fbpx

რვეული #16 – წლის საუკეთესო მუსიკალური დოკუმენტური ფილმები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მიხეილ ციხელაშვილი

 

2021 წლის მეორე ნახევარი განსაკუთრებით დაიტვირთა ახალ-ახალი ფილმებით. პანდემიის გამო დაკეტილი კინოთეატრები ბევრი რეჟისორისთვის გახდა მიზეზი, რომ უკვე დასრულებული წარმოების მიუხედავად, ფილმის თეატრალური პრემიერები გადაედოთ და თავიდან აერიდებინათ სტრიმინგ-პრემიერები.

აქტივობამ, რომელიც სხვადასხვა კინოფესტივალებსა და დარბაზებში იგეგმებოდა,  ჩაკეტილ სივრცეებში, საკვლევ ცენტრებსა და სტუდიებში იწყო გაორმაგება და უბრალოდ დამთხვევა არ უნდა იყოს, რომ პანდემიისას გაიხსნა მნიშვნელოვანი არქივები, რაც  არაერთი დოკუმენტური ფილმის შექმნის მიზეზი გახდა. განსაკუთრებით კარგი წელი აღმოჩნდა მუსიკალური დოკუმენტური ფილმებისა და სერიალებისთვის. 2020 წლის შემოდგომიდან დღემდე ერთიმეორის მიყოლებით გამოვიდა მნიშვნელოვანი ფილმები, გასული წლის ჰიტებს –  „ამერიკული უტოპია“, „ზაპა“ “იდიოტი მლოცველი“ „ბრუს სპრინგსტინის წერილი შენ“ წელსაც მიემატა არაერთი საინტერესო სურათი.

ამ რვეულში სწორედ 2021 წლის რვა მნიშვნელოვან დოკუმენტურ ფილმს თუ სერიალს გირჩევთ, რომლებიც მუსიკის მოყვარულებს აუცილებლად დაგაინტერესებთ. 

 

The Beatles: Get Back (რეჟისორი: პიტერ ჯექსონი)

წლის ყველაზე გახმაურებული დოკუმენტალისტიკით დავიწყოთ: 1969 წლის იანვარში, როცა ბითლზი თავის უკანასკნელ ალბომს – Let it Be-ს წერდა და პროექტ Get Back-ის ფარგლებში სატელევიზიო კონცერტისთვის ემზადებოდა, მთელი სამზადისი გადაიღეს, რაც მომდევნო წელს რეჟისორ მაიკლ ლინდსი-ჰოგის ფილმ Let it Be-ში აისახა. მაგრამ ის მცირე მასალა, რაც 1970 წელს გამოვიდა, ზღვაში წვეთია რეალურ არქივთან, რაც ახალზელანდიელ რეჟისორ პიტერ ჯექსონს დაახვედრეს. 60 საათის ვიდეო და 150 საათის ხანგრძლივობის აუდიოჩანაწერები, რომელიც უკვე აღარც კი მიიჩნეოდა, რომ საჯარო უნდა გამხდარიყო, ჯექსონმა კარგად შეისწავლა, თავის გუნდთან ერთად ჯერ 18-საათიანი მონტაჟი გააკეთა, შემდეგ კი დისნეი დაარწმუნა, რომ შეთანხმებული ორსაათნახევრიანი ფილმი 6-საათამდე მაინც უნდა გახანგრძლივებულიყო. „6-საათიანი ფილმის მონტაჟის შემდეგ მივედით იმ ზღვრამდე, რომელიც ფილმის წარმოებასა და როკ-ენ-როლის ისტორიისადმი დანაშაულის ჩადენას შორის გადიოდა. როცა პოლ მაკარტნი დათანხმდა, რომ დაე, ყოფილიყო 6-საათიანი, ყველაფერი გამარტივდა“,  – ჰყვება ინტერვიუში პიტერ ჯექსონი.

ფილმის წარმოების მთელი პროცესი 4 წელიწადს გაგრძელდა. თავდაპირველად, როცა ჯექსონმა არქივი შეისწავლა, ის პოლ მაკარტნის და რინგო სტარს ცალ-ცალკე შეხვდა, აყურებინა ფრაგმენტები და დაარწმუნა, რომ ეს მასალა ნამდვილად იმსახურებდა გამოქვეყნებას. რომ ამ ფილმში არ ჩანდა მაინცდამაინც ის დეპრესიული, დაშლის პირას მყოფი ბითლზი, რომელიც ამ მძიმე პერიოდს თავს ვერ ართმევს, პირიქით, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, ფილმი მხიარული და ბედნიერი განწყობის მომტანია.

