fbpx

თბილისის მოდის კინოფესტივალი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნასტასია არაბული

 

თბილისის მოდის კინოფესტივალი, რომელიც რეგიონში პირველი ამ ტიპის საერთაშორისო ფესტივალი იქნება, წელს პირველად გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორია JAMPROJECT.

მისი წევრები თვლიან, რომ მოდა ხელოვნების სრულფასოვანი ნაწილია და ვინაიდან Fashion Film-ის მიმართულება საქართველოში მოდასთან ერთად გაჩნდა, სწორედ ამ მედიუმს იყენებენ მოდისკენ, როგორც ხელოვნების დარგისკენ ყურადღების მისაქცევად და მოდის ფილმების მიმართულების განსავითარებლად.

“ჩვენი მიზანია გავიხსენოთ და გავააქტიუროთ ყველა ის წერტილი, სადაც მოდა კვეთს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას. ამ ეტაპზე განსაკუთრებულად საინტერესოა კინემატოგრაფიისა და მოდის კავშირი და კონკრეტულად Fashion film-ის, როგორც ამ ორის გადაკვეთის წერტილი. მით უფრო, რომ დღეს გლობალურ ელექტრონულ სივრცეში შექმნილი ვითარების გამო, კიდევ უფრო გაციფრულებულ რეალობაში, მოდის, როგორც ხელოვნების ხელმისაწვდომობა სწორედ ასეთ მედიუმებზე გადის.

ფაქტია ისიც, რომ მოდას უფრო მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავს, ვიდრე  მომხმარებელი, რაც თავისთავად მიანიშნებს, რომ აინტერესებთ უფრო მეტი, ვიდრე ტანსაცმელი. მსოფლიო ბრენდების სარეკლამო კამპანიები და აქციები სწორედ ამ მიდგომით ხორციელდება.  Fashion film ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია  ბრენდის ფილოსოფიის შექმნაში.

სწორედ თანამედროვე მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ანალიზი გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ Fashion film-ი, როგორც სრულფასოვანი მიმართულება და მისი ჩამოყალიბების აუცილებლობა ქართულ მოდაში, რათა ის გახდეს უფრო თავისუფალი, კრეატიული და მეტყველი”. – ასეთია თბილისის მოდის კინოფესტივალის ორგანიზატორების ხედვა. 

ფესტივალი  წელს ერთდღიანი იქნება და პირველ ჯერზე საკონკურსო კომპონენტის გარეშე, მხოლოდ საპრეზენტაციო ფორმატში გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორების შეფასებით, Fashion film-ის მიმართულება საქართველოში მოდასთან ერთად გაჩნდა, თუმცა მას განვითარების საშუალება არ მისცემია.  ქართული მოდის ფილმები შექმნიდან მალევე კარგავდნენ აქტუალურობას, რადგან მათი გადაღების მოტივაცია მაშინდელი ქართული მოდის მიმართ ინტერესის პროპორციული იყო. აუდიტორიის სიმცირე მოთხოვნაზეც აისახებოდა და პროდუქტის ხარისხზეც. პერიოდულად იქმნებოდა ნამუშევრები, თუმცა იმდენად გაფანტული და თითქოს იმპულსური იყო, რომ არ იკვეთებოდა ერთიანი მიმართულება.

ფესტივალის ორგანიზატორები თვლიან, რომ დღეს, ბაზრის მზარდი მოთხოვნის პირობებში, ქართული მოდის ძლიერ ინდუსტრიად ჩამოყალიბების პროცესში, fashion film-ის, როგორც ამ ინდუსტრიის ხარისხისა და წარმატების ერთ-ერთი კომპონენტისა და ერთგვარი საზომის გაჩენის აუცილებლობა აშკარაა და ამ სფეროს განვითარება ხელს შეუწყობს როგორც მოდის ბიზნესის აღორძინებას,  ასევე  დარჩება როგორც  მოდის განვითარების სხვადასხვა ეპოქების ერთგვარი ფიქსაცია. 

თბილისის საერთაშორისო მოდის კინოფესტივალის მიზანია შექმნას იმის მოტივაცია,  რომ  fashion film-ის წარმოების პროცესში ჩაერთონ პროფესიონალები და ამ სფეროში იპოვონ თვითგამოხატვის ასპარეზი.  ფესტივალის ორგანიზატორებს მტკიცედ სწამთ, რომ Fashion film-ი, როგორც მედიუმი, იძლევა თვითგამოხატვის მრავალფეროვან საშუალებებს და უზრუნველყოფს აზროვნებისა და ხედვის დამოუკიდებლობას.

 

რისი ნახვა იქნება შესაძლებელი 18 დეკემბერს თბილისი მოდის კინოფესტივალზე?

