fbpx

Pastèque-პასტეკი დამზადებულია საქართველოში


გააზიარე სტატია

ფეხსაცმლის ბრენდის, “პასტეკის” შემქმნელს, თაკი ციხისთავს არასდროს ჰქონია მოდის სფეროსთან პირდაპირი ან პროფესიული შეხება. განათლება ფინანსების განხრით მიიღო, რაც, მისი თქმით, კრეატიულობას გამორიცხავს, უნდა “დაემორჩილო” წესებს და ყველაფერი  გააკეთო ისე, როგორც სწორია, სხვა შემთხვევაში კარგი ფინანსისტი ვერ იქნები. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ეს საქმე მისთვის, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყოველთვის მოსაწყენი ხდებოდა, სამსახურებსაც ძალიან ხშირად იცვლიდა. ეგონა, რომ კომპანიაში საქმიანობა და სამსახურის მისამართის შეცვლა იქნებოდა გამოსავალი. ახლა კი, Pastèque-პასტეკი , ყველაზე მეტად აბედნიერებს. ის,  რაც მხოლოდ  ბავშვური ჰობი და გატაცება ეგონა, თაკიმ საქმედაც აქცია. თანაც ისეთად, საბოლოო შედეგი მასაც რომ ახარებს და ჩვენც, ლამაზი და იმავდროულად, ხარისხიანი ფეხსაცმლის მოყვარულებსაც –  ჯერჯერობით მხოლოდ ქალებს და საქართველოში, თუმცა თაკის დიდი გეგმები საზღვრებს არ ცნობს.

AT.ge: საიდან მოვიდა სახელწოდება და რატომ საზამთრო? რა იყო ინსპირაცია?
თაკი:  ჩემთვის საზამთრო ბავშვობიდან ასოცირდებოდა ზაფხულის არდადეგებთან, გრძელ და მხიარულ ბავშვურ ღამეებთან.მახსოვს, მთელი წელი როგორ ველოდებოდი ხოლმე, როდის მოვიდოდა ცივი საზამთროს სეზონი, რომლის დაჭრა და “სამართლიანად” განაწილება ყოველთვის დიდი ტრადიცია იყო ჩემს დიდ ოჯახში – ეს სიხარული და წმინდა ბავშვური ემოციები დღემდე გამომყვა და იგივე ასოციაციებს იწვევს ჩემში დღესაც. საზამთრო დღემდე ასოცირდება ზაფხულთან და ბედნიერ მომენტებთან.

რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ჩაეყრებოდა საფუძველი “პასტეკს”, ჩემდა საბედნიეროდ, ვეწვიე სამხრეთ ამერიკას და დავათვალიერე ჩემი საოცნებო ქვეყანა – ბრაზილია. ცივი და ნაცრისფერი თბილისური ზამთრიდან, რამდენიმესაათიანი ფრენის შემდეგ, თავი ამოვყავი სულ სხვა რეალობაში – მზიან, მხიარულ, ბედნიერ და ფერად რიო დე ჟანეიროში. გულწრფელად ბედნიერი ადამიანები, დაახლოებით ისეთები, როგორებიც ბავშვები არიან ხოლმე. მათ შორის იყო ზაფხულის მთავარი ატრიბუტი, ცივი და მწიფე საზამთრო.

თავიდანვე მქონდა სურვილი, რომ ბრენდის შექმნის შემთხვევაში, მას ფრანგული სახელი ჰქონოდა. ეს ალბათ ჩემი ამ ენის მიმართ სიყვარულით და ასევე ბავშვობის მოგონებებით იყო გამოწვეული. პირველი კლასიდან ვსწავლობდი ფრანგულ სკოლაში და სტუდენტობაც საფრანგეთის დედაქალაქში გავატარე. ვიცოდი, რომ მინდოდა ფრანგული სახელი, მაგრამ არა “გაცვეთილი” ფრანგული – “ლე, ლა, ლე” , როგორსაც თბილისის ქუჩებში არაერთს შეხვდები. აქედან წამოვიდა სახელწოდება საზამთრო – Pastèque, რომელიც თან ფრანგული სიტყვაა, თან ჩემთვის სილაღესთან და ბავშვობასთან ასოცირდება. ამასთან ქართველი მომხმარებლისთვის მისი წარმოთქმა არ ქმნის დისკომფორტს.

AT.ge: როდესაც ქმნით კონკრეტულ მოდელს, წარმოდგენისას  როგორია მისი მომხმარებელი?
თაკი: იმედია ეგოისტურად არ ჟღერს, თუ ვიტყვი, რომ როდესაც ვიწყებ ფიქრს ახალი მოდელის შექმნაზე, ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ როგორი ფეხსაცმელი მექნებოდა თავად, რომელსაც  გამოვიყენებდი სხვადასხვა სიტუაციაში. ყოველთვის, როდესაც იქმნება ახალი მოდელი, ვცდილობ, რომ იყოს განსხვავებული, დამახასიათებელი შტრიხით, რაც მას გამოარჩევს ბაზარზე არსებული უამრავი კარგი ბრენდისგან. მომხმარებელი, რომელიც ირჩევს “პასტეკს”, არის მოძრავი, ენერგიით სავსე ადამიანი, მოხერხებული, რომელსაც დღის განმავლობაში სჭირდება მულტიფუნქციური ფეხსაცმელი, ისეთი, რომლითაც თამამად შეძლებს როგორც ოფიციალურ შეხვედრაზე ყოფნას, ისე ბარში მეგობრებთან ერთად წასვლასაც. 

