით 2022 წლის ოსკარზე საუკეთესო საერთაშორისო ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად.
„მეოთხე ბრაიტონის“ პრემიერა ნიუ–იორკში, ტრიბეკას კინოფესტივალზე გაიმართა.
ფილმის სიუჟეტი 70 წლის მოჭიდავეზე მოგვითხრობს, რომელიც თბილისიდან ნიუ-იორკში მიფრინავს, რომ თავის შვილს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.
ლევან თედიაშვილის გარდა, მაყურებელი იხილავს გიორგი ტაბიძეს და ნადეჟდა მიხაილკოვას. ფილმში თამაშობს ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძეც, რომლისთვისაც ეს ბოლო როლი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ფილმების წარმატებულ მოგზაურობას მსოფლიო ფესტივალების გარშემო დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისიც“ აგრძელებს, რომელმაც ერთ-ერთ იტალიურ ფესტივალზე, Linea d’Ombra-ზე ორი პრიზი – სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა და საუკეთესო დებიუტისთვის დაიმსახურა.