fbpx

სორენტინო, მარადონა და “ღმერთის ხელი”


გააზიარე სტატია

ავტორი: ანაკო ტურაშვილი

 

მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო და როგორც ჩანს, არც ისე ცუდად”. – დიეგო არმანდო მარადონა – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.

წინადადება – “ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი”, მარადონას სახელს და გვარს პაოლო სორენტინომ თავად დაურთო, თუმცა რადგან მას აბსოლუტურად ვეთანხმები ამაში, ზუსტად ისევე გადმოვიტანე მარადონას სიტყვებიც და სორენტინოს კომენტარიც, როგორც თავად რეჟისორმა გამოიყენა მისი ახალი ფილმის – “ღმერთის ხელის” შესავალ სიტყვად. ფილმის სახელწოდება არ გამკვირვებია, სორენტინოს ფილმები თუ გინახავთ, აუცილებლად შეამჩნევდით, როგორ არანორმალურად უყვარს მას მარადონა. თითქმის ყველა ფილმში,  რომელიმე პერსონაჟი ერთხელ მაინც ახსენებს მარადონას, მას თუ არა, ნაპოლის ან ფეხბურთს მაინც. ამიტომ არ გამკვირვებია “ღმერთის ხელის” ხსენება, თუმცა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ ფილმით, სორენტინო ყველა იმ კითხვაზე გაგვცემდა პასუხს, რომელიც მისი ფილმების შესახებ შეიძლებოდა გაგვჩენოდა. 

მაგალითად, რატომ არის მის ფილმებში ყოველთვის აქტუალური  ეკლესია – რომის პაპი, მონაზვნები, მღვდლები, ბერები, ინტრიგები, ობლები, ვატიკანი, ძალაუფლება, სიმდიდრე და სიღარიბე, რწმენა და ცრურწმენა, ნამდვილი მორწმუნეები და ფარისევლები. გაიხსენეთ, როგორ უყვარს რეჟისორს ირონიით მოგვიყვეს ფარისეველი ეპისკოპოსების და მორწმუნე მეძავების ამბები. ის თუ შეგიმჩნევიათ, როგორი დიდებულია მისი ყველა პერსონაჟი ქალი? ისინი არიან ძალიან ლამაზები, ნაკლებად ლამაზები და კიდევ უფრო ნაკლებად ლამაზები, გამორჩეულები და პირიქით, არაფრით გამორჩეულები. როგორ უყვარს შიშველი სხეულები და სევდით სავსე თვალები, როგორი განსაკუთრებულები არიან მისი ქალები, უცნაური აზრებით და გადაწყვეტილებებით, თითქოს სორენტინოს ქალების სხვანაირი აღქმა აქვს, რაღაც უფრო მეტს ხედავს, ვიდრე ყველა სხვა და სწორედ ამიტომ მგონია, რომ არავის შეუძლია ქალების ისე გადაღება, როგორც პაოლო სორენტინოს. 

გახსოვთ ალბათ, რამდენად ხშირად ვხვდებით ფეხბურთის და ნაპოლის თემას, მაგრამ  განსაკუთრებული გრძნობა და ემოცია მას ცალსახად მარადონასთან აკავშირებს. მე კი ზუსტად ის ადამიანი ვარ, ვისაც დიეგო არმანდო წარმოუდგენელი სიყვარულით უყვარს, რადგან მისი სიყვარული მამაჩემისგან გენეტიკურად მერგო, არც კი ამირჩევია და ვერც ვერასდროს გადავიყვარებ, მისი ვიდეოების ნახვისას ყოველთვის ამეტირება და ისეთი სიამაყის გრძნობა დამეუფლება, თითქოს ბიძაჩემი იყოს, რომელმაც სამშობლოსთვის თავი გასწირა. ამიტომ ამ უკანასკნელთან სორენტინოს კავშირი განსაკუთრებით საინტერესო და ამოუცნობი იყო ჩემთვის.

სორენტინოს ფილმებთან კავშირს ყველაზე მეტად მთავარი გმირების გამო ვგრძნობ. მათი მარტოსულობა პირდაპირ იღვრება ეკრანიდან და შენს მარტოსულობას უერთდება და მერე ერთად ხართ მარტოსულები  შენ, ჯეპ გამბარდელა, შაიანი, პაიუს მერვე და სხვები. საიდან მოდის ის წარმოუდგენელი, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან კავშირის არმქონე, უცნაური, ზოგჯერ სევდიანი, ხშირად მხიარული, განმაცვიფრებელი და დასამახსოვრებელი ამბები, რომელსაც ულამაზესი კადრებით და მუსიკით გადმოგვცემს ხოლმე სორენტინო?

