fbpx

სამეცნიერო ფანტასტიკა: როგორ გახდა geek-კულტურა პოპ-კულტურის ნაწილი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

ოდესღაც „geek“-ებისთვის განკუთვნილი ჟანრი – სამეცნიერო ფანტასტიკა, 1920-იანი წლებიდან „აფეთქდა“. „სტარ ტრეკიდან“ (Star Trek) დაწყებული „ვარსკვლავური ომების“ (Star Wars) ჩათვლით და მის მიღმა, აღნიშნული ჟანრი მეინსტრიმ კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. კოსმოსური ოპერა, ხელოვნური ინტელექტი, დროში მოგზაურობა… ეს ყველაფერი თანამედროვე კინემატოგრაფიის წამყვანი ასპექტებია, თუმცა საინტერესოა, როგორ იქცა ე.წ. sci-fi ყველაზე დიდ ბლოქბასტერ ფრენჩაიზად? 

თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკას ფესვები ისეთი ცნობილი მწერლების შემოქმედებაში აქვს, როგორებიც იყვნენ მერი შელი, ჟიულ ვერნი და ჰერბერტ უელსი, თუმცა დღეს ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ჟანრის ჩამოყალიბებას 20-იანი წლების ჟურნალებმა შეუწყვეს ხელი. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჰიუგო გერნსბეკის „საოცარი ისტორიები“ (Amazing Stories) იყო – ექსკლუზიურად სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის განკუთვნილი პირველი ჟურნალი, რომელიც 1926 წელს გამოიცა. იგი შთაგონებული იყო sci-fi მწერლების „დიდი სამეულით“: ართურ კლარკი, რობერტ ჰაინლაინი და აიზეკ აზიმოვი. აღსანიშნავია, რომ ჟურნალი ცალკე სვეტში მკითხველების მისამართებს აქვეყნებდა, რაც ჟანრის ენთუზიასტებს შორის ინფორმაციის გაცვლას უფრო ხელმისაწვდომს ხდიდა. ისინი თავიანთ ისტორიებს არაოფიციალურ პუბლიკაციებში აზიარებდნენ, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც „fanzines”. ამრიგად, წარმოიშვა ე.წ. fandom-ი. 

აღნიშნული ჟურნალები პრესტიჟულად არ მიიჩნეოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამეცნიერო ფანტასტიკა მომწიფებას განაგრძობდა. მისი საზღვრები ფილმებისა და სერიალების მეშვეობით კიდევ უფრო გაფართოვდა და 50-იან წლების „ოქროს ხანაში“ კულმინაციას მიაღწია შედარებით მაღალი წარმოების ფილმებში, რომლებიც დღეს კინოკლასიკად არის მიჩნეული. 

60-იანი წლებისთვის მცირე გამომცემლობები წარმოების ბაზრიდან გააძევეს და სწორედ ასე დასრულდა სამეცნიერო ფანტასტიკის „ოქროს ხანა“. ასპარეზზე ექსპერიმენტული მწერლების ახალი თაობა გამოჩნდა და შედეგად პატარა სატელევიზიო შოუ, სახელწოდებით „სტარ ტრეკი“ მივიღეთ, რომელმაც ჟანრი სრულიად განსხვავებული მიმართულებით წაიყვანა. 

სერიალი თავდაპირველად ეთერში 1966 წელს გავიდა და ის ჯინ როდენბერის იდეას ეფუძნებოდა, რომლის ინსპირაციაც ვესტერნები და „გულივერის მოგზაურობა“ იყო. „სტარ ტრეკმა“ Trekkies და Trekkers სახელით ცნობილი ფანების დიდი ბაზა შექმნა. მეორე სეზონიდან სერიალის რეიტინგმა იკლო, რის შემდეგაც გავრცელდა ჭორები, რომ „სტარ ტრეკი“ NBC-ზე აღარ გავიდოდა. შუს გადასარჩენად თავდადებულმა გულშემატკივარმა ბიჯო ტრიმბლმა წერილობითი კამპანია წამოიწყო და შედეგად NBC-მ შოუ კიდევ ერთი სეზონით განაახლა. მართალია, სერიალი მხოლოდ სამ სეზონს გაგრძელდა, თუმცა ტრიმბლმა და სხვა Trekkies-მა დაამტკიცეს, რომ მცირე, მაგრამ ერთგული თაყვანისმცემლების გუნდს ცვლილებების მოხდენა შეუძლია. 

