fbpx

ოთარ ყარალაშვილის „ჯადოსნური ბაღი“


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე

 

ოთარ ყარალაშვილის გამოფენა – „ჯადოსნური ბაღი“ მრავალი ასპექტითაა ჯადოსნური – პირველ რიგში კი წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით: ის ერთდროულად და პარალელურად სხვადასხვა სივრცესა და ფორმატში არსებობს, თან ერთია და ამავე დროს ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროექტია, რომელსაც მომავალშიც შეუძლია ტრანსფორმაცია განიცადოს და კიდევ სხვა ახალ  პროექტად იქცეს.   საუბარია წიგნის და შესაბამისად, ილუსტრაციის ფორმატიდან საგამოფენო სივრცეში გადანაცვლებაზე, სადაც ილუსტრაციები უკვე გრაფიკულ პრინტებად, ვიდეო- და საუნდინსტალაციებად,  ობიექტებად იქცნენ. 

ერთი სიტყვით, რომ არ დაგაბნიოთ,  გამოფენას საფუძვლად დაედო ფილოსოფოს გიგი თევზაძის წიგნისთვის – „კრიტიკული აზროვნებისა და ამავე დროს ფილოსოფიის, როგორც კრიტიკული აზროვნების გამოცდილების გზამკვლევისთვის” ოთარ ყარალაშვილის მიერ სპეციალურად შექმნილი 90 შავ-თეთრი ილუსტრაცია, რომელიც 2020 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა და რომელმაც ახლახან – დეკემბრის ბოლოდან იანვრის ბოლომდე წიგნის ფურცლებიდან განსხვავებული ფორმატით საგამოფენო სივრცეში (საქართველოს ეროვნულ მუზეუმში / თბილისის ისტორიის მუზეუმში) გადაინაცვლა. (გამოფენა პრინტის საერთაშორისო ფესტივალის, Life N Style 2021-ის ფარგლებში გაიხსნა „წიგნის ხელოვნების ცენტრთან“ თანამშრომლობით და თბილისის მერიის მხარდაჭერით.  კურატორი – ნანა ყირმელაშვილი.)

„ყველა მეგზურს სჭირდება გზის ნიშნები და მოვიფიქრე, რომ გაგვეკეთებინა ილუსტრაციები. მაგრამ ის, რაც ოთარმა დახატა, უფრო  მეტია, ვიდრე ილუსტრაციები. ის ერთი ერთზე კი არ იმეორებს იმას,  რაც წიგნში წერია, არამედ რაღაც სხვაზე ლაპარაკობს – ისევ ფილოსოფიური შინაარსის იდეებზე, ისევ ფილოსოფიაზე, მაგრამ კონკრეტულად ეს წიგნში არ წერია. ეს წიგნი ფაზლივით არის შედგენილი”, – ამბობს წიგნის ავტორი გიგი თევზაძე ოთარ ყარალაშვილთან ვიდეოდიალოგში.

ოთარ ყარალაშვილი 2014-2017 წწ-ში ფესტივალ „წიგნის დღეების“ ორგანიზატორი და და „წიგნის ხელოვნების ცენტრის“ დამაარსებელია და გამოფენაც ილუსტრაციის – როგორც მასალაზე ექსპერიმენტად და მის რე-პრეზენტაციად შეიძლება განვიხილოთ.

კონცეფციაში ვკითხულობთ:

 „გამოფენა ილუსტრაციის, როგორც ჟანრის ახლებური გაგების მცდელობაა, სადაც ილუსტრაცია ერწყმის ფილოსოფიას, ფილოსოფია – მუსიკას, მუსიკა – პროგრამირებას, პროგრამირება – პოეზიას, პოეზია – არქიტექტურას, არქიტექტურა – ქანდაკებას. ვიზუალური ხელოვნების ეს მიმართულება დღეს აღარ არის მიბმული მხოლოდ ბეჭდურ წიგნზე, როგორც მედიუმზე. ის შეიძლება იყენებდეს ყველა არსებულ ნიშანთა სისტემასა და გამომსახველობით საშუალებას…“

და მართლაც – ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული წიგნისთვის არისტოტელეს, ფროიდისა თუ მიშელ ფუკოს ნააზრევის პირდაპირი თუ ირიბი ილუსტრაცია. შესაძლოა არც კი გცოდნოდათ წიგნისა და ფილოსოფიური ბექგრაუნდის შესახებ და მათგან დამოუკიდებლად აღმოჩენილიყავით ამ კონცეპტუალურ გამოფენაზე, რომლის ესთეტიკაც თითქოს ლუის კეროლის თეთრ კურდღელს მიჰყვება ლაბირინთებში ათასჯერ ნანახი რენესანსის ოსტატების შედევრებისა თუ ათასგვარი ნაცნობი იმიჯის თანხლებით ხელოვნების თუ ზოგადად კაცობრიობის ისტორიიდან. 