ამ შეკითხვებზე პასუხები “ღმერთის ხელმა” გაგვცა:  რა თქმა უნდა – ბავშვობა, რა თქმა უნდა – ტკივილი, რა თქმა უნდა – ამბავი, რომელიც თუ გაქვს, უნდა მოჰყვე. ამბავი კი ყველას აქვს. თუმცა ზოგიერთი ადამიანის ამბავი უფრო დიდია და შემდეგ სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ხოლმე რაღაც გენიალურს. რას არ ვისწავლით, სად არ ვივლით, რას არ ვნახავთ და საბოლოოდ მაინც ის ვართ, რაც ბავშვობაში ვისწავლეთ, ვნახეთ, შევიგრძენით და დავიმახსოვრეთ. “ღმერთის ხელი” მისი ისტორიაა, მისი ამბავია, რომელიც იმ მოგონებებზე დაყრდნობით შექმნა, რომელიც აქვს. მან გვაჩვენა, რატომ არის ის, ვინც არის და მისი ფილმები რატომ არის ისეთი, როგორიც არის. სორენტინო თავად ამბობს, რომ ყველაზე მეტად ამ ფილმზე მუშაობა გაუჭირდა და დარწმუნებული ვარ, ასეც არის. 

ჩვენი მოგონებები დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, ვიზრდებით და მოგონებების მხოლოდ მცირე ნაგლეჯებიღა გვრჩება. მაგრამ კარგად გვამახსოვრდება ის ადამიანები, ემოციები, ადგილები, აღმოჩენები, რომლებმაც გაუცნობიერებლად უდიდესი გავლენა მოახდინეს ჩვენზე. ხომ გაქვთ ის არაფრისმომცემი მოგონებები, რომლებიც რატომღაც ჩვენმა გონებამ დღემდე შემოინახა, მაგალითად, ასე 3-4 წლის ვარ და აბაზანაში ვდგავარ, დედა კი თმას მვარცხნის, სანთლის შუქით განათებულ ოთახში ბებიაჩემს საბჭოთა კავშირის დროინდელი ასაწყობი შემოაქვს და მე, ბებია და ბაბუა ვაწყობთ, მამასთან ერთად ვზივარ და შოკოლადის ბურთულას ვჭამ კაფეში და კიდევ ბევრი მსგავსი ცხოვრებისეული სცენა ჩვენი ცხოვრებიდან. ასევე  გვაქვს ისეთი მოგონებებიც, რომლებმაც იცი, რატომაც შეგცვალეს, მაგალითად, როდესაც პირველად მოვიდა სიკვდილი შენთან ახლოს და შენთვის ძვირფასი ადამიანი დაკარგე. 

სორენტინოსთვისაც სიკვდილი აღმოჩნდა მისი ცხოვრების ყველაზე მთავარი ცვლილებების დასაწყისი, ცხოვრების მთავარი ისტორიის, აღმოჩენების და ტკივილის დასაწყისი, რომელიც მერე იქცა კიდეც მის მთავარ ამბად, რამაც ის ადამიანად და რეჟისორად ჩამოაყალიბა. სწორედ ამიტომ გაუჭირდა მას გადაეღო “ღმერთის ხელი”, რთულია გაიხსენო საკუთარი ტკივილი და სიხარული ისე, რომ შემდეგ გადაიღო ფილმი და თანაც მთელ სამყაროს გაუზიარო. სორენტინომ შეძლო და მისი წარსული ზუსტად ისე გვაყურებინა, როგორც მას ახსოვს, როგორც ის გრძნობს. ეს არის ფილმი, რომელიც თინეიჯერი ბიჭის თვალთახედვას გადმოსცემს და ჩვენც, მის ოჯახს, მეზობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, ფეხბურთს, იტალიას, მომავალს, ტკივილს, იუმორს, სიხარულს, სექსს, ქალებს და სიყვარულს… ისე ვუყურებთ, როგორც ის თინეიჯერი ბიჭი – ფაბიანო.