Get Back-ში ყველაფერია, პირველ რიგში ლივერპულელი ოთხეულის პორტრეტები – მხიარული და დაბნეული მუსიკოსები, რომლებიც რეაგირებენ შეცდომებსა და გამართლებაზე, ჩანაფიქრის ზედმიწევნით კარგად შესრულებასა და სრულ ჩავარდნაზე. ფილმში ჩანს, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ბენდისთვის სამუშაო სივრცის ცვლილებას, პიანისტის დამატებას, როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი მათ პროდუქტიულობასა და ზოგად განწყობაზე. და ყველაზე მთავარი, როგორ უჭირს ბითლზს ბენდში დისციპლინის შენარჩუნება მათი მენეჯერის, ბრაიან ეპსტაინის გარდაცვალების შემდეგ. „თითქოს მამიკო წასულია, ჩვენ ოთხნი კი დაუსრულებელ საზაფხულო არდადეგებზე ვართ“. – ასე აღწერს პოლ მაკარტნი სიტუაციას. 

აქ გადავაწყდებით ბევრ კამათს და გეგმების ცვლილებას, ჩვენ თვალწინ იშლება მთელი ის დინამიკა, თუ როგორ იქმნება ბითლზის მორიგი ჰიტები მაშინ, როცა ისინი უბრალოდ შთაგონებას ეძებენ, სხვადასხვა ინსტრუმენტის თანხლებით ჯემ-სესიებს აწყობენ, სკეტის ტექნიკით მღერიან, ამ დროს კი მაყურებელი ხვდება, რომ ამ რეპეტიციის მასალა მომავალში Let it Be-დ ან სხვა რომელიმე ჰიტად გადაიქცევა.

„იღბლიანები ვართ, რომ ყველაფერი არასწორი მიმართულებით წავიდა. წარმოიდგინეთ, რა მოსაწყენი იქნებოდა, უბრალოდ რომ დაგვენახა – ბიტლზმა მიზანი დაისახა და სამ კვირაში ყველაფერი იდეალურად შეასრულა!“ – ჰყვება პიტერ ჯექსონი და მართლაც, ამ 8-საათიან ფილმს, რომელიც სამ სერიად გამოვიდა, ძალიან უხდება ის „ჩაფლავების“ ისტორია, რომელიც ასეთი უჩვეულოა ბითლზთან დაკავშირებით. 

 

Summer of Soul (…Or, When the Revolution Could Not Be Televised) / სოულის ზაფხული (… ან, როცა რევოლუცია შეუძლებელია გადაიცეს ტელევიზიით) (რეჟისორი: ამირ „ქუესტლავ“ ტომპსონი)

როცა 1969 წლის აგვისტოში ბეთელში ვუდსტოკის ფესტივალი იმართებოდა და მთელი მუსიკალური მსოფლიოს ყურადღება იქითკენ იყო მიმართული, ასიოდე კილომეტრში, ნიუ-იორკში, უკვე თვეზე მეტი გასულიყო, რაც ტონი ლოურენსის ორგანიზებით და მაქსველის ყავის სახლის დაფინანსებით ჰარლემის კულტურული ფესტივალი იმართებოდა. ფესტივალი ხუთი უიკენდის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ  იმდროინდელი აფრიკულ-ამერიკული მუსიკალური სცენის  – ბლუზის და სოულის, გოსპელისა და არ-ენ-ბის , როკ-ენ-როლისა და პოპულარული მუსიკის  ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. ნინა სიმონის, ბიბი კინგის, მეჰეილია ჯექსონის, სტივ უანდერისა და სხვათა მოსასმენად ჰარლემში  სამასი ათასი ადამიანი შეიკრიბა. მაუნტ მორისის პარკში ფეხზე დასადგომი ადგილი რომ აღარ რჩებოდა, მაყურებელი ხეებზე ძვრებოდა და იქიდან უსმენდა კონცერტებს. ფესტივალს მაშინდელი ნიუ-იორკის მერიც დიდ მხარდაჭერას უცხადებდა, მიუხედავად იმისა, რომ შტატის პოლიციამ უარი თქვა უსაფრთხოების სერვისზე. ამის გამო იყო, რომ ტერიტორიას იცავდნენ პარტია „შავი ავაზების“ წევრები და ხუთი კვირის განმავლობაში ერთი ინციდენტიც კი არ მომხდარა.