შოუს გავლენა და მემკვიდრეობა გასცდა „ორიგინალურ სერიას“. მისი გაუქმებიდან სამი წლის შემდეგ ფანები Statler Hilton-ზე ფრენჩაიზის პირველი  კონვენციისთვის – “Star Trek Lives!” შეიკრიბნენ. გულშემატკივართა კონვენციები ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს, მაგრამ ისინი მხოლოდ 60-იან და 70-იან წლებში მოექცნენ ყურადღების ცენტრში. 

სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულები მაინც აუტსაიდერების ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. ჟანრს ჯერ კიდევ დიდი გზა ჰქონდა გასავლელი იმისთვის, რომ საზოგადოების აღქმა შეცვლილიყო. საბედნიეროდ, sci-fi-მ დიდ ეკრანზე გადაინაცვლა. 1968 წლისთვის კუბრიკის „2001: კოსმოსური ოდისეას“ (2001: A Space Odyssey) და “მაიმუნების პლანეტის“ (Planet of the Apes) გამოსვლის შემდეგ, კრიტიკოსებმა სამეცნიერო ფანტასტიკის ახალ ჭრილში დანახვა დაიწყეს. თუმცა, ვერაფერი მოამზადებდა ჰოლივუდს მომავალი კულტურული ფენომენისთვის…

ჯორჯ ლუკასის კოსმოსურმა ოპერამ –  „ვარსკვლავურმა ომებმა“ დაამტკიცა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა უნივერსალური იყო. კოსმოსური ოპერა მაშინ ჯერ კიდევ ქვეჟანრად მიიჩნეოდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როდესაც „ვარსკვლავურმა ომებმა“ სალაროებში რეკორდები მოხსნა, ლუკასის და 20th Century Fox-ის გასაკვირად. კიდევ უფრო გასაკვირი ის იყო, რომ ფილმი არა geek-ებმა, არამედ მეინსტრიმ აუდიტორიამ გახადა პოპულარული და ოსკარზე საუკეთესო ფილმის ნომინანტებშიც კი დაიმკვიდრა ადგილი. „ვარსკვლავური ომები“ გარდამტეხი წერტილი იყო, რომელმაც აჩვენა რამდენად ფართომასშტაბიანი შეიძლება იყოს სამეცნიერო ფანტასტიკა. 

ამ პოპულარობამ „სტარ ტრეკის“ ხელახლა აღორძინება განსაზღვრა. 1979 წლიდან  Enterprise-ს ეკიპაჟმა განაგრძო მოგზაურობა კინოთეატრებში, 1994 წელს კი „შემდეგმა თაობამ“ (The Next Generation) დაიკავა მისი ადგილი. სამეცნიერო ფანტასტიკისადმი გაჩენილმა ამ ახალმა ინტერესმა, ისეთი საკულტო კლასიკური ნამუშევრები შექმნა, როგორიც არის “Blade Runner”, “უკან მომავალში“ (Back to the Future) და „იურული პერიოდის პარკი“ (Jurassic Park). ამავდროულად, „მატრიცამ“ (The Matrix), რომელიც 1984 წლის კიპერპანკ რომანის – “Neuromancer“-ის ელემენტებზეა დაფუძნებული, კომპიუტერები და ფილოსოფია საინტერესო გახადა. 

„მატრიცას“ გამოსვლის შემდეგ მაყურებელი ისევ გალაქტიკაში – „ვარსკვლავური ომების“ სამყაროში დაბრუნდა. პრიქველის – “Star Wars: Episode I – The Phantom Menace” მიმართ აჟიოტაჟი უპრეცედენტო იყო, Jar Jar-ისა და Midi-chlorians-ის მეშვეობით კი საგა სამუდამოდ შეიცვალა.

