fbpx

Прости меня, любимая


გააზიარე სტატია

ავტორი: მიხო ნერგაძე

 

Прости меня, любимая 

 

ჩემი ქალაქი ოკუპირებულია – უტანკოდ, უცეცხლოდ, სისხლით მორწყული ქუჩებისა და ცრემლიანი თვალების გარეშე. პარლამენტის თავზე რუსული დროშა არ ფრიალებს, მაგრამ ოკუპანტის რომელიღაც ჩინოვნიკს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი თავისი  ჰგონია. 

 თუ კარგად დააკვირდებით ქალაქის ნებისმიერი უბნის კედლებს, ყველგან წააწყდებით რუსულ ენაზე შესრულებულ გრაფიტებსა და წარწერებს, თანაც სრულიად უწყინარი, ზოგჯერ კი პოზიტიური შინაარსისას. ერთი-ორს გატეხილი გულის შესახებაც იპოვი, Прости меня, любимая-ს კი ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გვირაბის თავზე მარტივად შენიშნავ. 

თითქოს არაფერი, წარწერაა რა! – უთქვამთ არაერთხელ. არადა ყველაფერია: რუსული კვალი ქალაქზე, დამღა, ბეჭედი, ნიშანი იმისა, რომ ამ ქალაქში რუსები არიან, თანაც ზრდილობიანი, კარგი, კეთილი რუსები და არა ის განდონა  ბავშვები, ხელში საღებავს რომ ჩაიგდებენ და პირველს, გასაგებია, რა სიტყვასაც დაწერენ.  

სასტუმროში – არა და სახლში ტელევიზორს თუ ჩართავ, ბარე თხუთმეტიოდე ქართულ არხს და ორასამდე რუსულენოვან არხს გიჩვენებს. ის არხებიც კი, რომლებიც ინგლისურ ან რომელიმე სხვა ენაზე უნდა მაუწყებლობდეს. 

 

ძველ თბილისში, და არა მარტო ძველში, აქა-იქ ბარებსაც წააწყდები, სადაც შენი ან ჩემი ნაცნობ-მეგობარი რუს ბარმენს ჭიქას უჭახუნებს. „ჩვენი“ მეგობარი დღეს ფსიქოთერაპევტია და ისმენს, თუ როგორი რთულია ცხოვრება იქ პატიოსანი, დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანისთვის. დროა, რომ როსტოვში ან პენზაში ყველაფერი გაყიდოს და ბათუმში გასაქირავებლად ოროთახიანი ბინა იპოვოს, თბილისში კი ერთოთახიანი და სივრცე მაკრამეს კურსებისთვის. მალე ერთი-ორი მეგობარიც ჩამოუვა, ისინიც რეჟიმს გამოურბიან და, როდესაც დათვრებიან, აუცილებლად შეაგინებენ პუტინს. „პაციენტი“ სირჩას ავსებს და დინამიკში გაჟღერებულ ჰანგებს ხმას უწევს – რადიოში „თბილისო“ ისმის.  ამბობს, იმპერიალისტი ნაბიჭვარი არა ვარო და ცრემლს იწმენდს. იქვე ნავალნიზეც ნერვიულობს და ბოდიშს იხდის, ქართველებზე „მღრღნელების“ თქმა არ უნდოდა, მაგას როგორ იკადრებდაო. იმასაც ამბობს, ბევრს არ მოსწონს იქაური რეჟიმი და ცდილობენ, რომ  გაექცნენო. ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის საელჩოებში უბრალო მოკვდავებს ვიზებს აღარ აძლევენ. სოლნეჩნაია გრუზიაში კი ჩაჩა ოლუეიზ უელქამ. მარტო იმას წუხს, ნეტა ყველას თუ ეყოფაო და იცინის. ჩვენი მეგობარიც ხითხითებს. ცოტათი ქართულ პოლიტიკაშიც ერკვევა, ფიქრობს, რომ ბელარუსის კაგებესთან თანამშრომლობაზე ხელის მოწერა ვერ არის კარგი ამბავი. საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ ამით მას და მის ათასობით თანამოაზრეს შეიძლება საფრთხე შეექმნას, ბელარუს დებსა და ძმებზე რომ არაფერი ვთქვათ. ა ვდრუგ პაპა პრიეძეტ ი ატვეზიოტ ნას დამოი? დიდი შანსია, რომ ამ ირონიულ, ხუმრობანარევ სიმართლეს ვერავინ გაექცეს. სამაგიეროდ, პოზნერის გაგდებით არის კმაყოფილი: კაკ კლასნო ვი ევო ვიპერლი, გენატსვალეტ, რებიატა!

