Real House of Gucci – ის, რაც უნდა იცოდეთ
ავტორი: მარიამ ბერძენიშვილი
იქამდე, სანამ სამყარო დიდი ლოდინის შემდეგ ფილმ House of Gucci-ს იხილავს, მინდა, გუჩის სახლზე, მისი შექმნის ისტორიასა და განვითარებაზე გიამბოთ.
საინტერესოა, როგორ იქცა პატარა საოჯახო ბიზნესი ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ და მსხვილ Luxury ბრენდად.
გუჩის მოდის სახლი ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1921 წელს გუჩიო გუჩიმ დააარსა. იტალიაში, კერძოდ, ტოსკანაში დაბადებული გუჩიო XIX საუკუნის მიწურულს დიდ ბრიტანეთში მიემგზავრება და ლონდონის ცენტრში, პრესტიჟულ სასტუმრო Savoy-ში პორტიედ იწყებს მუშაობას. სწორედ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუჩნდა ჩემოდნებისა და ჩანთების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი, მდიდარი სტუმრების ბარგის ყურებისას კი მოუნდა, თავადაც შეექმნა რაიმე მსგავსი. საკუთარი წარმოების წამოწყებას ფინანსები სჭირდებოდა, ამიტომ რამდენიმე წელი დასჭირდა მის განსახორციელებლად.
მშობლიურ იტალიაში დაბრუნებული, თავდაპირველად ტყავის ნაწარმის, აქსესუარების და უნაგირების დამზადებას შეუდგა. ტყავის ხარისხიანად დასამუშავებლად ტოსკანაში საუკეთესო ხელოსნები დაიქირავა, რადგან გუჩიოს მიზანი იყო მაღალი სოციალური კლასის იტალიელი მომხმარებლისთვის შეექმნა პროდუქცია. დასაწყისში ბიზნესი საკმაოდ მცირე გახლდათ, ასორტიმენტი მხოლოდ სამგზავრო თუ ყოველდღიურ ჩანთებს მოიცავდა. გავიდა დრო და გუჩის მოდის სახლი განვითარდა. ბრენდის განვითარებაში დიდი წვლილი გუჩიოს ექვსი შვილიდან პირველ ვაჟს, ალდოს მიუძღვის.
1930-40-იან წლებში, ომის მიუხედავად, გუჩის მოდის სახლი კარგად მუშაობდა, მაგრამ მას იდენტობა აკლდა, სწორედ ამიტომ 1933 წელს ალდომ გადაწყვიტა, მამის გამორჩეული სახელი ბრენდის ლოგოდ ექცია და ორი G-ის შერწყმით ლოგოტიპი შექმნა. ბრილიანტის დიაგონალური პრინტი და წითლის და მწვანის კომბინაციაც იმ დროიდან მოდის. გუჩიოს ვაჟები – ვასკო და როდოლფო ცდილობდნენ ბრენდის სახელი იტალიის საზღვრებს გარეთ გაეტანათ, 1953 წელს მათ პირველი მაღაზია გახსნეს ნიუ-იორკში, Hotel Savoy Plaza-ში. ამ მოვლენიდან 15 დღეში მთავარი გუჩი, გუჩიო გარდაიცვალა.
ორედ ამერიკაში გახსნილმა მაღაზიამ განაპირობა ბრენდის საერთაშორისო აღიარება – ელიზაბეტ ტეილორი, გრეის კელი და ჯეკი კენედი მისი მომხმარებლები გახდნენ.
70-იან წლებში გუჩიმ პოზიციები აზიაშიც გაიმყარა – მაღაზიები გახსნა ტოკიოსა და ჰონგ-კონგში, მაგრამ ბრენდის ოქროს წლები თითქოს იწურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 1981-ში პირველი ready-to-wear კოლექცია წარადგინეს.
ძმები ხშირად ჩხუბობდნენ, არიციომ, როდოლფოს ვაჟმა, საკუთარი ბიძა, ალდო კომპანიიდან გააძევა, მისი ადგილი დაიკავა და ბრენდი გაკოტრებამდე მიიყვანა.
1989 წელს Bergdorf Goodman-ის ყოფილი პრეზიდენტი Dawn Mello შეუერთდა გუჩის სახლს, ნილ ბარეტი კაცის ხაზის დიზაინერად დანიშნა, ხოლო ამერიკელი ახალგაზრდა, ტომ ფორდი ქალის კოლექციების შესაქმნელად მიიწვია.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა ტომ ფორდი, გუჩი 90-იან წლებში აღარ იარსებებდა! ფორდმა მოახერხა გუჩის სახლის სრული რებრენდინგი და მას ყველაზე გლამურული და სექსუალური იმიჯი შეუქმნა.
2015 წლიდან მოდის სახლს ალესანდრო მიქელე ხელმძღვანელობს, რომელმაც ბრენდს ახალი მიმართულება მისცა – უფრო მაგიური და სიურრეალისტური.
მიუხედავად კრეატიული დირექტორების ცვლისა და ბევრი გამოწვევისა, გუჩი თავის მემკვიდრეობას არ ღალატობს და ის ნიშან-სიმბოლოები, რაც ბრენდის იდენტობას განსაზღვრავს, დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას, ეს იქნება ხელით დამუშავებული ბამბუკის ხელჩანთის სახელური თუ ნალის ფორმის შესაკრავი.