fbpx

ავთო ვარაზის გამოფენა წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში


გააზიარე სტატია

ავტორი: გიორგი ჩეკურიშვილი

 

“იქ, სადაც სულიერება და გრძნობაა” – ამ სახელწოდებით გაიხსნა ფერმწერ ავთო ვარაზის გამოფენა წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.

XX საუკუნის ქართულ მხატვრობაში სრულიად განცალკევებულად დგას ავთო ვარაზი, რთულია მისი მიკუთვნება რომელიმე მხატვრული მიმართულებისადმი.

 

ავთო ვარაზის თანამედროვე მხატვრის,  გოგი ჩაგელიშვილის თქმით, “დღეს ერთ-ერთი უდიდესი მხატვრის გამოფენაა. იმ დროს, როდესაც ავთო ამ ნახატებს  ქმნიდა, ეს ძალიან რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას სამხატვრო აკადემია არ დაუმთავრებია, ავთოს ჰქონდა პროფესიონალიზმიც და ის თავისუფლებაც, რომელიც მაშინდელ მხატვრებს აკლდათ”.

 

მხატვარი საბჭოთა წყობილებისათვის “საშიში” ადრეული დასავლური მოდენიზმის მაძიებელი იყო, რითაც მან 60-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა ნონ-კომფორმიზმს.

 

 

ავთო ვარაზის ტილოები მსოფლიოს მუზეუმებშია გაბნეული, ხოლო ზოგიერთი ნამუშევრის ბედი დღემდე უცნობია. წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმში წარმოდგენილია მხატვრის ტილოები პირადი კოლექციებიდან, რომელთა შორისაა მისი პირველი და ბოლო ნამუშევრები.

 

“ეს კოლექცია მთლიანად შექმნილია მამას და ავთოს მეგობრობის საფუძველზე. თითოეულ ნახატს თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს”, – ამბობს კერძო კოლექციონერი ლაშა ისაკაძე.

 

ავთო ვარაზის გამოფენას წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუომი ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს. როგორც ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერია At.ge-სთან აცხადებს: 

 

“წინანდლის მუზეუმი არაერთი მნიშვნელოვანი მხატვრის გამოფენის მასპინძელია. მათ შორის ერთ-ერთია ავთო ვარაზი, რომლის დამსახურებაც  ძალიან დიდია ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში”.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.