AT.ge: როგორ და სად იქმნება ფეხსაცმელები?
თაკი: 
ჩემთვის საამაყოდ, “პასტეკის” ყველა ფეხსაცმელი დამზადებულია საქართველოში. თითოეული წყვილის შექმნაში ათამდე ადამიანი  მონაწილეობს, ყველას სხვადასხვა როლი და საქმე აქვს ამ პროცესში. საბოლოო შედეგამდე ფეხსაცმელზე მუშაობა საკმაოდ შრომატევად პროცესს მოიცავს, ჩემთვის ფაქტობრივად საოცრებასაც ჰგავს, თუ როგორ შეიძლება ფურცელზე ფანქრით დახატული ჩემი მონახაზი პროფესიონალებმა ასე ზუსტად აქციონ რეალობად. სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე და გავიცანი ადამიანები, რომლებმაც პირველივე შეხვედრიდან ირწმუნეს ჩემი, მიუხედავად იმისა, რომ სულ ახალბედა ვიყავი. მიხარია, რომ ნელ-ნელა სანდო გახდა ფრაზა “დამზადებულია საქართველოში”, “პასტეკი” კი მაქსიმალურად ცდილობს დაუმტკიცოს და დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ საქართველოში დამზადებული ფეხსაცმელი არ ჩამოუვარდება არცერთ სხვა ქვეყნისას და თამამად შეუძლია “დამზადებულია საქართველოში” ატაროს.  უშუალოდ ფეხსაცმლის შექმნის პროცესი კი  საკმაოდ სახალისოა. პირველ ეტაპზე წარმოვიდგენ ახალ მოდელს, ვხატავ (თუ ამას დახატვა შეიძლება დავარქვათ 🙂 ) ვყალიბდები მის ფორმებზე, ქუსლზე თუ სხვა დეტალებზე. ამის შემდეგ საქმეში ერთვება მთავარი ადამიანი – კონსტრუქტორი, რომელიც ამ ყველაფერს რეალურ სახეს აძლევს და ჩემი მონახაზიდან უფრო კონკრეტული ფორმები იკვეთება. როდესაც მოდელის ვიზუალი ჩამოყალიბდება, აუცილებლად იკერება ერთი სატესტო წყვილი ფეხსაცმლის, რომელიც შეიძლება რამდენიმეჯერ შეიცვალოს,  სანამ დავრწმუნდებით ყველა ერთად, რომ ეს ის არის, რაც გვინდოდა. საბოლოო დასტურამდე თავად ვატარებ ფეხსაცმელს რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა დავრწმუნდე, რომ ნამდვილად კომფორტული და ხარისხიანია. მხოლოდ ამის შემდეგ დგება ჩემი საყვარელი მომენტი, ფერებისა და ფაბრიკების არჩევა, რაც, ვფიქრობ, ყველაზე გადამწყვეტი მომენტია მთელ ამ ისტორიაში და სწორედ ეს განაპირობებს ფეხსაცმლის გაყიდვების ხარისხს. 

AT.ge: თაკი, როგორც ვიცით, პროფესიით არ ხარ დიზაინერი…
თაკი: 
დიახ, ფინანსისტი ვარ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოდის სფეროში შეგრძნების ქონა ზუსტად ისეთივე ნიჭია, როგორიც, მაგალითად, სიმღერის ან რაიმე მსგავსი უნარის, რაც სიამოვნებით მექნებოდა (Fingers crossed – ერთ დღეს ეგეც რომ აღმოვაჩინო ჩემში:) ) მინდა, რომ ამ სფეროში მივიღო სიღრმისეული თეორიული ცოდნა და ვგეგმავ სწავლის ამ განხრით გაგრძელებას. მომავალი სექტემბრიდან ვაპირებ მასტერის გაკეთებას Parsons School of Design-ში, რაც ჩემი ბრენდის კიდევ უფრო განვითარების და სიმაღლეების დაპყრობის საშუალებას მომცემს. ამ პატარა თავგადასავალმა, რაც ბოლო დროს დამატყდა თავს, მიმახვედრა, რომ არასდროს არის გვიანი შენი ცხოვრება მოატრიალო და დააყენო იმ რელსებზე, რაზეც გინდა, რომ ის იდგეს და ყოველთვის ღირს გარისკვა.