ჰარლემის კულტურული ფესტივალი მთლიანად გადაიღეს, მაგრამ ის არსად არასდროს არ უჩვენებიათ. ჩანაწერები ჩაიკარგა სატელევიზიო არქივებში და თაროზე შემოდებულ ამხელა მასალას მტვერი ედებოდა, სანამ პროდიუსერი და დიჯეი „ქუესტლავი“ არ მიადგა და გამოიკვლია. 

„სოულის ზაფხული“ გარდა შთამბეჭდავი საკონცერტო გამოსვლებისა, გვიხატავს 60-იანი წლების იმ მჩაგვრელ, პოლიტიკურად და სოციალურად უთანასწორო გარემოს, რომელშიც შავკანიან მოსახლეობას უწევდა ცხოვრება. ის მქადაგებლური შეგონებები, რაც სცენიდან მუსიკასთან ერთად ისმის, ამძაფრებს საკუთარი იდენტობისა და თვითმყოფადობის შეგრძნებას, ამიტომაცაა, რომ ჰარლემის კულტურულ ფესტივალს ხშირად „შავ ვუდსტოკსაც“ ეძახიან. და შემთხვევითი არაა, რომ ფილმს მეორე სათაურისთვის გილ-სკოტ ჰერონის ლექსისა და სიმღერის – „რევოლუცია ტელევიზიით არ გადაიცემა“ ვარიაცია აქვს გამოყენებული. 

 

The Sparks Brothers / ძმები სპარკსები (რეჟისორი: ედგარ რაიტი)

ჩემი სუბიექტური აზრით, წლის საუკეთესო მუსიკალური დოკუმენტალისტიკა და ზოგადად, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია ედგარ რაიტის – „The Sparks Brothers”. 

რაიტისთვის 2021 წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა, მისმა ფსიქოლოგიურმა ჰორორმა „უკანასკნელი ღამე სოჰოში“ დიდი გამოხმაურება პოვა და მსოფლიოს ეკრანები დაიპყრო, მაგრამ იმედია თავად მაინც ხვდება რაიტი, რომ წლის ყველაზე იღბლიანი რეჟისორია, რომ ბედმა ჯგუფ Sparks-ის არქივებში ამოგზაურა და თავად მათ ცხოვრებაში ამოაყოფინა თავი.

„Sparks ის ბენდია, რომელთა შესახებაც ვიკიპედიაზე მთელ სტატიას წაიკითხავთ და მაინც ვერაფერს გაიგებთ“. – ისმის ფილმის დასაწყისში და მართლაც, ძმებ რონ და რასელ მეილების უზარმაზარი თავგადასავალი ერთი დიდი, შეუჩერებელი ნაკადია, რომელსაც მუსიკალური მედია როკ-ანომალიად ნათლავს. 

ფილმში გარდა თავად ძმებისა, ისტორიული რეალობის აღდგენას ცდილობენ მათთან დაკავშირებული მუსიკოსები, პროდიუსერები, მწერლები, მსახიობები, ფანები… ედგარ რაიტი ახერხებს შექმნას შეძლებისდაგვარად ყოვლისმომცველი ფილმი, რომელშიც ინტერვიუებთან ერთად ნახავთ Sparks-ის კონტროვერსიულ ვიდეოკლიპებს, უკეთ დააკვირდებით მათ იუმორისტულ და არაკორექტულ ტექსტებს, ბენდთან ერთად გაივლით ყველა იმ აკუსტიკურ ცვლილებას, რაც რონ და რასელ მეილებმა გაიარეს. ფილმში კარგად ჩანს, თუ რა როლი ითამაშა ცხოვრებისეულმა ტრავმებმა ძმების ერთმანეთთან ასე მჭიდროდ დაკავშირებაში, რამ განაპირობა მათი ტექსტების სტილი და სტრუქტურა, როგორ გამოიმუშავეს მეილებმა იმუნიტეტი დაცინვაზე, როგორ მოირგეს კარიკატურული ვიზუალური სტილი და საიდან დაიწყეს აუდიტორიასთან კავშირის დამყარება.

