fbpx

ტატო ახალკაციშვილის „ექსცენტრული მოგზაურობა“ ფერწერაში


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

 

18.12.21-დან 08.01.22-მდე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში კულტურის ცენტრი ATINATI-ი ტატო ახალკაციშვილის სოლო გამოფენას  წარმოადგენს. გამოფენა სახელწოდებით – „ექსცენტრული მოგზაური“ მასშტაბურია და ის მხატვრის 70-მდე ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევარს აერთიანებს.

ექსპოზიციაზე მუშაობა სწორედ ის მომენტია, როცა გამოფენის კონცეფციას მხატვარი და კურატორი საგამოფენო სივრცეს „აცმევენ“. მიყვარს ამ პროცესზე დასწრება, როცა გამოფენას „შიგნიდან“ ხედავ. ეს ფაქტობრივად რეჟისურაა, ოღონდ მხატვრობის რეჟისურა. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სწორედ ეს პროცესი დამხვდა: კედლების გადაღებვა, განათების დაყენება და ნამუშევრების დაკიდება. ცენტრში მხატვარი ტატო ახალკაციშვილი იდგა და ამ ყველაფერს „დირიჟორობდა“.

ეროვნული გალერეის ნული სართულის  ოთხი დარბაზი ახალ გამოფენებს ეთმობა და ერთდროულად რთული და საინტერესოა სოლო გამოფენისთვის მისი ერთიან სივრცედ გადაქცევა და საერთო კონცეფციით ათვისება.

წარმოიდგინე 70-მდე ნამუშევარია, მე და ჩემმა კურატორმა ხათუნა ხაბულიანმა დიდი დიაპაზონი შევარჩიეთ დროის  მიხედვით – ეს 2014-2021 წლებში შექმნილი ნამუშევრებია და ერთ კონცეფციაში ერთიანდება, რაც ამ სივრცეში დიდ მასშტაბებს იღებს და ეს ყველაფერი რთულია და თან საინტერესო“, – მეუბნება მხატვარი.

ალბათ ნაწილობრივ დროის დიდი დიაპაზონის და ნაწილობრივ მხატვრის ექსპერიმენტული ბუნების გამოა, რომ ტატო ახალკაციშვილის ნამუშევრები ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან თემატიკით, შესრულების ტექნიკით თუ მასალით, რომ შესაძლოა ვერც კი ამოიცნო ერთიანი ხელწერა და უბრალოდ ჩათვალო, რომ  ერთდროულად ორი ან სამი სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრებთან  დგახარ. მაგალითად, გრაფიკის სერია, რომლისთვისაც საგამოფენო დარბაზის კედელი სპეციალურად ღია ლურჯად გადაღებეს,  სრულიად ახალი და მოულოდნელია მისთვის, ვისაც ტატოს ნატურალისტური ფერწერა ერთხელ მაინც უნახავს.

ტატო ახალკაციშვილი: „ამ ტიპის ნამუშევრებს 2015 წლიდან ვაკეთებ და დღემდე არავის აქვს ნანახი, პირველად გამოიფინება. უბრალოდ, ჩემთვის ვხატავდი ქაღალდზე გუაშით და მისი ინსპირაცია პლაკატური ხელოვნება – იაპონური და ამერიკული ფილმების პოსტერებია. ყველაფერს აძლიერებს ტექსტები, რომლებიც კომპოზიციას განსაკუთრებულ მიმართულებას აძლევს და რომლებიც ტრანსულ მდგომარეობაში მოსული ფრაზებია. მაგალითად,  სად არის შენი მდინარე?  სად არის შენი მიძინებული სული?  – მიხსნის მხატვარი.

ტატოს ნატურალისტური ფერწერა ვახსენე, თუმცა აქვე დავამატებ, რომ რაც უფრო ნატურალისტურია მისი ნამუშევრები, მით უფრო სიურრეალისტურ შეგრძნებებს ტოვებს დამთვალიერებელში და ამ „ჯადოქრობას“ ის ტექნიკის ზედმიწევნით ცოდნით და კვლევით აღწევს. სწორედ ამიტომ გამოფენის კონცეფცია დამთვალიერებელს უკიდეგანო შესაძლებლობებს აძლევს, რომ მხატვარს, როგორც „ექსცენტრულ მოგზაურს“ თან გაჰყვეს:

მოგზაურობა წარსულში, მომავალში, დროის მიღმა, ჯავახეთში, გარეჯის უდაბნოში, აეროდრომსა და სულებით დასახლებულ ტყეებში, მიტოვებულ შენობებსა და უსასრულო ტრასებზე, მარშალის კუნძულებსა და უცხო რიტუალებში, საკუთარ და სხვის სიზმრებში. ტატო ახალკაციშვილი უცნაური მოგზაურია, შეგიყვანთ იმ სურათებში, რომლებსაც არც კარი აქვს და არც გასაღები. ან არ შეგიშვებთ გადაშლილ პეიზაჟებში, რომლის წინ უნდა დადგეთ და დაელოდოთ დროს, როცა ისინი ამეტყველდებიან. მისი მხატვრობა ექსცენტრული და მგრძნობიარეა, წარმოსახვა – ფართო და მაძიებელი…“ – წერს გამოფენის კურატორი ხათუნა ხაბულიანი კონცეფციაში.  