ფილმში გაურკვეველია – რა გამოგონილია და რა რეალურად მოხდა, მაგრამ ჩვენც ხომ ზუსტად ასე გვახსოვს ჩვენი წარსული, დიდი ხანია გვერევა – რა თავად მოვიგონეთ და რა მართლა მოხდა. ვუყურებთ და ჩვენც გვახსენდება მისი მსგავსი მოგონებები, უცნაური ახლობლები და ნათესავები, მეზობლები, სადღესასწაულო შეკრებები, საერთო ვახშმები, ტელევიზორში ერთად ნანახი დასამახსოვრებელი მატჩები ან ფილმები, გაჭირვებისას სხვებისთვის გაზიარებული სადილები, ძლივს ნაშოვნი და შემდეგ ოთახში გამოკრული პოსტერები, დიდი და მოუხერხებელი ვოქმენები და სიდი პლეიერები, რომელსაც მუდამ თან დავატარებდით. ხომ გახსოვთ, როგორ შეგიყვარდათ პირველად,  როდის ნახეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ქალი… სორენტინოსაც კარგად ახსოვს პირველი სიყვარულიც, პირველი მკერდიც, პირველი ქალიც და პირველი სექსიც (ეს უკანასკნელი საკმაოდ უცნაურ ვითარებაში მოუწია და დარწმუნებული ვარ, ცოტას მაგიტომ აფრენს).

განსაკუთრებით კარგად ახსოვს დეიდა პატრიცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და ლამაზი მოგონებაა მისი მეხსიერებიდან, ულამაზესი ქალი, იდეალური მკერდით და შერყეული ფსიქიკით, რომელიც იქცა კიდეც მის მუზად და ალბათ ყველა ქალი, რომელსაც სორენტინო დღემდე იღებს, რაღაცით ჰგავს დეიდა პატრიციას. ახსოვს დედის და მამის იდეალური ურთიერთობა, ბედნიერებით და სიყვარულით სავსე წუთები, რომელიც ბევრი აქვს ბავშვობიდან და ვფიქრობ, სიყვარულის სიყვარული და საოცარი იუმორი სწორედ მშობლებისგან ერგო. ისეთი მოგონებებიც ხომ გაქვთ, როგორ იგრძენით იმედგაცრუება პირველად, როგორ გააცნობიერეთ, რომ ყველაფერი ისე იდეალურად არაა, როგორც მანამდე გეგონათ, რომ არ არსებობენ უდარდელი დიდები, რომ არსებობს ბევრი რამ, რაც ჯერ არ იცი და არც ის იცი, რამდენად მტკივნეულია გაზრდა, სწორედ იმიტომ, რომ შენს უდარდელ ცხოვრებაში გაზრდასთან ერთად იმატებს იმედგაცრუებული მოგონებების რიცხვი.  შენს მხიარულ, ბედნიერ სამყაროს ძალიან ნელა და ძალიან სასტიკად დაბზარავს ტკივილი და ამის გაკეთებას არც არასოდეს შეწყვეტს, უბრალოდ მერე ეჩვევი, მკაფიოდ კი ის პირველი მოგონება დაგამახსოვრდება, როცა პირველად დაგაზიანა ტყუილმა, როცა იგრძენი იმედგაცრუება ან გაიგე დედის ყვირილი, ან მეგობრის ტირილი, ან მშობლების ჩხუბის ხმა, ან კარის დაბრახუნება და აქ იწყება ბავშვობის დასასრულის დასაწყისი.

ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ყველა ამ ამბავს მთელი ფილმის განმავლობაში თან სდევს მოგონებები დიეგო არმანდო მარადონაზე. როგორც ჩანს, ნაპოლიში მარადონას გადმოსვლას უკლებლივ ყველა ნეაპოლელი დიდი ხნის განმავლობაში მოუთმენლად ელოდა და არავისთვის არაფერი ამაზე მნიშვნელოვანი იმ პერიოდში არ არსებობდა (მგონი, არც მერე). მოლოდინი იმისა, რომ სამყაროს უდიდესი ფეხბურთელი მათ კლუბში ითამაშებდა, სასწაულის საკუთარი თვალით ხილვის მოლოდინს ჰგავდა. ფილმში ყველა სიტუაციაში, ჭირსა და ლხინში, მარადონას თემა მუდამ აქტუალურია. ის სიხარული, რომ მარადონა ნაპოლიში გადმოდის, ყველა დანარჩენ მოვლენას ფარავს. 

არის ასეთი დიალოგი, როდესაც ფაბიანო და მისი ძმა საწოლებში წვანან, ფაბიანოს ძმა  ეკითხება:

– რომ შეგეძლოს არჩევა მარადონას ნაპოლიში გადმოსვლასა და დეიდა პატრიციასთან სექსს შორის, რომელს აირჩევ?

და ფაბიანო უპასუხებს:

– მარადონას.

და ამ დროს ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ ისევ ბავშვი ხარ, შენი ყველა ოცნების ახდენას იმედიანად ელოდები და გინდა ფაბიანო გულში ჩაიკრა და ერთად გიყვარდეთ მარადონა. 