Sparks ის ბენდია, რომელიც არასოდეს არ მიდიოდა კომპრომისზე და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ძმებმა ყველაფერი შესწირეს იმ მუსიკას, რომლის დაწერაც მხოლოდ და მხოლოდ მათ სურდათ. ამიტომაც ახერხებდნენ, რომ ისინი თავიანთი უშრეტი ენერგიით და ენთუზიაზმით მუდმივად ყოფილიყვნენ თანადროულები ნებისმიერი ეპოქის მსმენელისთვის. წელსაც მათ მიერ ინიციირებულმა მიუზიკლმა – Annette-მა კიდევ მეტად  გაზარდა ინტერესი მათი მუსიკის მიმართ. მაგრამ სწორედ ედგარ რაიტის ეს დოკუმენტური  ფილმია ის სურათი, რომელიც Sparks-ის  თაყვანისმცემელ აუდიტორიასაც ასიამოვნებს  სიახლეებით  და ისეთ მაყურებელსაც გამოსდებს კაუჭს, რომელთაც რონ და რასელ მეილებზე არაფერი სმენიათ.

ახალბედებმა კი არ უნდა იდარდონ, მერე რა, რომ ძმები უკვე 70-ს გადასცდნენ, კატალოგში კი 25 განსხვავებული ჟანრისა და ჟღერადობის ალბომი აქვთ; შეკითხვაზე, თუ რამდენ ალბომს უნდა ველოდოთ Sparks-ისგან, პასუხი ასეთია: „სამედიცინო ტექნოლოგიის წინსვლის გათვალისწინებით, 200-დან 300 ალბომამდე ჩაწერას კიდევ მოვახერხებთ“.

ფილმი მასშტაბურია, თითქმის ორსაათ-ნახევარს გრძელდება და მიუხედავად დრამატული მომენტებისა და ეკრანთან ნაფრქვევი ცრემლებისა, მაინც არის ხმამაღლა სიცილის გარანტი. 

 

Don’t Go Gentle / ნუ შეერევი მშვიდად (რეჟისორი: მარკ არჩერი)

ერთია, არქივებში იძრომიალო და გააღვიძო ძველი სიზმრები, ძველი სული, და მეორეა, დაიჭირო ის მომენტი, რომელიც აქ და ახლა დგას, შენს დროს, გაიგო იმ ბომბის აფეთქების ხმა, რომელიც შენ გვერდით ვარდება, იგრძნო მისი აფეთქების სიმძლავრე და მასშტაბები. 

სწორედ ასეთია რეჟისორ მარკ არჩერის ფილმი „ნუ შეერევი მშვიდად“ ბრისტოლური ბენდის – IDLES-ის შესახებ, რომელიც სათაურს უელსელი პოეტის, დილან ტომასის ლექსს ესესხება.

როცა ოციანი წლების მეორე ნახევარში ზოგი ბარში, ზოგი კი ციხის საავადმყოფოში მუშაობდა სრულ განაკვეთზე, ბრისტოლელმა ბიჭებმა ბენდი შექმნეს.

„მიზეზი, რატომაც IDLES დავიწყე, იყო ის, რომ მომწყინდა გარშემო ამდენი ტყუილი… თუკი პოლიტიკოსები მატყუებენ, ჩემმა სტუდიამ და ბენდმა მაინც არ მომატყუოს! – ამბობს ჯო ტელბოტი, ბენდის სულის ჩამდგმელი და ვოკალისტი, – იმდროინდელი ინდი-ბენდები ყველანი კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მოსაწყენად ჟღერდნენ. მე კი მინდოდა უბრალოდ ვყოფილიყავი მყისიერი, ამაღელვებელი, მეცეკვა ბევრი… მთელი ხმა იყო დაგროვილი, რომელიც გაჟღერებას ელოდა“.

IDLES მართლაც დიდხანს ელოდა თავის დროს. სადებიუტო EP-ს შემდეგ იყო რამდენიმე კონცერტი, მაგრამ ასევე იყო 2-წლიანი უკონცერტობა, რომლის პარალელურადაც სრულ განაკვეთზე მომუშავე მუსიკოსები, სამსახურების მერე კვირაში 20 საათს მაინც ატარებდნენ სარეპეტიციოში. მუსიკით ფულს ვერასდროს შოულობდნენ, მაგრამ ყველას სიამოვნებდა ამ ბენდში ყოფნა, ეს იყო მათი ყველაზე კომფორტული, თანაგრძნობით სავსე სივრცე და სწორედ ამიტომ აგრძელებდნენ დაკვრას. მათთვის ფულს არავინ აბანდებდა, სტუდიები არ ეხმიანებოდნენ, მაგრამ ბენდი აგრძელებდა დაკვრას. 8-წლიანი რეპეტიციების შემდეგ კი, როცა 2017 წელს სადებიუტო ალბომი გამოუშვეს, დაინახეს, რომ გარეთ დიდი აუდიტორია იყო, რომელსაც სჯეროდა იმის, რისაც თავად ბენდს სჯეროდა. 