  • გურამ წიბახაშვილის ფოტოინსტალაციის, რომელიც 80-90-იანი წლების ქართული მოდის დაბადებას ასახავს.
  • ანიმაციური ნოველების ინსტალაციის – „Sorry for all the wrong tales I have told”, რომელიც ქართული ბრენდის, ლადო ბოკუჩავასა და ვიზუალური არტისტის, მარიამ საკნელაშვილის კოლაბორაციაა.
  • დოკუმენტური სერიების პირველი საპილოტე ეპიზოდის, რომლის რეჟისორიც თამარ ქარუმიძეა. ფილმების სერია თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პროექტია, რომელიც აღწერს მოდის, როგორც ვიზუალური ხელოვნების დაბადებას საქართველოში დაძაბული საშინაო და საგარეო პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.
  • FFFT-ს პარტნიორი Bucharest Fashion Film Festival-ის თანადამფუძნებელი იოანა დიაკონუ ისაუბრებს ფესტივალის პოლიტიკასა და როლზე, ასევე დიაკონუ წარადგენს ფესტივალის რჩეულ ორ ფილმს.

  • Pre-Edition-ის პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ლაშა ცქვიტინიძის, ნატა სოფრომაძის, არჩილ მენაღარიშვილის, Gabriel Juduc-ისა და Zheqiang Zhang-ის მოდის ფილმები, გაიმართება Joseph Wilson-ისა და Samona Olanipekun-ის, ბუბა ბებოშვილის, სალომე ფოცხვერაშვილისა და მარიშა ურუშაძის ექსპერიმენტული ნამუშევრების პრემიერა. 
  • ფესტივალის პირველი არასაკონკურსო გამოშვების ფარგლებში ნამუშევრებთან ერთად ასევე  წარმოდგენილი იქნება საუბრები ავტორებთან მოდის ფილმის, როგორც მედიუმის და ცალკე მდგომი ჟანრის მნიშვნელობაზე, მის მსგავსებებსა და განსხვავებებზე ტრადიციულ კინემატოგრაფთან, მედიუმის გამოწვევებსა და სამუშაო გამოცდილებებზე.

კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალს 18 დეკემბერს  მხოლოდ მოწვეული სტუმრები  დაესწრებიან, თუმცა ფესტივალის სრული პროგრამა ფილმებითა და საუბრებით მალევე ფესტივალის პლატფორმაზე გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია.

თბილისის მოდის კინოფესტივალი მხოლოდ ერთ დღეში არ მთავრდება,  რა მოხდება წლის განმავლობაში?

კინოფესტივალის ორგანიზატორები თავს არ იზღუდავენ მხოლოდ საფესტივალო ფორმატით და გეგმავენ, რომ ფესტივალის ბაზაზე არსებულმა მუდმივმოქმედმა პლატფორმამ მთელი წლის განმავლობაში უნდა იმუშაოს როგორც კვლევის, ისე ნამუშევრების ეფექტიანად პრეზენტაციის მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებენ ადგილობრივი და საერთაშორისო კურატორები კოლაბორაციული და საავტორო ნამუშევრების განსახორციელებლად, რაც თავისთავად თბილისში წლის განმავლობაში პერმანენტულ კულტურულ ღონისძიებებს გულისხმობს.

ასევე, კვლევის ფარგლებში ფოკუსში იქნება ქართულ არქივში შემონახული ქართული თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ვიზუალური მასალები, ისინი განიხილება  Fashion Film-ის ღირებულების ჭრილში და მოხდება მათი გაცნობა საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

ფესტივალი ავტომატურად ხდება FASHION FILM ფესტივალების საერთაშორისო ქსელის ნაწილი, რაც თავისთავად გულისხმობს თბილისში საერთაშორისო არტისტების,  კინორეჟისორების, ხელოვანებისა და პროექტების ინტეგრირებას. 

თბილისის მოდის საერთაშორისო კინოფესტივალი გეგმავს  საგანმანათლებლო ღონისძიებებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კვლევის მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებს ლონდონის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიასთან – სენტრალ-სეინ მარტინთან.

“მოდის ფილმის სპეციფიკა თვისობრივად განსხვავდება ტრადიციული კინემატოგრაფისგან, ის უფრო მოქნილი, მობილური და სწრაფია, სწორედ ამიტომ ფესტივალი ხელს უწყობს ქართული “სწრაფი” კინოს ჩამოყალიბებას, ქმნის აქამდე არარსებულ შუალედურ რგოლს ტრადიციულ კინემატოგრაფსა და კომერციულ ვიდეოებს შორის. მიზნად ისახავს ბარიერებისა და ბიუროკრატიული დაბრკოლებების მოხსნას კინოს წარმოების პროცესში, გზას უხსნის ახალგაზრდა არტისტებს ექსპერიმენტებისკენ,  კოლაბორაციებისკენ და უზრუნველყოფს საერთაშორისო ასპარეზზე მათ წარდგენას. მეორე მხრივ, პროექტი ითვალისწინებს აუდიტორიისთვის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას – წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების ქალაქის საჯარო სივრცეებში ჩვენებას.

პროექტი ფეხს უწყობს ხელოვნების დარგებს შორის საზღვრების წაშლის ტენდენციას,  ამყარებს კინემატოგრაფისა და მოდის კავშირის მნიშვნელობასა და ღირებულებას. ასევე იკვლევს ქართული მოდის, როგორც ხელოვნების დარგის საწყისებს და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას თანამედროვე ქართული კულტურისთვის”, – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.