ყველა ის დიალოგი, როცა ვიღაცამ ვიღაცას უთხრა, რომ უეჭველი იცის, რომ მარადონა გადმოდის, ან პირიქით, როცა ვიღაცამ ვიღაცას უთხრა, რომ უეჭველი იცის, რომ არ გადმოდის… ჩვენც ხომ ასეთი დიალოგებით გავიზარდეთ, რომ სრული პასუხისმგებლობით უნდა აგვერჩია, ავიღებდით მილიონს თუ შევჭამდით ჭიაყელებით სავსე ქილას, ან კონკრეტულად რამდენი მილიონი იყო საჭირო, რომ მეშვიდე სართულიდან გადმოვმხტარიყავით, დინამოს მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვერჩივნა თუ ანჯელინა ჯოლისთან სექსი და რომ ვიღაცის ბიძაშვილის მამიდაშვილმა ნამდვილად გაიგო, რომ სპორტის სასახლეში ემინემი ჩამოდის. ფაბიანოს მოგონებებმა ძალიან ნათლად გამახსენა ყველა ეს სულელური მოგონება, რომელიც საბოლოო ჯამში, მთელ ჩემს არაჩვეულებრივ ბავშვობას ქმნის.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მოგონებები არ არის ის ერთადერთი რამ, რაც სორენტინოს მარადონასთან აკავშირებს. იმ ბედნიერ წელს, როდესაც მარადონა ნაპოლიში გადმოვიდა და მთელი ნეაპოლისათვის ყოველი მატჩი დღესასწაული იყო, იყო ერთი დღე, როდესაც მატჩზე დასწრების გამო პაოლო სორენტინო მშობლებს სათხილამურო კურორტზე არ გაჰყვა და მარადონას მოედანზე სანახავად დარჩა. სწორედ იმ ღამეს დაკარგა სორენტინომ მშობლები და რომ არა მარადონა, ისიც მშობლებთან ერთად დაიღუპებოდა. ასე რომ, სორენტინო არის კაცი, რომელიც დიეგო არმანდო მარადონამ გადაარჩინა. ამიტომაც რეჟისორი დარწმუნებულია, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენაში “ღმერთის ხელი” ურევია. ღმერთის, როგორც დიეგო არმანდო მარადონასი.

ფილმი მთავრდება იმით, რითაც იწყება – პატარა ბერით. პატარა ბერი, რომელსაც ნეაპოლური ლეგენდის თანახმად, ან შენი დალოცვა და გაბედნიერება შეუძლია, ან შენი დაწყევლა. ეს პატარა ბერია პირველი და ბოლო მოგონება, რომელსაც სორენტინო თავისი ცხოვრებიდან გვიზიარებს. ბოლო სცენაში მატარებლით მომავლისკენ მიმავალი ფაბიანო ხელს უქნევს პატარა ბერს და სწორედ აქ მთავრდება მისი ბავშვობის მოგონებები, შთაბეჭდილებები, ისტორიები, აღმოჩენები, შეხედულებები, ტკივილი და სიხარული და იწყება ახალი ცხოვრება, რომელსაც საბოლოოდ სწორედ ის ყველაფერი განსაზღვრავს, რაც მშობლიურ ქალაქში დატოვა და ახლა ჩვენც გაგვიზიარა.

ერთ-ერთ ფინალურ სცენაში ფაბიანო ელაპარაკება რეჟისორ ანტონიო კაპუანოს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში მართლაც იყო სორენტინოს მენტორი. კაპუანო  ეუბნება, რომ თუ მას აქვს მოსაყოლი ამბავი, ის აუცილებლად უნდა მოჰყვეს და ეს დიალოგი ხდება კიდეც მთავარი მოტივატორი ფაბიანოსთვის, რომ გაბედოს და გახდეს კინორეჟისორი. 

შეგვიძლია დავუჯეროთ პაოლოს და ვირწმუნოთ, რომ ყველას გვაქვს ჩვენი მოსაყოლი ამბავი და ყველას გვყავს ისეთი ახლობელი ან უცხო ადამიანი, რომელმაც ჩვენ ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა, მაგრამ რა მაგარია, როცა შენთვის ასეთი ადამიანი – არც მეტი, არც ნაკლები – დიეგო არმანდო მარადონაა – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.  ამ შემთხვევაში უბრალოდ ვალდებული ხარ გადაიღო ასეთი არაჩვეულებრივი ფილმი და “ღმერთის ხელი” დაარქვა.

და ბოლოს, როგორც მანუ ჩაუ იტყოდა – Si yo fuera Maradona, viviría como él.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.