„ჭეშმარიტება ისტორიის მძვინვარე პერიოდებში ვლინდება“. – ისმის ფილმში და მართლაც, ამ ჭეშმარიტების ხმაც მძვინვარეა, ამიტომაცაა, რომ IDLES-ის მუსიკა მუდმივად დგას არასწორი ინტერპრეტაციის საფრთხის წინაშე, მაგრამ სხვანაირი ენერგია და აკუსტიკური ნაკადი ამ ბენდისგან უბრალოდ წარმოუდგენელია. 

Don’t Go Gentle ბენდის ისტორიის მიღმა მოგვითხრობს თანაგრძნობის, ამბოხების, ბრუტალური გულწრფელობის, ბიოგრაფიულ და მენტალურ ტრავმებთან გამკლავების ისტორიებს. ეს ფილმი ერთგვარი აღსარებაა, სადაც დაუწმენდავი, მაგრამ სიმართლით სავსე ხმები ისმის. აქ შეხვდებით აღსარებებს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდა ჯო ტელბოტი შვილის გარდაცვალებას იმით, რომ ცხოვრება და ბენდი არ განაცალკევა ერთმანეთისგან და როგორ მუდმივად ეჭვქვეშ აყენებდა თავის არჩევანს; როგორ უყურებდა მძინარე ჯოს მისი საუკეთესო მეგობარი, ბენდის გიტარისტი ბოუენი ამერიკული ტურნეს დროს და მის მოკვლაზე ფიქრობდა.

სწორედ ამ გულწრფელობით, არაიდეალური და არაიდილიური ხმის გაჟღერებით შეძლო IDLES-მა შეექმნა არა იმდენად ფან-კლუბი, რომელიც მათი მუსიკით ცხოვრობს, არამედ ერთგვარი მიკრო-საზოგადოება, რომელიც მხარდაჭერაზე, მიმღებლობასა და თანაგრძნობაზეა დაფუძნებული. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ფილმის გამოსვლისთანავე NME-მ დაწერა: “ჩვენ მომსწრენი ვართ იმის, რომ სამყაროში ჯერაც შეიძლება არსებობდეს როკ-ბენდი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ცვლის.”

 

Shame – Live in the Flesh (Molten Jets Film) (რეჟისორი: ჯეიმზ ჰამბი) 

და მაინც, მუსიკალური დოკუმენტალისტიკა პირველ რიგში საკონცერტო ჩანაწერებია, შოუები, რომლებიც კონკრეტული ეპოქის განწყობას ინახავს ამა თუ იმ აკუსტიკურ ტერიტორიაზე და მთელი დადგმა დრამატურგიულ განვითარებასაც მიჰყვება. პანდემიის გამო ჩაშლილი ათასობით კონცერტის შემდეგ კი არათუ საკონცერტო ფილმების, უბრალოდ ჩანაწერების ნაკლებობასაც კი განვიცდით. მაგრამ ახალგაზრდა სამხრეთლონდონურმა ჯგუფმა Shame-მ, რომელიც თანამედროვე როკ-მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხმაა, მაინც მოახერხა ეს დეპრესიული, წარუმატებელი გარემო სახალისო საკონცერტო ფილმად გადაექცია.

ბენდს ახალი ალბომის, Drunk Tank Pink-ის მხარდასაჭერი ტურნე ჩაეშალა, ეს იმედგაცრუება კი თვითირონიულ საკონცერტო ფილმში ასახა, რომელიც 2021 წლის მარტში Youtube-ზე გამოაქვეყნა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ბენდის ისტორიას, რომლებიც თავიანთი პირველი ანშლაგ-შოუსთვის ემზადებიან. გარემო დასაწყისიდანვე უჩვეულოა, გვაქვს განცდა, რომ რაღაც ვერ არის რიგზე: სხვა თუ არაფერი, სად გაგონილა პანკ-როკ არტისტები შოუზე გასვლის წინ ფანებთან ერთად ისხდნენ ვიწრო ოთახში და უყურებდნენ პოპულარულ ინტელექტუალურ სატელევიზიო თამაშს, ჩვენში რომ „სუსტი რგოლის“ სახელით იყო ცნობილი.