ტატოს ყოველი ნამუშევარი  იმდენად დამოუკიდებელია (სერიებიც კი ), რომ ძნელია მათი ერთ კონცეფციაში გაერთიანება და შენ როგორ უდგები ხოლმე ამ საკითხს, როცა ტატოს გამოფენებს კურატორობ? და ამ შემთხვევაშიც რა პრინციპით შეარჩიეთ ნამუშევრები? – ვეკითხები გამოფენის კურატორს – ხათუნა ხაბულიანს.

კი თითოეული ნამუშევარი სრულიად დამოუკიდებელია და თავისი სტრუქტურით trip-ს წარმოადგენს. მისი მთავარი ინტერესის საგანი ლანდშაფტია და ეს ლანდშაფტი სრულიად ნატურალისტურიდან შეიძლება მაგიური რეალიზმისთვის სახასიათო ფანტასმაგორიებამდე განვითარდეს. ტატო მკვლევარი მხატვარია, სულ აინტერესებს,  სხვა მხატვრები – ნებისმიერი ეპოქის – როგორ ხედავენ ლანდშაფტებს, ობიექტებს, გარემოს… მეტაფორულად ეს არის ურთიერთობა გარემოსთან ლანდშაფტის თემის უკიდურესი გაფართოებით. ექსპოზიცია აიგო ამ პრინციპით – ნამუშევრებში არსებული შინაგანი კავშირების სივრცეში გააქტიურებით, რამაც განსაკუთრებული ატმოსფერო უნდა შექმნას“, – ამბობს კურატორი. 

ტატო ამ გამოფენით, შეიძლება ითქვას, რომ ლანდშაფტის და შესაბამისად, ფერწერის მკვლევარია. ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ მის ინსტაგრამის გვერდზე მისივე მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს – ის ხან სამცხე-ჯავახეთშია, აბულის მწვერვალთან, 2900 მ-ზე, ხან ფარავნის ტბასთან – მომთაბარე მწყემსების ბანაკში და ხან ფარავნის ტბის საღამოს განათების საიდუმლოებებს იკვლევს.

ინსტაგრამზე ვტვირთავ ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპს. ეს ფაქტობრივად ფოტოისტორიაა. ხალხი ხედავს როგორ ვმოგზაურობ. მაგრამ ეს ინსპირაციისთვის არ ხდება, პირიქით – მოგზაურობა უკვე ნაპოვნი ინსპირაციისა და კონცეფციის ვიზუალიზაციისთვის მჭირდება. მინდორი და ხე არასდროს არის ჩემთვის მინდორი და ხე“. – ამბობს ტატო.

ვინც  ინსტაგრამის გვერდიდან ეროვნულ გალერეაში გამოჰყვა „ექსცენტრულ მოგზაურს“, მან 18 დეკემბერს, გამოფენის გახსნაზე, მართლაც რომ ფერწერაში იმოგზაურა. დამთვალიერებელს დახვდა ტექნიკურად გამართული, დახვეწილი ექსპოზიცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთნაირად შევამჩნიოთ და ვიგრძნოთ ტილოზე მხატვრის უმნიშვნელო შტრიხიც და ჯადოსნური ლანდშაფტების სივრცეებიც.

გამოფენა 8 იანვრამდე გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია ტატო ახალკაციშვილის კატალოგის პრეზენტაციაც, რომელიც 29 დეკემბერს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მოეწყობა. პრეზენტაციის შემდეგ შეგვიძლია გადავინაცვლოთ ATINATI’S-ის კულტურის ცენტრში (გალერეიდან 7 წუთის სავალზე), სადაც ATINATI Talk-ის ფორმატში არტისტთან და კურატორთან აუდიტორია  საუბრის გამართვას შეძლებს. ATINATI Talk-ს შემოუერთდება მწერალი არჩილ ქიქოძეც თავისი დოკუმენტური პროზით „ნორვეგიული დღიურები“ და მოდერატორ ნინო ლაშხთან ერთად ზოგადად ლანდშაფტის „ტერიტორიის“ განცდაზე ისაუბრებს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.