SUNDAYS – სახასიათო დეტალები თქვენს ინტერიერში
ავტორი: ნინო იმერლიშვილი
საცხოვრებელი სივრცე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს პროდუქტიულობას, განწყობას. პანდემიამ ნათლად დაგვანახვა, რომ სახლის იდეა მხოლოდ ფიზიკური სივრცე როდია – ეს არის თითოეული ადამიანისათვის ყველაზე პერსონალური ადგილი, სადაც თავს მშვიდად და კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ. დროსთან ერთად ინტერიერის დიზაინისადმი მიდგომა იცვლებოდა. დეკადების განმავლობაში ინტერიერის დიზაინის აღქმა და ტრენდები ადამიანების საჭიროებებისა და ღირებულებების მიხედვით ვითარდებოდა. თანამედროვე მომხმარებელი ერთდროულად ეძებს როგორც კომფორტს, ასევე ესთეტიკას – შესაბამისად, ინტერიერთან დაკავშირებული დეტალების დიზაინიც მეტად კრეატიული ხდება.
სწორედ ინტერიერისა და ექსტერიერისთვის განკუთვნილ სახასიათო, გამორჩეულ, და ასევე პრაქტიკულ პროდუქციას ქმნის SUNDAYS – ბრენდი, რომელზეც ამ სტატიაში გიყვებით. როგორც მისი დამფუძნებლები ახასიათებენ – “SUNDAYS-ს ჩვენს სივრცეებში შემოაქვს სიცოცხლე, ფერი და დადებითი ემოცია, რაც გარემოს განსაკუთრებულს და მყუდროს ხდის”.
“SUNDAYS-ის გუნდი აერთიანებს ოთხ ახლო ადამიანს – სამ დას და მათ – მეგობარს. ბრენდის შექმნის ინსპირაცია ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე გაჩნდა, რაც გულისხმობს არქიტექტურასთან და ინტერიერის დიზაინთან მჭიდრო კავშირს. პანდემიისას ყველას განსაკუთრებული სურვილი გაგვიჩნდა, რომ სახლი უფრო მყუდროდ მოგვეწყო, თუმცა გავაცნობიერეთ, რომ ადგილობრივი წარმოების ბაზარზე არ არის ბრენდი, რომელიც ინტერიერისა და ექსტერიერისათვის განკუთვნილ პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად გვთავაზობს. ამასთანავე, ოთხივემ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ის საქმეა, რასაც სიამოვნებით ვაკეთებთ ყოველდღიურად”, – ამბობს ბრენდის თანადამფუძნებელი იკი ანთელავა.
ასე დაიბადა SUNDAYS, რომელმაც მალევე მიიქცია მომხმარებლის ყურადღება.
ბრენდის კოლექციები საკმაოდ მრავალფეროვანია. ამ ეტაპზე აერთიანებს ლეიბებს, ბალიშებს, სუფრებს და პოსტერებს. წარმოდგენილი მოდელები მრავალფუნქციურია, მაგალითად, ლეიბები გამოიყენება როგორც ტახტებისა და სავარძლებისთვის, ასევე ე.წ. ბენჩებისათვის და პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად დეკორატიული დატვირთვაც აქვს. SUNDAYS-ის ესთეტიკა საკმაოდ გამოკვეთილია – ერთ-ერთ ასეთ დამახასიათებელ დეტალად შეგვიძლია პასტელური ფერები დავასახელოთ, რაც ინტერიერში განსაკუთრებით მყუდრო და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის.
“SUNDAYS-ის თითოეული ნივთი განსაკუთრებულია. გვინდა, რომ ჩვენმა ბრენდმა მომხმარებლის სივრცეში ინდივიდუალური შტრიხები შეიტანოს. დიზაინზე მუშაობის დროს ჩვენი მიზანია მისმა მომავალმა მფლობელმა იგრძნოს, რომ ეს ნივთი სწორედ მისთვის არის შექმნილი. ასე ჩნდება კავშირი და ახლო ურთიერთობა ბრენდსა და მომხმარებელს შორის”.
როდესაც ვსაუბრობთ ინტერიერისა და ექსტერიერისათვის განკუთვნილ პროდუქციაზე, ვიზუალთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხი. SUNDAYS-ის გუნდისათვის ეს ბრენდის შექმნისთანავე უცვლელი პრიორიტეტი იყო. თითოეული მოდელი ნატურალური ტილოს მასალითაა დამზადებული. აღსანიშნავია, რომ ბრენდისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარება, რაც ეკომეგობრულ წარმოებას გულისხმობს. შესაბამისად, ტილოს მასალა დიდი კომპანიების მიერ შეძენილი ქსოვილის გადამუშავებული ნარჩენებია. ზუსტად ამიტომ, თითოეული მოდელი შეზღუდული რაოდენობით გამოდის.
SUNDAYS-ის პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე ინსტაგრამის გვერდის საშუალებით არის შესაძლებელი. ხოლო რაც შეეხება მიწოდების ვადას, ეს დამოკიდებულია პროდუქტზე და დამკვეთის საჭიროებებზე. ამ დეტალების გათვალისწინებით, სასურველი ნივთი თქვენამდე 3-6 დღის ვადაში მოვა. ისევე როგორც ყველა სტარტაპი, SUNDAYS მუდმივად განვითარების პროცესშია. დამფუძნებლები წარმოების გამრავალფეროვნებას აპირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლექციებში კიდევ უფრო მეტ ფუნქციური დატვირთვის ნივთს აღმოვაჩენთ. სამომავლოდ პროდუქციის განთავსება სხვადასხვა ფიზიკურ სივრცეში და შოურუმებშიც იგეგმება. როგორც SUNDAYS-ის გუნდი აღნიშნავს, ბრენდმა უცხოელი მომხმარებლის დაინტერესებაც შეძლო, რაც ევროპიდან მიღებულ შეკვეთებში გამოიხატა, ეს კი ყველა დამწყები ბრენდისათვის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პირველი წარმატებული ნაბიჯებია.