პარალელურად ვხედავთ, თუ როგორ შფოთავს ბენდის მენეჯერი, რომელიც გაიგებს, რომ კონცერტზე ყველა ბილეთი კი არ გაიყიდა, არამედ დარბაზში რამდენიმე ერთგული ფანი (spoiler: თუ ყურადღებით დაითვლით, აღმოაჩენთ, რომ კონცერტს 12 ადამიანი ესწრება) თუ იქნება, ამიტომაც სცენის გამნათებელმა და ხმის ინჟინერმა ყველაფერი უნდა ქნან, რომ ბენდი, ერთი მხრივ, დამაბრმავებელი სინათლის წინაშე უკრავდეს და აუდიტორიას ვერ ხედავდეს, მეორე მხრივ კი, შეიქმნას ტაშისა და ოვაციების ხელოვნური ხმები.

ამის გამო კიდევ უფრო თვითირონიულად ჟღერს ბენდის ვოკალისტის, ჩარლი სტინის ამაღელვებელი მონოლოგი, რომლითაც ის დანარჩენ წევრებს კონცერტის დაწყებამდე ამხნევებს. ფილმი სულ რაღაც 40 წუთს გრძელდება, საიდანაც ნახევარი საათი საკონცერტო შოუს ეთმობა, მაგრამ ამ მოკლე დროში Shame ახერხებს, ერთი მხრივ, დაუკრას ძალიან დინამიკური, ენერგიული კონცერტი, მეორე მხრივ კი, გვესაუბროს იმ სევდაზე, რომელიც ახალმა ბენდებმა პანდემიისას გამოიარეს – ისინი ვერ შეხვდნენ აუდიტორიას მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ მათთან ურთიერთობა, ილუზია გამოდგა ფიქრი ინდუსტრიის გარღვევასა და სახელის დამკვიდრებაზე – დაგროვილი ენერგია, რომელიც ხალხის წინაშე უნდა დახარჯულიყო, სხვადასხვა მიმართულებით მიმოიფანტა. 

 

The Velvet Underground (რეჟისორი: ტოდ ჰეინსი)

2017 წელს ტოდ ჰეინსმა მსოფლიო მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბენდზე, The Velvet Underground-ზე დაიწყო ფილმის გადაღება, მისი პრემიერა კი 2021 წლის ივლისში კანის კინოფესტივალზე შედგა.

ჰაინსის ფილმი არ ჰგავს სტანდარტულ ბიოგრაფიულ ფილმებს როკ-ბენდებზე, აქაურობა არც საკონცერტო ჩანაწერებითაა დახუნძლული (მხოლოდ ერთხელ, ფილმის ბოლოს არის საკონცერტო ნომერი) და არც აურაცხელი რაოდენობის სატელევიზიო თუ რადიოჩანაწერით. 

სურათი სტილისტურად ძალიან ჰგავს ენდი უორჰოლის კინოენას. ჰაინსი იყენებს იმ კადრებსაც, რომელსაც ენდი უორჰოლის საწარმოში მუდმივად ჩართული კამერა იწერდა ხოლმე. ფილმი ცოცხალი ისტორიებით არის გამდიდრებული, რომელიც ჰყვება ამბებს დაწყებული იმით, თუ როგორ სწავლობდა ლუ რიდი გიტარაზე დაკვრას ან როგორ სთხოვდა ჯერაც ბავშვი ჯონ კეილი მასწავლებელს, ბახის ნაცვლად პაგანინის დაკვრა ესწავლებინა ვიოლაზე; რა გზა გამოიარა ბენდმა, სანამ The Velvet Underground-ად იწოდებოდა, როგორ მიაღწიეს იმ აკუსტიკურ ნიადაგს, სადაც R’n’B შეიძლება ერთ სივრცეში მოქცეული რიხარდ ვაგნერის მუსიკასთან ერთად, ჯონ კეილისვე სიტყვებით რომ ვთქვათ, „როგორ შეიძლებოდა ერთდროულად ელეგანტურიც ყოფილიყავი და ბრუტალურიც“. 

გვინდა თუ არა, ფილმის მთავარი ფიგურა მაინც ლუ რიდია. ყველა მასზე ლაპარაკობს, მის პერსონაში ყველაზე ღრმად ძვრება მაყურებელი, გამოაშკარავდება მისი ტრავმები, ფსიქოლოგიური და ფსიქოდელიური გამოცდილებები. მისი პერსონის უკეთესად გაცნობა კი უკეთ გვაგებინებს იმ აბსურდულ ახირებებსაც, როგორიც, მაგალითად, ჯერ ბენდის შიდა სამზარეულოდან ენდი უორჰოლის დათხოვნა იყო, შემდეგ კი ულტიმატუმი ბენდის სხვა წევრებთან – ან ლუ რიდთან დარჩენა, ან ჯონ კეილთან.

