ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი“ ოსკარის გრძელ სიაში მოხვდა
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმის – „მეოთხე ბრაიტონის“ პრემიერა ნიუ-იორკში, ტრაიბეკას ფესტივალზე გაიმართა, სადაც არაერთი ჯილდო გადასცეს.
ფილმის ქართული პრემიერა 2021 წლის 5 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.
სულ ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ კინოსურათი, არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკული კინოაკადემიის პრემიის – “ოსკარის“ გრძელ სიაში 93 ფილმთან ერთად მოხვდა.
ფილმის სიუჟეტი 70 წლის ქართველ მოჭიდავეზე მოგვითხრობს, რომელიც თბილისიდან ნიუ-იორკში შვილის პრობლემების მოსაგვარებლად მიემგზავრება – ოლიმპიური ჩემპიონის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი თავგადასავალი სწორედ აშშ-ში ჩასვლის შემდეგ იწყება.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მთავარ როლს ფილმში ქართველი ვარსკვლავი – კახი კავსაძე ასრულებს, რომელიც 2021 წლის 27 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ქართველი მაყურებელი კინოთეატრებში ფილმის ნახვას 23 დეკემბრიდან შეძლებს.