ახალ ათასწლეულში ტელევიზიას მაღალხარისხიან სცენარზე გაუჩნდა ამბიცია. მომნუსხველი შინაარსითა და მისტიკით, „დაკარგულები“ (Lost) მეინსტრიმ ტელევიზიასა და საკულტო ტელევიზიას შორის უფსკრულში ხიდი იყო. მისი თანაშემქმნელი ჯ.ჯ. აბრამსი მოგვიანებით „სტარ ტრეკის“ ფილმების სერიას ჩაუდგა სათავეში. შედეგად ფრენჩაიზს ყველაზე მაღალი შემოსავალი ჰქონდა. ნოსტალგია აშკარად დიდი ბიზნესია, რომელმაც 2010-იან წლებში სხვა სტუდიებზეც მოახდინა გავლენა გადაეღოთ რიმეიქები, პრიქველები და spin-offs-ები. ბევრისთვის არცერთი ფრენჩაიზი არ იყო „ვარსკვლავურ ომებზე“ ნოსტალგიური, რამაც 2012 წელს დისნეის მიერ Lucasfilm-ის 4,05 მილიარდ დოლარად შეძენა განაპირობა. 

აბრამსმა „სტარ ტრეკის“ ხომალდიდან დისნეის „ვარსკვლავური ომების“ პირველ ნაწილში – “The Force Awakens” გადაინაცვლა. ფილმი კრიტიკული ჰიტი და დიდი კომერციული წარმატება იყო. რაც შეეხება სიქველებს – “The Last Jedi” და “Rise of Skywalker“, საზოგადოების და კრიტიკოსების აზრი გაიყო, ზოგის მოწონება დაიმსახურა, ზოგი კი ამბობდა: „დააბრუნეთ პრიქველები!“ მიუხედავად ამისა, ფრენჩაიზის მოყვარულები ერთ რამეზე თანმხმდებიან: „მანდალორიანი“ (The Mandalorian) ნამდვილად ღირს Disney+-ის გამოწერად. 

Disney+ ერთ-ერთი იმ პლატფორმათაგანია, რომელიც streaming ომშია ჩართული. გასართობი ინდუსტრია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც Netflix-მა რევოლუცია მოახდინა streaming ბიზნესში 2007 წელს. ონლაინპლატფორმამ განაგრძო მრავალი ორიგინალური პროგრამის წარმოება, მათ შორის “Stranger Things”-ის, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის და 80-იანი წლების რემინისცენციაა. სერიალმა თითქოს ყველაფერი ერთ წრეში გააერთიანა. ის, რაც ოდესღაც geek-ურად მიიჩნეოდა, დღეს ნორმაა. 

როდესაც სამეცნიერო ფანტასტიკაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კრისტოფერ ნოლანს. შესაძლოა „ვარსკვლავურმა ომებმა“ sci-fi ფართო მასშტაბებზე გაიყვანა, მაგრამ „დასაწყისმა“ (Inception) და „ინტერსტელარმა“ (Interstellar) – კომპლექსური სცენარით, კონცეფციით, ვიზუალური ეფექტებითა და სამსახიობო გუნდით არა მხოლოდ ჟანრული, არამედ კინემატოგრაფიული თვალსაზრისით გაცილებით მაღალ საფეხურზე აიყვანა, რომელმაც ნოლანი 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რეჟისორად აქცია. 

სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის 2021 წელი ტრიუმფალური გამოდგა, რადგან, როგორც იქნა, ფრენკ ჰერბერტის საკულტო რომანების სერიის, „დიუნის“ (Dune) ეკრანიზაცია ვიხილეთ. ეს წიგნი sci-fi-ს ერთგვარ ბიბლიად არის მიჩნეული, რომელმაც ავტორს პრესტიჟული „ნებულას“ და „ჰიუგოს“ ჯილდოები მოუტანა. 1984 წლის დეივიდ ლინჩის ვერსიისგან განსხვავებით, დენის ვილნევის ინტერპრეტაციამ წიგნის თაყვანისმცემლების იმედი გაამართლა. ფილმის კრიტიკული და კომერციული წარმატების შედეგად ჰერბერტის დაუვიწყარ სამყაროს „დიუნის“ მეორე ნაწილში კიდევ ერთხელ ვიხილავთ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.