ფილმი პარალელურად ხატავს 1960-იანი წლების შუა პერიოდის ნიუ-იორკს, იმ ერთგვარ ანტიჰიპურ, პირქუშ და არტისტულ ემბიენსს, რომელიც უორჰოლის ქარხნის გარშემო და ფსიქოდელიურ როკ წრეებში არსებობდა. 

 

მკვდარი სულების არდადეგები (რეჟისორი: ეკატერინე კეკო ჭელიძე)

ეს ფილმი წინამორბედებს არ ჰგავს, მისთვის არც არქივები გაუხსნიათ და არც ათობით ადამიანი შეუკრებიათ გადაღებისას, მაგრამ თუკი მუსიკოსი გარკვეულწილად ირეკლავს თავის ეპოქას, მაშინ კომპოზიტორ და ბას-გიტარისტ ლევან სვანიძის ცხოვრებაზე გადაღებული „მკვდარი სულების არდადეგები“ ერთ-ერთი ყველაზე დროული სოციალური დრამაა, რაც ბოლო წლების ქართულ დოკუმენტალისტიკაში შეგვხვედრია.

ლევან სვანიძე 1990-იან წლებში ქართული ანდერგრაუნდ მუსიკის ცნობილი  სახე იყო, მის ბენდს „მკვდარი სულების არდადეგები“ ერქვა. მოგვიანებით ლევანი ბოლო 30 წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ ჯგუფს,  „წერილს“ შეუერთდა, პარალელურად კი ელექტრონული მუსიკის შექმნა დაიწყო. ფილმს დამატებით ხიბლს აძლევს ის გარემოებაც, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბენდის წევრის პორტრეტი იხატება როგორც არა როკ-სტარის, არამედ როგორც მოწყვლადი, დაუცველი, საზოგადოების მიერ მარგინალიზებული და უარყოფილი, ჩამომხმარი ქართველი მოქალაქის სახე. 

ლევანი თბილისში, დიდი დიღმის განაპირას, 14 კვადრატულ მეტრში ასაკოვან დედასთან ერთად ცხოვრობს. მათი ერთმანეთისადმი გამოხატული მზრუნველობა ვერა და ვერ ეთავსება თანაცხოვრებას; მეტაფორულია, რომ ლევანი ვერ წყდება თავის საწყისს, დედას, და ფილმში ამის სამ მთავარ მიზეზს ვხედავთ: სიყვარულს, სიღარიბეს და მანიპულაციას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცეკვავენ, ტოტალიზატორში მოგებული ფულით დაბადების დღის ტორტსაც ჭამენ, თმასაც იღებავენ, ზუსტად იგივე პერიოდში ემოციური სტრესის ქვეშ მყოფი ლევანი სახლიდან ვერც პაემანზე გადის და ვერც მოსაწევად, დედის პანიკური შიშების გამო. ლევანს დედა რეპეტიციებსაც აწყვეტინებს გამუდმებული სატელეფონო ზარებით და (მო)თხოვნით, რომ სახლში მოვიდეს. ზოგჯერ სიტუაცია იმდენად გაუსაძლისია, რომ პერსონაჟი კამერასთან ვეღარ აზიარებს თავის ემოციურ მდგომარეობას და მაყურებელს ზურგს გვაქცევს. 

საინტერესოა, რომ მათ გარშემო არსებულ კინოკამერას ორივე პერსონაჟი გრძნობს; თავდაპირველად ფილმი თითქოს პერფორმანსულია, მაგრამ მერე პერსონაჟები ნელ-ნელა ეჩვევიან გადაღების პროცესს და ლევანს ადევნებულები მასთან ერთად თავს ბუნებრივად ვგრძნობთ. ლევანი მომართულია, რომ სამსახური იშოვოს, მაგრამ მისი მუსიკა არავის უნდა, შვებას კი ალკოჰოლში პოულობს, ალკოჰოლითვე ებრძვის პოეტური შთაგონების შენარჩუნებასაც.

  • სულ არ მინდა ეგეთი სიკვდილი რა! – შეიცხადებს ლევანი ერთ-ერთი სცენისას, როცა სტუდიაში ამბავს ჰყვება, თუ როგორ ავიწყდება დედამისს გაზქურის გამორთვა და ირგვლივ სულ სუნი და შიშინია.
  • და სიცოცხლე? – კითხვითვე უპასუხებენ ლევანს და ისიც დუმდება.