კიდევ ერთი სირჩა და ექსელის ფაილის გახსნის დროც დადგა. ტაკ ნუ ვოტ სამ პაშჩიტაი. ავიღოთ მხოლოდ მოსკოვი, დანარჩენი რუსეთი არ გვინდა. რამდენნი ვართ იქ? 14 მილიონამდე, ხო? ნუ აქედან სამ მილიონს მაინც ხომ უნდა წესიერ ქვეყანაში ცხოვრება?! ამ სამი მილიონიდან, გრუბო გოვორია, მესამედს ხელი ყველაფერზე აქვს ჩაქნეული და საქართველო აღთქმულ მიწად ეჩვენება. ალბათ ნელ-ნელა გადმოვლენ. ჯერ სახლებს იყიდიან გასაქირავებლად, შემდგომ შეიძლება პატარა მიწასაც შესწვდნენ ქართლში ან კახეთში. თუ დასჭირდათ, გამოიქცევიან,  კარტოფილის და კომბოსტოს მოყვანა არ გაუჭირდებათ. უძრავი ქონების შეძენისას კი ძალიან კარგი საიმიგრაციო პოლიტიკა გვაქვს – ბინადრობის უფლების მიღებას სჭირდება სულ ორი ან სამი ვიზიტი და, იუსტიციის სახლში – დოკუმენტების პატარა დასტა, ნე ტო შტო ტამ… 

ყირიმს ნუ გაახსენებ. კი, ოკუპანტები ვართო, მაგრამ მაინც სადავო საკითხად თვლის. ბოლო-ბოლო ორი მილიონი რუსი იქ ერთ დღეში არ გაჩენილა. ეკატერინე მეორემ დაიწყო მათი ჩასახლება ორასზე მეტი წლის წინ. ჰოდა, თუკი ორასი წელია, იქ არიან, ესე იგი რუსეთია. ყარსის ხელშეკრულების არსებობაც იცის, იმას დარდობს, ბათუმში საყიდლად ჩაფიქრებული ბინა თურქეთში არ აღმოჩნდეს. 

ყირიმზე ჰიბრიდული ომი აგონდება. ადრე პროკლამაციებიც საკმარისი იყო რაღაც იდეის გასაღვივებლად. ახლა გართულდა, ქვეცნობიერზე თუ არ იმუშავე, ასეთ ნაყარს ხალხი აღარ ჭამს. თანაც ცეცხლს და მახვილს რძე და შოკოლადი სჯობია. მრავალი ათასი ჯარისკაცის ჯერ გაწვრთნას,  შემდგომ შენახვას და, საბოლოოდ, სასიკვდილოდ ან დასასახიჩრებლად გამეტებას, რამდენიმე ასეული ტროლის, ბოტის და ჰაკერის გამოწვრთნა სჯობს. ადამიანების ჯგუფებად დაყოფა და ამ ჯგუფებისთვის შესაბამისი შინაარსის (კონტენტის) შემცველი ამბების მიწოდება ერთ დღეში – არა, და ათ წელიწადში შესაბამის შედეგს გამოიღებს. ათი წელი თითქოს ბევრია – ერთი მთლიანი დეკადა ან ცხოვრება. არადა, ოცი წლიდან ოცდაათ წლამდე ერთს კი არა, ათ ცხოვრებას გადიხარ, თანაც თვალის დახამხამებაში. 

მაგალითისათვის:  მე, 36 წლის მამაკაცი, რომელიც ქუჩიდან ვუყურებ წარმოსახვით რუს ბარმენს და ჩემს მეგობარს, სახეზე კი ზიზღი არა და უკმაყოფილება ნამდვილად მაწერია. მრავალი წელია, არ მომწონს რუსები და, ამაოა, რამე რეკლამით ან სატყუარათი მომაწონო ისინი. სამაგიეროდ, უმარტივესია, ჩემი მეგობარი შემაძულო მხოლოდ იმიტომ, რომ ჭიქას უჭახუნებს. შესაბამისი სტატია სადმე ალბათ იმასაც შემახსენებს, მეგობარს „ბებია“ რუსი რომ ჰყავს და უნდობლობას უფრო გააღვივებს ჩემში. ნელ-ნელა ჩამაწვეთებს, რომ მეგობარი არც ისე სუფთა სისხლით, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს, თავისი პოლიტიკური შეხედულებებით სრულიად ბეცია. 

ჩემში შოვინიზმის აღმოფხვრას მისი გაღრმავება სჯობია – ჩემივე ლიბერალები მომიღებენ ბოლოს.  

ფიქრობს, რომ ნიუტონის მესამე კანონი არა მარტო ფიზიკასა და მატერიალურ ნივთებს მიესადაგება, ის ცხოვრებაშიც გვხვდება. როდესაც ერთი სხეული რაიმე ძალით ზემოქმედებს მეორეზე, ის თავადაც განიცდის უკუქმედებას  მეორე სხეულისაგან იმავე სიდიდის ძალით. ჰოდა, რა საჭიროა ჯიკაობა და ომი ჯიუტ ქართველებთან? არ ჯობია ერთად ჯდომა, ქეიფი და იმის გარკვევა, ქალაქის სათქმელი SICK ‘N TIRED რატომ არის, როდესაც შეიძლება გალაკტიონის ხიდზე ფერადად დაწერო „добро“ და ტვინები პოზიტიური აზროვნებისკენ მიმართო.

ანტიპუტინური დაჯგუფება „სიკეთე“. კეთილები და თავისუფლები – კეთილებთან და თავისუფლებთან. მაგრამ რამდენი სიკეთეა ერთ მხარეს და რამხელა სიკეთის ფიალა მეორე მხარეს –  უცნობია. ფიალა აივსება, ეს გარდაუვალია. მაგალითისათვის შეგიძლიათ, იუთუბში აკრიფოთ РОССИЙСКИЕ ТУРИСТЫ В АБХАЗИИ და ნებისმიერ ვიდეოს დააწკაპუნოთ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.