ბათუმი – Land Rover-ის ინსპირაცია
ბათუმი არაერთხელ გამხდარა ხელოვანების ინსპირაციის წყარო. თუმცა, წელს საქართველოს ზღვისპირა ქალაქი განსაკუთრებულ კონტექსტში მოიხსენიეს და მისი სახელი ყველაზე ცნობად და მოთხოვნად ბრენდთან დაკავშირებით გაჟღერდა.
Batumi Gold – ასე დაარქვეს Jaguar Land Rover-ის დიზაინერებმა განახლებული Range Rover-ის ერთ-ერთ ძვირადღირებულ ფერს. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიომ განახლებული Range Rover იხილა. ამ მოვლენას ონლაინ რეჟიმში თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა მსოფლიოს მასშტაბით. ბრიტანული ავტოგიგანტის ფერთა გამაში საქართველოს ზღვისპირა ქალაქის, ბათუმის ფერებიც მოხვდა.
როგორც ჩანს, Range Rover-ის შემოქმედებითი გუნდი ბათუმის შთამბეჭდავი ხედებითა და მზის ჩასვლით მოიხიბლა. ავტომობილის ახალი ფერი სწორედ ზღვაში ჩამავალ მზესთან ასოცირდება.
„არც ერთი დღე ბათუმის გარეშე,“ – გვითხრა მხატვარმა გელა წულაძემ, როცა ეს ამბავი პირველად ჩვენგან მოისმინა. ხელოვანებს არ უკვირთ, რომ ზღვისპირა ქალაქი ადამიანებზე ასეთ გავლენას ახდენს. თუმცა, სიამაყის შეგრძნება მათაც ზუსტად ისე ეუფლებათ, როგორც ნებისმიერ ქართველს, რადგან ბათუმი კიდევ ერთხელ მოინიშნა მსოფლიო რუკაზე.
როცა Range Rover Batumi Gold-ის შესახებ ფოტოხელოვან გურამ წიბახაშვილს მოვუყევით, მას საკუთარი შთაბეჭდილებები გაახსენდა, როცა ბათუმი პირველად ნახა.
„მაშინ ბათუმი სულ სხვანაირი იყო, ერთსართულიანი, შეიძლება ითქვას. მაგრამ ის, რამაც მე მომხიბლა, დღემდე შენარჩუნებულია. საერთოდ, ზღვისპირა ქალაქები სხვა ქალაქებისგან იმით განსხვავდებიან, რომ იქ მეტი თავისუფლებაა, მეტი გახსნილობა. პირველად ბათუმში 90-იანების დასაწყისში ჩავედი. მაშინ თითქოს სახლები გემის საღებავებით იყო შეღებილი, თითქოს გახუნებული და გაცრეცილი იყო. ეს ფერები და გახსნილობა იყო ჩემთვის მთავარი, რაც ბათუმს სხვა ქალაქებისგან განასხვავებდა. იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ გადავიღე კიდეც. წლების განმავლობაში ბათუმი შეიცვალა, გადასხვაფერდა, მაგრამ მთავარი მაინც დარჩა – ზღვისპირა ქალაქის გახსნილობა, რაც ყოველთვის გიზიდავს. არ გრძნობ, რომ ეს სხვისი ქალაქია. შენ არ ხარ ბათუმელი, მაგრამ გრძნობ, რომ ეს შენი ქალაქიც არის. უცხოდ არასდროს გრძნობ თავს, გინდა, რომ იქაური იყო და ისეთი უბრალოებით იცხოვრო,“ – ამბობს გურამ წიბახაშვილი.
ალბათ, ასეთი ძლიერი იყო Range Rover-ის შემქმნელების შთაბეჭდილებებიც, როცა ბათუმი მოინახულეს და გადაწყვიტეს, ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი ამ ქალაქის ფერებით წარედგინათ.
ბათუმის მომხიბვლელობა არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყანამ ბრიტანული ავტოგიგანტის ყურადღება მიიქცია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოფისი ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგიონში წამყვან პოზიციას იკავებს და ტოპ ხუთ ქვეყანაში შედის. აღსანიშნავია წარმატება მომხმარებელთა მომსახურების კუთხითაც. ამ მიმართულებით Jaguar Land Rover-ის საქართველოს ოფისი რეგიონის პირველ სამეულში მოხვდა.
ავტომოყვარულების თქმით, Range Rover-ის არსებობის ისტორიის მანძილზე, განახლებული მოდელი ყველაზე კომფორტული და მდიდრული SUV-ია. ავტომობილი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ოპერაციული სისტემა ფაქტობრივად იმავე ფუნქციებს ასრულებს, რასაც ნებისმიერი კარგი სმარტფონი. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ მოდელის ტექნიკური აღჭურვისთვის 125 ახალი პატენტი შეიქმნა. მაგალითად, Range Rover-ში დაგხვდებათ სმარტფონის Wireless დამტენი, რომელშიც სიგნალის გამაძლიერებელია დამონტაჟებული. ჰაერის წმენდისა და ხმის იდეალური იზოლაციის უნიკალური სისტემები კი ახალ Range Rover-ს კიდევ უფრო სასურველს ხდის. ნოვაციაა ისიც, რომ საჭის დატრიალებისას, ავტომობილის ოთხივე თვალი მოძრაობს. შესაბამისად, ახალი Range Rover მარტივად მანევრირებს ქალაქში, პარკინგსა და ვიწრო გზებზეც.
წინა მოდელებთან შედარებით, ახალი Range Rover 12%-ით უფრო აეროდინამიკული, 24%-ით ნაკლებად ხმაურიანი და 50%-ით გამძლეა.
Range Rover-ის ახალი მოდელი საქართველოში ხელმისაწვდომი 2022 წლის გაზაფხულიდან იქნება.