„ნამუშევრებს განმარტებები არ მივაწერე – ჯადოს დაკარგავს”,  – ამბობს ავტორი, მაგრამ მაინც ვიწყებთ მათ გარშემო საუბარს:  

„წიგნზე მუშაობის დროს ილუსტრაციებისთვის გამოვიყენე ალეგორიის ენა და ფორმა.  ალეგორიებზე ფიქრის დროს კი, როცა კონკრეტულ ფიზიკურ მასალაზე დავიწყე ფიქრი, უამრავი იმიჯი თუ ფრაგმენტი ამოტივტივდა, რაც ჩემში იყო დალექილი, რაც ოდესმე მინახავს თუ მომისმენია. ზოგადად, ჩვენ ცხოვრების მანძილზე აღვიქვამთ ფრაგმენტებს – სხვადასხვა ადამიანების სხვადასხვა დროს შექმნილ ტექსტებს, ვიღაცების ნააზრევს, ნახატებს, ტექნიკურ ნახაზებს, ნივთებს – ადამიანის შემოქმედებითი მუშაობის შედეგებს. ეს არის ბევრი ადამიანის ნააზრევის ნაკვალევი და ფრაგმენტები, რომლებიც ჩვენამდე აღწევს. სწორედ ამიტომ გაქვთ შეგრძნება, რომ ეს იმიჯები, რასაც გამოფენაზე ხედავთ, უკვე ნანახი გაქვთ:

აქ არის იაპონური თეატრალური ნიღბები, პიერო დელა ფრანჩესკა თუ მე-19 ს-ის ორთქლის ძრავის ნახაზი, თევზის გამოსახულება საბუნებისმეტყველო კატალოგიდან თუ ფერარას მარკიზი ლეონელო დ’ესტე და ან კიდევ იმიჯი ამერიკული ტანვარჯიშის წიგნიდან . ეს ყველაფერი დალექილია სადღაც ჩვენს მეხსიერებაში, რომლებიც სრულიად სხვადასხვა წყაროებიდან მოხვდა იქ. ეს ყველაფერი ერთმანეთთან ყოველგვარი ლოგიკური კავშირის გარეშე ერთმანეთშია შერწყმული და განცდაა რომ ბევრჯერ გინახავს. – ამბობს ოთარ ყარალაშვილი.

გამოფენაზე წარმოდგენილ ვიზუალურ კონტენტს კიდევ უფრო აძლიერებს ავტორის მიერ შექმნილი საუნდი:

„საუნდი შევქმენი ძველი ისლანდიური, ძველი ბერძნული, სპარსული, დანტეს და ჰომეროსის პოეზიების მიქსით. ეს ენები არ ვიცი, უშუალოდ ხმას აღვიქვავ, რომელიც საუნდივით აღწევს ჩემამდე. პოეზიის მიქსს, როგორც მე-2 ხმა დავამატე ვეშაპების საუბარი. ვეშაპები 20 ჰერცის სიხშირეზე გამოსცემენ ბგერებს და ასეთი სიგნალებით აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. არსებობს ერთადერთი ვეშაპი – მას „52 ჰერცსს“ ან „მარტოსულ ვეშაპს“ ეძახიან. დანარჩენ ვეშაპებს მისი არ ესმით. ის ყოველთვის მარტო დაცურავს, მაგრამ სიგნალებს ყოველთვის უშვებს სხვებთან კონტაქტის დასამყარებლად. ჩემთვის ეს ყველაფერი გულოსამაჩუყებელია.

ის შუა საუკუნეებიდან სიგნალებივით მოღწეული იმიჯები და ასევე  ბგერები მოდის რეზონანსში ერთმანეთთან და რაღაც მომენტში, ბედნიერი დამთხვევის შედეგად, გაელვებასავით დაინახავ ან ექოსავით გაიგონებ მოუხელთებელ სურათს და ეს მომაჯადოებელია”, – მიხსნის ავტორი. 

 „ჯადოსნური ბაღი“ ამ საგამოფენო სეზონის სერიოზული განაცხადია. კონცეპტუალურად პროექტი ინტელექტუალური გამოცდილების ვიზუალიზაციას წარმოადგენს, რომელიც ოთარ ყარალაშვილმა ილუსტრაციის ჟანრის რეპრეზენტაცით, ტექნიკურად რაფინირებული და სკრუპულოზური ნამუშევრებით, ზუსტი  განათებითა და ხმის ერთობლიობით ჯადოსნურ სამყაროდ აქცია და რომელსაც თავისუფლად შეუძლია ახალი ინტერპრეტაციით, ახალ საგამოფენო სივრცეში ექსპერიმენტული არსებობა გააგრძელოს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.