ფილმმა მე „ბატონი ლაზარესკუს სიკვდილი“ მომაგონა. იქაც და აქაც ველურ საყოფაცხოვრებო პირობებში გამოხარშული ადამიანების აპოკალიფსს ვესწრებით. თუმცა განსხვავებით რუმინული ფილმისგან „მკვდარი სულების არდადეგები“ თავისი ღია ფინალით მაინც გვიტოვებს გადარჩენის იმედს. 

მართალია, ფილმის პრემიერა 2020 წლის შემოდგომაზე CineDoc-ზე შედგა, მაგრამ ფილმი ჯერ კინოთეატრებში არ გამოსულა და სხვა უცხო ქვეყნის ფესტივალებზეც ელოდება თავის ჯერს. 

 

1971: The Year That Music Changed Everything / 1971: წელი, როდესაც მუსიკამ ყველაფერი შეცვალა

მუსიკალური ეპოქები კალენდარივით არაა გაწყობილი, მაგრამ ისე მოხდა, რომ 1971 წელი იყო ერთგვარი შედეგიც, რითაც 60-იანი წლები თავისი მთელი როკ-ენ-როლით, სექსუალური რევოლუციით, ვუდსტოკით და ალტამონტით, მთვარეზე ფეხის დადგმით და კიდევ ბევრი რამით უნდა დაგვირგვინებულიყო და გარდამტყდარიყო ახალ რეალობაში, რომელიც 70-იანებში დადგა.

„ეფლ ორიგინალის“ ახალი სერიალი „1971: წელი, როდესაც მუსიკამ ყველაფერი შეცვალა“ სწორედ იმ მომენტზე გვიყვება, როდესაც „მუსიკა არა მხოლოდ ირეკლავდა მის თანადროულ ეპოქას, არამედ თავად მუსიკამ განაპირობა ეპოქა“. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ბევრმა არტისტმა და ჟანრმა იცვალა კალაპოტი სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ უთანასწორობასთან საბრძოლველად, როცა ჰიპურმა აღტყინებამ რელიგიურ სექტებში გადაინაცვლა, როცა მარიხუანას მოწევა და ღვინის სმა კოკაინის ყნოსვამ ჩაანაცვლა. წელი ანჯელა დეივისის სასამართლო პროცესით იწყება – “შავი ავაზების” ბრძოლა ახალ მუხტს იღებს; ატიკას ციხეში აჯანყებაა, სტენფორდის ციხეში – ზიმბარდოს ექსპერიმენტი ნაადრევად სრულდება… ეს დიდი ქაოსი აკუსტიკურ ნაკადებში ყველაზე კარგად გამოვლინდა. ერთ-ერთ სერიაში ელტონ ჯონი ამბობს: „ალბათ ასეთი აფეთქება აღარც იქნება მუსიკაში. შეგეძლო კვირაში ათი ისეთი ალბომი გეყიდა, რომელიც დღეს უკვე კლასიკურ ჩანაწერად მიიჩნევა“ და მართლაც ასეა, 1971 წელს გამოიცემა როკ-ენ-როლის, ბლუზის, ქანთრის, პანკის, ფანკის, სოულის, არ-ენ-ბის და სხვა ჟანრების უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები. ამ დროს გლასტონბარის ფესტივალი მეორე გამოშვებისთვის ემზადება, ანდერგრაუნდ პრესა სრულიად ახალ რეალობას წარმოაჩენს, ვისაც არ ეზარება, ამერიკაში ნიქსონს უშრობს სისხლს, ბრიტანეთში კი – სამეფო ოჯახს. დგას ეპოქა, როცა ახალგაზრდობა მიხვდა, რომ ყველაფერი არასწორი გზით მიდის, რომ აღარ სჯერათ პოლიტიკოსების და არის ამბოხის დრო, The Who-ს სიმღერას რომ დავესესხოთ, We don’t get fooled again”.

სერიალი მარტივი და სასიამოვნო საყურებელია და მუსიკის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ, ჩემი აზრით, პირველ რიგში იმის გამო, რომ ერთ კონკრეტულ წელზე კონცენტრირებული აურაცხელი დოკუმენტური მასალა გვხვდება, რაც ზოგადზე ოდნავ უფრო მეტ წარმოდგენას ქმნის მთელ ეპოქაზე. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.