AT.ge: მხოლოდ ქალის ფეხსაცმელები იქნება მომავალში თქვენს კოლექციაში თუ დაემატება სხვა დეტალები?
თაკი: 
რამდენიმეთვიანი გამოცდილებაც კი საკმარისი გახდა იმისთვის, რომ მივხვდარიყავი, თუ რამდენად გიიოლებს საქმეს,  გქონდეს მხოლოდ ქალების ხაზი. ქალის ფეხსაცმელი არსებობს ძალიან ბევრი სტილის და, ვფიქრობ, უფრო მარტივია მოიფიქრო რაიმე საინტერესო, რითაც მოხიბლავ მომხმარებლებს. თითქოს აქ უფრო მეტი “გასაქანი” გაქვს და უფრო თავისუფალი ხარ შენი წარმოდგენები აქციო რეალობად, ზაფხულში შეგიძლია სხვადასხვანაირი ღია ფეხსაცმელი შესთავაზო მათ და ასე უსასრულოდ, სეზონის და ტენდენციების მიხედვით. იგივეს ვერ ვიტყვით მამაკაცების ხაზზე. შექმნა  განსხვავებული კაცის ფეხსაცმელი საკმაოდ რთული მისიაა, რადგან არის სულ რამდენიმე სტილი, რასაც თითქოს ვალდებული ხარ გაჰყვე. ეს კი კიდევ უფრო რთულს ხდის, რომ ფეხსაცმელს ჰქონდეს შენი ბრენდის დამახასიათებელი შტრიხი. კაცების ხაზის შემთხვევაში, თითქოს ფინანსისტობას ემსგავსება შენი საქმე, რადგან სულ რამდენიმე ვარიანტია “სწორი” და შენც ვალდებული ხარ ამის მიხედვით იმოქმედო. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ დავიხმარებ ჩემს “ფინანსისტის” ხასიათს და “პასტეკი” აუცილებლად შექმნის კაცის ფეხსაცმელებსაც. აუცილებლად ეყოლება მამაკაცი მომხმარებლებიც, რომლებსაც შესთავაზებს განსხვავებულ და გამორჩეულ ფეხსაცმელებს.

AT.ge: რა არის თქვენი ფეხსაცმლის მთავარი მახასიათებელი?
თაკი:  
CHRISTIAN LOUBOUTIN: “IT IS NOT MY JOB TO CREATE SOMETHING COMFORTABLE”
ბევრი წამყვანი მოდის სახლი თვლის, რომ ფეხსაცმელი არ არის აუცილებელი იყოს კომფორტული, მნიშვნელოვანია მხოლოდ მისი გარეგნული სახე, რომელმაც, თუ მომხმარებლისთვის მისაღებია,  ყველანაირ დისკომფორტს უნდა გაუძლოს. მე კი ვფიქრობ, რომ შეიძლება არსებობდეს ფეხსაცმელი, რომელიც ვიზუალურადაც ლამაზი და მისაღებია და ამასთან  შ ძალიან კომფორტულიც. მგონია, რომ “პასტეკის” ფეხსაცმლის მთავარი მახასიათებელი ზუსტად ეს არის  –  თან ლამაზი და “გაპრანჭული”,  თან მაქსიმალურად რბილი და სასიამოვნო სატარებელი. 

AT.ge: “პასტეკის” უახლოესი მომავალი როგორ წარმოგიდგენია?
თაკი: 
საბედნიეროდ, “პასტეკის” განვითარება საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ყველა ის პატარ’პატარა გეგმა, რაც აქამდე  დავისახე,  დროის ფარგლებში შევძელი და შევასრულე. ასეთი იყო, მაგალითად, ვებგვერდის შექმნა, რაც დაარსებიდან სულ რამდენიმე თვეში შევქმენი და ავამუშავე კიდეც. ყველაზე პირველი, რისი განხორციელებაც იგეგმება, არის უცხოურ ბაზრებზე გამოჩენა. სიმართლე გითხრათ, ამ რჩევას ხშირად ვიღებდი, რომ საჭირო იყო ამ ყველაფრის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა, მაგრამ ბრენდის ისტორიიდან   გამომდინარე, ეს  ძალიან შორეულ მომავალში წარმომედგინა და მეგონა, რომ ჯერ ამისთვის ძალიან ადრე იყო. ჩემდა გასაკვირად და უფრო მეტად სასიხარულოდ, ეს ყველაფერი არც ისეთი წარმოუდგენელი აღმოჩნდა და ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობ იმაზე, რომ სულ მალე “პასტეკი” გაიყიდოს ევროპის ორ სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნე, მსურს სრულფასოვანი კოლექცია გვქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვემსახურო როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს და ბავშვებს. მჯერა, რომ როდესაც საქმეს გულით აკეთებ და სიამოვნებას განიჭებს ყველა დეტალი, არცერთი გეგმა აღარ ჩანს წარმოუდგენელი და ყველაფრის მიღწევა შეიძლება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.